მაჟალო (Malus orientalis Uglitz) ვარდისებრთა ოჯახში შედის. 10-12 მ-მდე სიმაღლის დეკორატიული ხეა გაშლილი ვარჯით.
ყლორტები არც თუ იშვიათად ეკლებიანია. ტოტები გლუვი ნაცრისფერქერქიანია, ერთწლიან ყლორტებზე კი კანი მოყავისფროა. ქერქი ღეროზე მუქი ნაცრისფერია.
საკმაოდ ღრმად დახეთქილი, უფრო ხშირად ღეროს ქვედა ნაწილში, 5-6 სმ სიგრძისა და 2-3 სმ სიგანის ელიფსური, ან მომრგვალო, წვერში წამახული და კიდეხერხკბილა, ახალგაზრდობაში ძლიერ შებუსვილი (განსაკუთრებით ქვემოდან), ხანდაზმულობაში შიშველი, ზემოდან პრიალა ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული.
ყვავილები დამოკლებულ ტოტებზე ფარისებრ ჯგუფებადაა შეკრებილი თეთრი ან მოვარდისფრო გვირგვინის ფურცლებით.
ცრუ ნაყოფი 3-5 სმ სიმსხოსია, მრგვალი ან კვერცხისებრი, მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ყვავილობს მაისს-ივნისში.
მრავლდება თესლით, ძირკვი იძლევა ამონაყარს. უფრო ხშირად მთის შუა და ქვედა სარტყლებშია გავრცელებული. ზღვის დონიდან 1500 მ სიმაღლეზე. გვხვდება როგორც ტყისპირებსა და ღია ადგილებში, ასევე წიფლისა და სხვა ფორმაციის კორომებში შენარევის სახის.
მართალია გარკვეულწილად სიგრილეს იტანს, მაგრამ ნორმალურად ტენით უზრუნველყოფილ კარგად დრენირებულ ნოყიერ ნიადაგებზე იზრდება. სინათლის მომთხოვნი მცენარეა.
ნაყოფი 16 პროცენტ შაქრებს (ფრუქტოზას, გლუკოზას და საქაროზას), 2,4 პროცენტამდე ვაშლის, ლიმონის და სხვა მჟავებს, 3 პროცენტზე მეტ პექტინებს C, B1, D2 ვიტამინებს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას და სხვა მარილებს შეიცავს. მაჟალოს ნაყოფი დიდი რაოდენობით მიდის ღვინის დასამზადებლად, მისგანვე კეთდება ნაირგვარი წვენები, სიროფი, ესენცია, ბურახი, მურაბა და ხილფაფა.
საუცხოო მასალაა მარმელადის, ტყლაპის და სხვა ტკბილეულისათვის. მაჟალოსგან კეთდება კისელი და კომპოტი.
სამკურნალოდ მაჟალოს ნაყოფი გამოიყენება. ამ მიზნით საერთოდ უპირატესობას ვაშლის კულტურულ ჯიშებს ანიჭებენ.
ნედლ მაჟალოს გააჩნია ორგანიზმის მომმაგრებელი თვისება და ამის გამო დიეტურ საშუალებად ითვლება, ფართოდ გამოიყენება ავიტამინოზისა და კუჭაშლილობის დროს, ნაყენი კი – სისხლნაკლოვანების დროს.
მაჟალოსაგან დამზადებული პრეპარატები მეცნიერულ მედიცინაში გამოიყენება სისხლმბადი ორგანოების მუშაობის გასაუმჯობესებლად (ანემიები) და იგი შედის მცირე ხასიათის გარეგანი სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებათა შემადგენლობაში.
თაფლოვანი მცენარეა. მისი ფოთლები და ნაყოფი გამოიყენება ცხოველების საკვებად.
მაჟალო ველურად გავრცელებულია მთელ საქართველოში.
ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე.
*სამკურნალოდ მცენარეები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.