იტალიაში, თხილის ამ სეზონზე მოსავლის აღება ისეთ რეგიონებში, როგორიცაა პიემონტი, ლაციო და სიცილია, ჩვეულებრივზე ადრე – ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდა, იტყობინება AgroExpert.
თხილის მოსავალმა იტალიაში დაახლოებით 70 000 ტონა შეადგინა, რაც ჩვეულებრივი რაოდენობის თითქმის ნახევარია – ეს ბოლო ათწლეულის ყველაზე ცუდი შედეგია.
წელს ჩილე პირველად გადაასწრებს იტალიას თხილის წარმოებით და 100 000 ტონით მსოფლიოში მეორე ადგილს დაიკავებს, თურქეთის შემდეგ.
ბაზრის ლიდერი ასევე ვერ მიაღწევს საშუალო მოსავლის დონეს. თურქეთის ექსპერტები 2025/26 წლების სეზონზე, წარმოების 22%-იან შემცირებას ვარაუდობენ, მოსავალი კი 609 000 ტონას შეადგენს. აპრილში, ყინვებმა შავი ზღვის რეგიონში და მავნებლების მიერ გამოწვეულმა ზიანმა, წარმოების მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია.
ესპანეთში მოსავალი ასევე ჩამორჩება ისტორიულ წარმოების პოტენციალს. 2024 წელს ესპანელმა ფერმერებმა მხოლოდ 2 000 ტონა მოკრეს. მსგავსი მოსავალი 2025 წელსაც არის მოსალოდნელი. თუმცა, წარმოების პოტენციალი 8000-დან 10000 ტონამდეა.
მხოლოდ საფრანგეთში მოიკრიფა 2024 წელთან შედარებით მეტი თხილი – დაახლოებით 12 000 ტონა.
ევროპაში თხილის მოსავლიანობის მკვეთრი შემცირების კონკრეტული ფაქტორებია: კლიმატის ცვლილება (ზომიერი ზამთარი, გაზაფხულზე ძლიერი წვიმები, რასაც მოჰყვება გვალვა) და მავნებლები, როგორიცაა თხილის მწერი (Phylus coryli).
ასევე, ფართოდ გავრცელდა თხილის დამწიფებამდე ნაყოფი ცვენის ფენომენი, რომლის მიზეზები ბოლომდე შესწავლილი არ არის. ესენია არასაკმარისი დამტვერვა, გენეტიკური ანომალიები, თესლის ზრდის დროს ტენიანობის და/ან საკვები ნივთიერებების ნაკლებობა, არახელსაყრელი ამინდის პირობები და პათოგენების (მწერების მავნებლები, სოკოები და ა.შ.) გავლენა.
ამ პირობებში, თხილის მოყვანაზე სპეციალიზირებული სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციები უკიდურესად დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ხარჯები, ცუდი სეზონის რისკი და ხარისხის დაკარგვა – ეს ყველაფერი პრობლემად იქცა მწარმოებლებისა და ფერმერებისთვის.
შესაბამისად, გადამამუშავებლები ახლა განგაშს ტეხენ და აცხადებენ, რომ უხარისხო მოსავალმა შეიძლება თხილის პროდუქციის ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს. ინდუსტრია, საშობაოდ ევროპელების საყვარელი ნუგბარის, თხილისა და კაკაოს კრემების ღირებულების მნიშვნელოვან ზრდას პროგნოზირებს.

