ტენი და მცენარე

ტენი, მცენარე, ჯგუფები

წყალი უმნიშვნელოვანესი ნივთიერებაა ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის, იგი შედის ყოველი ცოცხალი უჯრედის შემცველობაში და აუცილებელია სასიცოცხლო პროცესების წარმართვისათვის. ტენის საკმარისი რაოდენობა დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის ერთი უმთავრესი პირობათაგანია.

წყლის მოთხოვნილების მიხედვით ორგანიზმები იყოფიან რამდენიმე ჯგუფად:

1) ჰიდატოფიტები – წყალმცენარეები და წყლის მცენარეები – მთლიანად ან თითქმის მთლიანად წყალში მცხოვრები სახეობები (ელოდეა, წყლის ვაზი, ვალისხერია და სხვ.). მათი წყლიდან ამოღების შემთხვევაში ისინი შრებიან და იღუპებიან. ამ მცენარეებს რედუცირებული აქვთ ბაგეები და არ გააჩნიათ კუტიკულა, ფესვები ან სულ არა აქვთ, ან ძლიერაა რედუცირებული.

2) ჰიდროფიტები – წყალხმელეთის მცენარეები, რომლებიც ნაწილობრივ წყალში არიან, იზრდებიან წყალსატევების ნაპირებზე, ჭაობებში. ისინი გავრცელებული არიან სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. მათი გამტარი და მექანიკური ქსოვილები უკეთ არის განვითარებული, ვიდრე ჰიდატოფიტების (ჰიდროფიტებს მიეკუთვნება ლელი, წყლის მრავალძარღვა, წყლის სამყურა, წყალმცენარეები; რქაფოთოლა, წყლის ვაზი და სხვ.)

3) ჰიგროფიტები – ხმელეთის მცენარეები, რომლებიც მაღალი ტენიანობის პირობებში ცხოვრობენ, ხშირად ტენიან ნიადაგებზე. მათ შორის არიან როგორც ჩრდილის, ისე განათებული ადგილსამყოფელოების ბინადარნი. პირველთ მიეკუთვნებიან ტენიანი ტყეების ქვედა იარუსების წარმომადგენლები (უკადრისა, ნარი და სხვ.) და ვერ უძლებენ გვალვას. განათებული ადგილების ჰიგროფიტებს მიეკუთვნებიან ზომიერი სარტყლის ღია ადგილსამყოფელთა ბინადარნი, რომელნიც მუდმივ ტენიან ნიადაგებზე ჰაერის მაღალი ტენიანობის პირობებში იზრდებიან (პაპირუსი, ბრინჯი, დროზერა, ჭილი, შვიტა, პაპირუსი; ხე-მცენარეები: თხმელა, ხვალო, ლაფანი და სხვა.)

4) მეზოფიტები ის მცენარეეებია, რომელთაც შეუძლიათ გადაიტანონ ხანმოკლე ზომიერი გვალვა; ისინი იზრდებიან საშუალო ტენიანობის პირობებში, ზომიერი სითბოს რეჟიმში, მინერალური კვების კარგი უზრუნველყოფით. მათ მიეკუთვენება ტროპიკული ტყეების ზედა იარუსების მარადმწვანე ხეები, სავანების ფოთოლმცვენი ხეები, მარადმწვანე სუბტროპიკული ტყეების მერქნიანი ჯიშები, ქვეტყის ბუჩქნარი მუხნარის ბალახოვანი მცენარეები, უდაბნოს ეფემერები და ეფემეროიდები, მთის და ბარის მდელოს მცენარეები და სხვ.

წყლის ბალანსის რეგულირების უნარით ისინი უახლოვდებიან ჰიგროფიტებს, ხოლო ზოგიერთი მათგანი გვალვაგამძლე ფორმებია. (მეზოფიტებია: ტყის ჯიშებიდან: ნაძვი, სოჭი, წიფელი, რცხილა, ცაცხვი, იფანი, წაბლი, პანტა და სხვა. ხეხილიდან: მსხალი, ვაშლი. ბალახოვნებიდან – ტყის ცოცხალი საფარი: ჩიტისთვალა, გერანიუმი, სალბი, გვიმრა – ასპლენიუმ ფილიხ მას, უკადრისა, შროშანა, ია; მდელოს მცენარეები: ტიმოთელა, სათითურა, ნამიკრეფია, მელაკუდა, ბაია და სხვა. კულტურული მცენარეებიდან: პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, კიტრი, ხახვი კომბოსტო და სხვა. უმეტესი ნაწილი დეკორატიული ყვავილებისა: გეორგინები, ინდური კანა, ზიზილა, დევისპირა და სხვა.

5) ქსეროფიტები – ისეთი მცენარეებია, რომლებიც დაბალი ტენიანობის პირობებში იზრდებიან. ამიტომ მათ აქვთ სპეციალური შეგუებანი წყლის დეფიციტის გადატანისათვის, რომლებიც ხელს უწყობენ აორთქლების შემცირებას და წყლის დაგროვებას გვალვიანი პერიოდისათვის. (ქსეროფიტებია: ხე-მცენარეები: სარკმლის ხე, აკაკი, ღვიები, ელდარის ფიჭვი, კავკასიური ფიჭვი, არყი, ქართული მუხა, აღმოსავლეთის მუხა, ჯაგრცხილა, ფშატი და სხვა. ბუჩქები: თრიმლი, თუთუბო, ბროწეული, შავჯაგა, ძეძვი, კუნელი, შინდი და სხვა. ხეხილი: ჭერამი, ქლიავი, ბალი, ატამი, თუთა, ბროწეული, ლეღვი, ნუში, ვაზი და სხვა. ხორბლოვანები: ხორბალი, ქერი. ბოსტნეული: ლობიო (მინდვრის), ცერცვი, ტარხუნა. დეკორატიული მცენარეები: იასამანი, ხეტუხტი, ზამბახი და სხვა)

ქსეროფიტები ორ ჯგუფად იყოფა:

ა) სუკულენტები – ხორციანი მცენარეები, ძლიერ განვითარებული წყლის დამგროვებელი ქსოვილებით ღეროში, ფოთლებში, ფესვებში (კაქტუსები, ალოე, აგავა, კლდის დუმა, კლდის ვაშლა, ბაობაბი და სხვა).

ბ) სკლეროფიტები – მცენარეები, რომლებიც გარეგნულად ხმელია, ხშირად ვიწრო, წვრილი ფოთლებით, კარგად აქვთ განვითარებული სკლერენქიმა, ამიტომ შეუძლიათ დაკარგონ ტენის 25 % და არ დაჭკნენ. ფესვების შემწოვი ძალა რამდენიმე ათეულ ატმოსფეროს უდრის. უწყლობის პირობებში მკვეთრად ეცემა ტრანსპირაცია. (ესპანური კურდღლისცოცხა, ჯორის ძუა) არის გარდამავალი ფორმებიც.

ჰიდატოფიტებს უახლოვდება ჰელიოფიტები – სანაპიროს მცენარეები – წყალხმელეთა მცენარეები (ისარა, წყლის მრავალძარღვა, წყალმცენარეები Fucus– ის, Ascophyllum– ის და სხვა გვარებიდან)

წყალში ნაწილობრივ ჩაძირული მცენარეების წყალზედა ფოთლები ფორმით განსხვავდებიან წყალში ჩაძირული ფოთლებისაგან, ამ მოვლენას ჰეტეროფილია ეწოდება.

მარილიანობისადმი დამოკიდებულების მიხედვით არჩევენ:

→ ევრიჰალინური ფორმები -რომლებიც უძლებენ მარილიანობის მერყეობის ფართო დიაპაზონს;
→ სტენოჰალინური ფორმები – მარილიანობის ვიწრო დიაპაზონის ამტანი მცენარეები;
→ პოლიჰალინური – მარილების მაღალი კონცენტრაციის გამძლე ფორმები;
→ ოლიგოჰალინური- მცირე კონცენრაციისადმი შეგუებული ფორმები;
→ მეზოჰალინური – გარდამავალი ჯგუფი.

წყალში მობინადრე ორგანიზმებისგან განსხვავებით ხმელეთზე მცხოვრები მცენარეებისთვის ყოველთვის დგას წყლითა მინერალური მარილებით უზრუნველყოფის პრობლემა. ამ მხრიც დიდი მნიშვნელობა აქვს ნალექების წლიური რაოდენობასა და აორთქლების შეფარდებას. შესაბამისად არჩევენ სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილებს, როგორებიცაა:

არიდული – ადგილები, სადაც აორთქლება ჭარბობს ნალექების ჯამს. აქ მცენარეები სავეგეტაციო პერიოდის უმეტეს დროს ტენის ნაკლებობას განიცდიან.
ჰუმიდური – რეგიონები, სადაც ნალექები ჭარბობს აორთქლებას.
სემიარიდული – ამ ორს შორის გარდამავალია.
ექსტრაარიდული – ისეთი ადგილები, სადაც ძლიერი გვალვიანობაა.

მცენარეში წყალი ფესვების საშუალებით ხვდება. წყალი ნიადაგშია დამარაგებული, ამიტომაც ნიადაგის ტენი მისი ფიზიკური და ქიმიური თვისებების მიხედვით მრავალფეროვანია. ნიადაგში წყალი სხვადასხვაგვარადაა დამაგრებული:

გრავიტაციული – მოძრავი წყალი, რომელიც ნიადაგის ნაწილაკებს შორის ავსებს ფართო სივრცეებს და ჟონავს სიმძიმის ძალის მოქმედებით, სანამ არ მიაღწევს გრუნტის წყალს.

კაპილარული წყალი ავსებს უმცირეს სივრცეებს ნიადაგის ნაწილაკებს შორის და კაპილარული შეჭიდულობის ძალებითაა ნიადაგში დამაგრებული; აორთქლების გავლენით კაპილარული წყალი შეიძლება ზემოთკენ მოძრაობდეს და ქმნიდეს აღმავალ ჭავლს. შესაძლებელია კაპილარული წყლის ჰორიზონტალური გადაადგილებაც.

ბმული წყალი დაკავშირებულია ნიადაგის ნაწილაკების ზედაპირთან ადსორბციული ძალებით. მისი რაოდენობა დიდია, მაგრამ ეს წყალი მცენარეთათვის მიუწვდომელია. მცენარე ყველაზე კარგად შეითვისებს გრავიტაციულ წყალს, ყველაზე ძნელად – კაპილარულს.

აღსანიშნავია, რომ მცენარეთა მიერ ფესვების საშუალებით წყლის შთანთქმა უჯრედის წვენის ოსმოსურ წნევაზეა დამოკიდებული. იგი ძლიერ მერყეობს და დამოკიდებულია მცენარეთა ცხოვრების პირობებზე.

ბაღის დიზაინერი

შექმნაზე მუშაობდნენ:

ლია ქურციკიძე – ლანდშაფტის არქიტექტორი;
ქეთევან გელაშვილი – ბაღის დიზაინერი;
მანანა ელბაქიძე – ბიოლოგი, ბოტანიკოსი.

თქვენი რეკლამა