მცენარეთა ინტოკსიკაცია

მცენერე, ინტოკსიკაცია

დიდი რაოდენობით მიკროელემენტების არსებობა ტოქსიკურია მცენარესათვის.

განსაკუთრებით ძლიერი ტოქსიკურობით გამოირჩევიან მანგანუმი, თუთია, ბორი და სპილენძი. ზოგიერთ ნიადაგში ტოქსიკური რაოდენობით არსებობენ ისეთი ელემენტები, რომლებიც აუცილებელი არ არიან მცენარისათვის, მაგ. ალუმინი და სელენი.

ტოქსიკურობა ვლინდება სხვადასხვანაირად: დაზიანებულ პროტოპლაზმაში დარღვეულია ფერმენტული სისტემის ნორმალური მუშაობა (რაც იწვევს მცენარის კვდომას) ან მასში ერთი ელემენტის სიჭარბე იწვევს მეორის ნაკლებობას და ამრიგად ვნებს მცენარეს.

აზოტისა და ფოსფორის სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის ნაკლებობა, ხოლო კალიუმის სიჭარბე განაპირობებს მაგნიუმის ნაკლებობას.

მცენარის მდგომარეობა ამგვარი ტოქსიკურობის მიმართ დამოკიდებულია არამარტო მოცემულ ელემენტზე, არამედ მცენარის სახეობაზეც, მის ხნოვანებასა და მთელი მცენარის ან მისი მიმღებიანი ორგანოს ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე.

მანგანუმის ტოქსიკური მოქმედების მთავარი სიმპტომი არის ფესვების გამუქება, ხოლო ფოთლებზე მოყავისფრო-მეწამული ფერის ლაქა, ქლოროზი და კიდეების ნეკროზი. ეს მოქმედება ჩვეულებრივ ვლინდება მჟავე ნიადაგზე ე.ი. როდესაც მცენარის მიერ მანგანუმის შეთვისების უნარი გაზრდილია.

თუთიის ტოქსიკური მოქმედება ვლინდება ფესვების გამუქებასა და ფოთლების ქლოროზში.ბორის ტოქსიკური მოქმედების სიმპტომებია ფოთლების ქლოროზი, ნეკროზი და მცენარის ჯუჯიანობა.

მოლიბდენის სიჭარბე ხშირად იწვევს ქლოროზს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ვლინდება მცენარის დამახასიათებელი მოყვითალო-ოქროსფერი შეფერილობა.

ალუმინი ტოქსიკურობას ავლენს მჟავე ნიადაგებზე. დაავადებულ მცენარეებს ამ დროს ცუდად უვითარდებათ ფესვთა სისტემა. აღინიშნება სელენის მიერ ტოქსიკურობის გამოვლინების შემთხვევებიც.

ზოგჯერ ინტოქსიკაცია შეიძლება თავიდან იქნას აცილებული ნიადაგური პირობების შეცვლით. მაგალითად, მანგანუმის შემთხვევაში ეს შეიძლება მოხდეს ნიადაგის მჟავიანობის შემცირებით.

ნიადაგის ხსნარის მაღალი ტუტიანობის მავნე მოქმედება ხშირად განპირობებულია ნატრიუმის მარილების (ქლორიდების, სულფატების და კარბონატების) მაღალი კონცენტრაციით, რაც განსაკუთრებით აღინიშნება გვალვიან რაიონებში. ამ შემთხვევაში კარგ ეფექტს იძლევა ხანგრძლივი რწყვა.

სხვადასხვა სახეობის მცენარის მგრძნობიარობა ნიადაგის ხსნარის ტუტიანობისადმი ძალიან განსხვავებულია. ზოგიერთი მცენარე, მაგ. შაქრის ჭარხალი, ამტანია ასეთი პირობებისადმი.

საძოვრებზე მიკროელემენტების სიჭარბემ ან სიმცირემ შეიძლება გამოიწვიოს ცხოველთა სხვადასხვაგვარი დაავადება.

მცენარეთა ინტოქსიკაცია შეიძლება გამოწვეული იყოს ასევე ნიადაგის ტოქსიკოზით (Канчавели, 2013), რომელიც განპირობებულია ნიადაგში მცხოვრები ზოგიერთი მიკროორგანიზმების – ბაქტერიების, სოკოებისა და აქტინომიცეტების მიერ გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებებით. ეს უკანასკნელნი ფესვთა სისტემიდან ხვდებიან მცენარეში, ახდენენ მის ინტოქსიკაციას და ზოგიერთ შემთხვევაში კვდომასაც კი იწვევენ.

ავტორი: შაქრო ყანჩაველი /მცენარეთა პათოლოგიის საფუძვლები/.

იხილეთ აგრეთვე: მცენარეთა მინერალური კვების ელემენტები

თქვენი რეკლამა