მლაშე ნიადაგები საქართველოში და მათზე სხვადასხვა კულტურის მოყვანა

ნიადაგი, მლაშე

მლაშე ნიადაგები საქართველოში

მლაშე ნიადაგები საქართველოში განსაკუთრებით გავრცელებულია ალაზნის ველზე (აღმოსავლეთ ნაწილში).

ამის გარდა, მლაშე ნიადაგები საქართველოში გვხვდება: ნაწილობრივ, გარდაბანში, მარნეულში, თბილისის მიდამოებში (სოღანლუღის ველი) და მეტად მცირე ფართობის სახით – ტირიფონის ველზე (აღმოსავლეთ ნაწილში) და მტკვრის ხეობაში (კასპში, დოესში და სხვ.).

ალაზნის ველის დამლაშებული ფართობი მეტად ჭრელ სურათს იძლევა. ეს ფართობი, წარმოადგენს რა ძირითადად ბიცობს, საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ამ ნიადაგების სხვადასხვა ზომის ფართობებს, ხშირად, რამდენიმე ათეულ ჰა-მდე, ხოლო ზოგჯერ, მათ შორის შეჭრილია ზემოაღნიშნული ნიადაგების უარყოფით მხარეებს თითქმის მთლიანად მოკლებული საუკეთესო მოსავლის მომცემი ფართობი.

ადვილადხსნადი მარილების რაოდენობა, ცალკე ჰორიზონტებისა და ადგილების მიხედვით, მეტად დიდ ფარგლებში მერყეობს.

მცენარის გამძლეობა ადვილადხსნადი მარილებისადმი

აღნიშნული საკითხი მეცნიერულად ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი, ვინაიდან მისი შესწავლა მეტად რთულია, რამდენადაც მცენარეების გამძლეობა მარილებისადმი დამოკიდებულია არა მარტო მარილების საერთო რაოდენობაზე, არამედ, განსაკუთრებით ადვილადხსნადი მარილების სხვადასხვა სახით შეფარდებაზე.

სხვადასხვა ხარისხით დამლაშებულ ნიადაგებზე შესაძლებელია შემდეგი მცენარეების არსებობა:

  • ძლიერ დამლაშებულ ნიადაგებზე, სადაც ადვილადხსნადი მარილების რაოდენობა 0,8÷1,0%-ს აღწევს, შესაძლებელია არსებობდეს დაბალი ხარისხის შაქრის ჭარხალი, ფრანგული რაიგრასი, დასავლეთის კლერტა და სხვა კულტურები;
  • საშუალოდ ძლიერ დამლაშებულზე (მარილების რაოდენობა 0,6÷0,8%-ს აღწევს) – იტალიური რაიგრასი, საკვები კომბოსტო. ქერი – მხოლოდ თივის მისაღებად, სორგო, ნაზი (ამერკული) კლერტა (Agropyrum tenerum) და სხვ.;
  • საშუალოდ დამლაშებულზე, სადაც მარილების რაოდენობა 0,4÷0,6%-ს აღწევს – ტიმოთელა (ტიმოთეს ბალახი), დაბალი ხარისხის ბამბა, სატაცური, ხორბალი და შვრია – თივად, ქერი და ჭვავი მარცვლის მისაღებად, მსხალი და სხვ.;
  • მცირედ დამლაშებულ ნიადაგებზე (მარილების რაოდენობა 0,1 0,4%-მდე მერყეობს) – ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, ფეტვი, იონჯა, ცერცველა და სხვ.;
  • უმნიშვნელოდ დამლაშებულ ნიადაგებზე – ყველა კულტურა, მათ შორის სიმინდიც, რომელიც საერთოდ ვერ იტანს დამლაშებას (თუ რამდენად საორიენტაციოა აქ მოყვანილი ცნობები, ამას მოწმობს ის გარემოებაც, რომ საქართველოში, სადაც ზოგიერთ ადგილზე – მარნეული, გარდაბანი და ალაზნის ველი – მარილების რაოდენობა 0,1%-ზე გაცილებით მეტია, სიმინდი საუკეთესო მოსავალს იძლევა).

საკვები ბალახები

ვინაიდან კულტურათა უმეტესი ნაწილი მლაშე ნიადაგებზე დაბალი ხარისხის პროდუქციას იძლევა, უკეთესია ამგვარ ნიადაგებზე უპირატესობა მიეცეს საკვებ ბალახებს, რომელთა დანიშნულებაა მხოლოდ სავეგეტაციო ნაწილების განვითარება და მწვანე მასის მოცემა.

საკვები ბალახებიდან პირველი ადგილი ველისა და საძოვრების ბალახებს უკავია, მათ შორის, განსაკუთრებით, დასავლეთის კლერტას (გლერტა).

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ბალახის გავრცელება შემჩნეულია ნიადაგში 2% რაოდენობის მარილების არსებობის პირობებში (შედარებით ნაკლებ განვითარებულია), ხოლო მარილების 0,65% რაოდენობის პირობებში მისი განვითარება ისეთია, როგორც ნორმალურ ნიადაგებზე. თითქმის იმავე რაოდენობის მარილებს იტანს ფრანგული რაიგრასიც.

შედარებით ნაკლები რაოდენობის მარილების (0,4÷0,6%) ამტანია: იტალიური რაიგრასი და ტიმოთელა (ტიმოთეს ბალახი). აღნიშნული ბალახების თესვას, ჩვეულებრივ, წვიმების შემდეგ ვაწარმოებთ ან მოღვარვის წესით მორწყულ ფართობზე, სადაც ადვილადხსნადი მარილები შედარებით ჩარეცხილია ქვედა ფენაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, თესლი შეიძლება არ აღმოცენდეს.

სორგო, მეტად მნიშვნელოვანი მცენარეა მლაშე ნიადაგების პირობებში, ვინაიდან:

  • სხვა კულტურებზე კარგად (ბრინჯის გარდა) იტანს დატბორვის წესს, რაც ამავე დროს საუკეთესო ღონისძიებაა მლაშე ნიადაგების ჩასარეცხად;
  • აღმოცენების სტადიაშიც იმავე კონცენტრაციის მარილებს იტანს (0,4÷0,6), როგორსაც სრული განვითარების პერიოდში;
  • უძლებს ნატრიუმის კარბონატის საკმაოდ დიდ რაოდენობას. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მწვანე მასას შაქრის სორგო იძლევა.

ფეტვი. მლაშე ნიადაგებზე უკეთესია ქვესახეობა „მოჰარი“, რომლის აღმოცენება და განვითარება შედარებით ნორმალურად მიმდინარეობს ადვილადხსნადი მარილების 0,4÷0,6% რაოდენობის პირობებში; საერთოდ კი იგი იტანს 1%-იან დამლაშებას.

პარკოსანი საკვები კულტურები

კარგ შედეგს იძლევა მლაშე ნიადაგებში პარკოსან მცენარეთა მწვანე სასუქად ჩახვნა. პარკოსნები სრულებით ვერ იტანენ ნატრიუმის კარბონატს, ხოლო ზოგიერთი მათგანი ქლორიდებსაც და სულფატებსაც.

იონჯა, მინდვრის ბარდა, ცერცვი და ცერცველას ზოგიერთი ჯიში საკმაო მოსავალს იძლევა 0,6%-მდე დამლაშებულ ნიადაგებში.

იონჯა ითესება წვიმის ან რწყვის (მოღვარვის წესით) შემდეგ. ადვილადხსნადი მარილების დაგროვების დაწყებამდე ნიადაგის ზედა ფენაში სათანადოდ განვითარებული მთავარი ფესვი უკვე საკმაოდ ღრმად არის ჩასული ნიადაგში. შემდეგში უკვე იონჯა თავისუფლად იტანს 0,6% სულფატებით და 0,4% ქლორიდებით დამლაშებას.

მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგებში, სადაც წყალტევადობა ნაკლებია და ამიტომ, ნიადაგის ტენის კონცენტრაცია მაღალია, 0,2%-ის რაოდენობით დამლაშება უკვე საზღვარია.

ბარდის აღმოცენების მაქსიმალურ საზღვრად 0,4% მარილების არსებობა ითვლება, ხოლო 0,2% პირობებში აღმოცენება საუკეთესოდ მიმდინარეობს.

აღმოცენების პერიოდში მარილებს ყველაზე მეტად ცერცველა იტანს, 0,4%-ით დამლაშების პირობებში ცერცველას აღმოცენება ისევე მიმდინარეობს, როგორც ნორმალურ ნიადაგში, ხოლო ცერცველას ზოგიერთი ფორმის აღმოცენება 1,0%-ით დამლაშების პირობებშიც შესაძლებელი აღმოჩნდა.

შაქრის ჭარხალი

ყველა კულტურაზე მეტად ადვილადხსნადი მარილების ამტანი შაქრის ჭარხალია. სრული განვითარების პირობებში ის 2,5% დამლაშებას უძლებს. მაგრამ სამრეწველო მიზნით შაქრის ჭარხლის კულტურა ძლიერ მლაშე ნიადაგებზე ხელსაყრელი არ არის, ვინაიდან მეტად მცირდება როგორც შაქრიანობა, ისე ძირების ზომა.

აღმოცენების სტადიაში დასაშვებია 0,5% დამლაშება, ხოლო თუ ნატრიუმის კარბონატიც არის, უკანასკნელის რაოდენობა 0,05%-ს არ უნდა აღემატებოდეს. აღმოცენების შემდეგ მარილებისადმი გამძლეობა სწრაფად იზრდება და შედარებით კარგ მოსავალს იძლევა 0,8÷1,0% მარილების პირობებში.

მარცვლეული კულტურები

ყველაზე მეტი რაოდენობის მარილების ამტანი ქერი და ჭვავია. ქერი მარცვლის საკმაოდ კარგ მოსავალს იძლევა, თუ ადვილადხსნადი მარილების რაოდენობა 0,5%-ს არ აღემატება, ხოლო თივისას 0,8-მდე.

დაახლოებით ასეთსავე სურათს იძლევა ჭვავიც. ქერი ცოტად თუ ბევრად ნატრიუმის კარბონატსაც იტანს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მარილებისადმი საერთო შეგუება ძლიერ მცირდება. ხორბლისა და შვრიის მარცვლის მოსავალი შესაძლებელია 0,4% რაოდენობის მარილების პირობებში, ხოლო თივისა – 0,6%-ის პირობებში.

უნდა გვახსოვდეს, რომ მარცვლის მოსავლის აღების შემდეგ ფართობი გაშიშვლებულია და ზაფხულში მიმდინარე ინტენსიური აორთქლება ხელს უწყობს მარილების დიდი რაოდენობით დაგროვებას ნიადაგის ზედა ფენებში. ამიტომ, მლაშე ნიადაგებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსავლის აღებისთანავე ზედაპირის კულტივაციას.

რაც შეეხება სიმინდს, მის თესვას მლაშე ნიადაგებზე საერთოდ უნდა ვერიდოთ. ვინაიდან, მოსავალი კლებას იწყებს უკვე 0,1÷0,4%-ის დამლაშების პირობებში.

ვინაიდან საქართველოში სიმინდი ერთ-ერთი ძირითადი კულტურაა და საკმაოდ დიდ მოსავალს იძლევა 0,1% -ზე მეტად დამლაშებულ ნიადაგზე, ამიტომ საჭიროა ამ საკითხის დეტალურად შესწავლა საქართველოს პირობებში, მით უმეტეს, რომ სარწყავ რაიონებში თესლბრუნვის შემოღება აუცილებლად მოითხოვს ამ კულტურის შეტანას თესლბრუნვაში.

ბრინჯი. იმავე დამოკიდებულებაშია მარილების მიმართ, როგორც სიმინდი. მაგრამ, რამდენადაც იგი, ჩვეულებრივ, წყლის დატბორვის პირობებში იზრდება, სადაც მარილების კონცენტრაცია წყალში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ფართობის ჩვეულებრივი წესით რწყვის პირობებში, ამიტომ უძლებს ნიადაგში 1,0% მარილების არსებობას.

ბამბა – როგორც მცენარე, თავისუფლად იტანს 0,8% ქლორიდულ დამლაშებას, მაგრამ დამწიფება გვიანდება და ბოჭკო მოკლე და ტლანქი გამოდის. ამიტომ, ეგვიპტისა და სხვა ძვირფასი ჯიშების ბამბის თესვა მისაღებია 0,4%-ის დამლაშების პირობებში, ჩვეულებრივი ჯიშებისა კი – 0,6÷0,8%-ის დამლაშების პირობებში.

სელი (მარცვლად). სელს შედარებით მოკლე ფესვთა სისტემა ახასიათებს და 30 სმ-ზე დაბლა არსებული მარილები დიდ გავლენას ვერ ახდენს მასზე. 30 სმ-ის ფენაში კი 0,4%-ის რაოდენობის მარილები თითქმის არ ამცირებს მოსავალს.

ბოსტნეული

დამლაშებისადმი გამძლეობის მიხედვით, პირველი ადგილი სატაცურს უჭირავს, ხოლო მეორე – ხახვს, რომლებიც 0,6%-ის დამლაშებას უძლებენ. მარილების მიმართ ყველაზე ნაკლები გამძლეა კარტოფილი, რომელიც მხოლოდ 0,1%-ს უძლებს.

მერქნიანი მცენარეები

ადვილადხსნადი მარილების ნიადაგში დიდი რაოდენობით არსებობა გავლენას ახდენს ხეხილის ნაყოფის გემოზე და ამცირებს მოსავლის შენახვის უნარს.

სხვა ჯიშებთან შედარებით, მლაშე ნიადაგებში კარგად გრძნობენ თავს მსხალი და ლეღვი, მაგრამ ნაყოფი ნაკლები ხარისხისაა. კარგად იტანს მარილებს ზეთისხილი. მლაშე ნიადაგების კარგი ამტანია ვერხვის ერთ-ერთი სახეობა – Populus framonti.

მლაშე ნიადაგებზე, სადაც მარილების რაოდენობა 0,6%-ს აღწევს, მისაღებია: თეთრი აკაცია, თეთრი თუთის ხე, ევროპული ჭადარი (Platanus orientalis) და სხვ. ძლიერ მკაცრ ზამთრიან რაიონებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჭაობის ტირიფი.

ირიგაცია, დრენაჟი, ეროზია.
ავტორი: გივი გავარდაშვილი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი.

თქვენი რეკლამა