2000 წელს საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ამერიკელი პროფესიონალი მეფუტკრე უოლტერ დინელტი. მისი საფუტკრეები განლაგებულია ამერიკის ჩრდილეოთ შტატებში, კანადის საზღვართან.
ვინაიდან გაზაფხულიდან მთავარ ღალიანობამდე შედარებით მცირე დრო აქვს (55-60 დღე), ამიტომ შეიმუშავა ფუტკრის ოჯახების მოვლის თავისებური მეთოდი, რომლის გამოყენების დროს დედა ფუტკარი რუტის ერთ კორპუსში იზღუდება. ამ მეთოდს ჩვენ დინელტის მეთოდი დავარქვით, (იმავე მეთოდს იყენებენ კანადელი მეფუტკრეები).
ეს მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ ყველგან, სადაც ბუდესა და საკუჭნაოში ერთნაირ ჩარჩოებს ხმარობენ, სადაც ღალიანობა სწრაფად დგება, ან ადრეულ განაყოფებს ვიყენებთ თაფლის მისაღებად, ან შედარებით სუსტად გამოზამთრებული ფუტკრის ოჯახებისგან გვინდა მივიღოთ თაფლი. მეთოდის მთავარი მიგნებაა დედა ფუტკრის შეზღუდვა ერთ კორპუსში.
ბატონ დინელტს ჰყავს 1800-მდე ფუტკრის ოჯახი, რომელთა მოსავლელად ქირაობს სამ დამხმარეს (თვითონ იმ დროს 87 წლის იყო, მაგრამ ძალიან მხნედ გამოიყურებოდა).
მისი საფუტკრეები სტაციონარულია და ერთმანეთისგან დაშორებულია 2-3 კილომეტრით. თითეულ საფუტკრეში დაახლოებით 40 ოჯახი და 3-5 მარაგდედაა 2-4 ჩარჩოზე, ისინი სტანდარტულ, ორადგაყოფილ რუტის სკებში არიან მოთავსებული.
მთელი საფუტკრე რუტის ათჩარჩოიანი სკებითაა დაკომპლექტებული, რომელთა კედლის სისქე 19,05 მმ-ია, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში 20-25 გრადუსიანი ყინვებია.
ოჯახებს ძირითადად აზამთრებს რუტის ერთ 10-ჩარჩოიან კორპუსში. როცა უმეტეს ოჯახებში ბუდე შეივსება, იწყება გაფართოება. გაზაფხულზე ბუდეს აფართოებს მთელი კორპუსებით, რომლებიც დაკომპლექტებულია მხოლოდ მშრალი ფიჭით.
პროცედურა ასე მიმდინარეობს: ერთი დამხმარე მეფუტკრე ხდის თავსახურს რამდენიმე ოჯახს და დებს სკასთან გადმობრუნებულად. მეორეს მოაქვს მშრალი ფიჭით სავსე კორპუსი, დებს სკის თავსახურავზე. ამოიღებს კორპუსის შუიდან ორ მშრალ ფიჭას და მიაყრდნობს ძირითად კორპუსს.
მეფუტკრე ხდის ფუტკრის ოჯახს საფარტილოს, უბოლებს, იღებს ოჯახის შუიდან ორ ბარტყიან ჩარჩოს (მნიშვნელობა არ აქვს ღია თუ გადაბეჭდილბარტყიანია), ფერთხავს ფუტკარს ორივე ჩარჩოდან ბუდეში (რათა დედა არ გადაჰყვეს). გადააქვს ბარტყიანი ჩარჩოები სკის თავსახურზე მდებარე გასაფართოებელი კორპუსის შუაში. სადაც, როგორც ზემოთ გვქონდა აღნიშნული, შუიდან ამოღებული იყო ორი მშრალი ფიჭა.
ბუდეში ბარტყიანი ფიჭების მაგივრად ათავსებს მშრალ ფიჭებს, რომლებიც გასაფართოებელი კორპუსიდან ამოიღო. ქვედა კორპუსს ადებს განემანის ბადეს, რომელზეც ათავსებენ მეორე კორპუსს. კორპუსზე იდება 3-5 კგ კანდი (ყანდი) ან საკვებურით შაქრის სიროფი (შეიძლება პოლიეთილენის პარკებითაც). გაფართოების პროცედურა დამთავრებულია.
შემდგომ გაფართოებას იწყებენ ყოველ 10-14 დღეში. პროცედურა მსგავსია. თუ ოჯახის გახსნისას აღმოჩნდა, რომ ზედა კორპუსი ფუტკრით არის სავსე, მაშინ მოაქვთ ახალი მესამე კორპუსი მშრალი ფიჭებით, რომელშიც წინათ ჩატარებული პროცედურის მსგავსად გადააქვთ ორი ბარტყიანი ჩარჩო უფუტკროდ, რათა დედა არ გადაგვიყვეს. ბუდეში უმატებენ ორ მშრალ ფიჭას გასაფართოებელი კორპუსიდან. აფარებენ განემანის ბადეს და ადგამენ ორივე კორპუს.
თუ ოჯახის გახსნისას აღმოჩნდა, რომ ზედა კორპუსი ფუტკრს არ გაუვსია, მაშინ გადაბრუნებულ თავსახურავზე გადმოაქვთ ზედა კორპუსი, რომლიდანაც იღებენ კიდის ორ მშრალ ფიჭას. ბუდიდან ამოაქვთ ორი ბარტყიანი ჩარჩო, ფუტკარს ფერთხავენ ბუდეში, რათა დედა არ გადაგვიყვეს. ბარტყიანი ჩარჩოები გადააქვთ ზედა კორპუსის შუაში. ხოლო მათ მაგივრად პირველი ბუდის კორპუსში იდება ორი ზედა კორპუსის კიდიდან ამოღებული მშრალი ფიჭა. ბუდის კორპუსს ეფარება განემანის ბადე და ედგმება მეორე კორპუსი. კორპუსზე ისევ იდება 3-5 კგ კანდი ან შაქრის სიროფი საკვებურით.
მომდევნო გაფართოება ტარდება ორი კვირის შემდეგ. მესამე და მეოთხე გაფართოება უმეტესად მშრალფიჭიანი კორპუსის შემოდგმით გამოიხატება. ხელოვნურფიჭიან ასაშენებელ ჩარჩოებს მეფუტკრე მხოლოდ მესამე-მეოთხე კორპუსში აძლევს და იქაც ერთს ან ორს.
ღალიანობის დაწყების წინ ფუტკრის ოჯახი 3 ან 4 რუტის კორპუსისგან შედგება, რომელთაგან დედა ფუტკარი მხოლოდ პირველ კორპუსში დებს კვერცხს. ბატონი უოლტერი დიდ ყურადრებას უთმობს ადრე გაზაფხულზე გამაღიზიანებელ კვებას. ერთი ფუტკრის ოჯახი გაზაფხულზე, საშუალოდ, იღებს 10-12 კგ შაქარს კანდის და სიროფის სახით (მიუხედავად იმისა, რომ პირველი გამომღერებიდან მთავარ ღალიანობამდე 50- 60 დღეა. ე. ი. ფუტკრის ოჯახი დღეში საშუალოდ 150-200გრ. საკვებს იღებს).
ფუტკრის ოჯახი წლის განმავლობაში აშენებს, დაახლოებით, 3-4 ახალ ჩარჩოს. მისი ჩარჩოების გოფმანის გამყოფების სიგანე 35 მმ-ია. თაფლს იღებენ მთლიანად კორპუსებით. კორპუსებს კომპრესორით უბერავენ ჰაერის ნაკადს, რაც ფუტკარს გამოყრის პირდაპირ სკის წინ. ამის შემდეგ თაფლიანი კორპუსები თავსდება დახურულ ავტომანქანაში და გადაიზიდება თაფლის გამოსაწურ საამქროში. ფიჭას გადათლის სპეციალური მანქანა, რომლის მახლობლად დამონტაჟებულია ორი 80- ჩარჩოიანი რადიალური ციბრუტი.
წყარო: მეფუტკრეობა