თიანეთური ჩალისფერი ინდაური

ინდაური

საზოგადო სახელი: ინდაური; ლათინური დასახელება: Meleagris gallopavo; პოპულაცია: თიანეთური ჩალისფერი ინდაური.

წარმოშობა

საქართველოში ინდაურის („ინდოური ქათამის“) არსებობაზე პირველი ცნობა დათარიღებულია XVII საუკუნით და ეკუთვნის ვახუშტი ბატონიშვილს.

გასული საუკუნის 60-იან წლების დასაწყისში საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის სასწავლო-ექსპერიმენტულ მეურნეობაში დაარსდა სასოფლო-სამეურნეო ფრინველთა ადგილობრივი ჯიშების საკოლექციო ფერმა, სადაც ამ სახეობის მეცნიერული შესწავლა დაიწყო ნ. ანთაძემ;

მან საქართველოში გავრცელებული 7 სხვადასხვა ფერის ინდაურიდან გადაარჩია ჩალისფერი ინდივიდები და მრავალწლიანი სასელექციო მუშაობის შედეგად ჩამოაყალიბა ინდაურის ერთტიპური ჯგუფი, რომელსაც უწოდა „ჩალისფერი თიანეთური“.

ჩალისფერი ინდაური ხასითდება ადაპტაციის ფართო დიაპაზონით, ადვილად ეგუება ოჯახური მეურნეობების პირობებში პრიმიტიულ საფრინველეში შენახვას და ამტანია.

შებუმბვლა, ძირითადად, ღია მოწითალო-ჩალისფერია, ხოლო ფრთებისა და კუდის საფრენი ბუმბულის ნაწილი მოთეთრო ღია ჩალისფერია. მამლების მკერდზე ძაფისებრი ბუმბულის კონა მუქი ყავისფერი, თითქმის შავია.

მოკლე აღწერა

სხეულის აგებულებითა და ზომებით საკმაოდ კარგად არის გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი. მას აქვს ღრმა და ფართო სხეული, პატარა თავი, ღრმა და წინ წამოწეული ფართო გულმკერდი, ფრთები კარგად განვითარებული, გრძელი ბოლო და ძლიერი ფეხები.

დედლების ცოცხალი მასა, საშუალოდ 5-6, ხოლო მამლებისა – 9-12 კგ.

სქესობრივად მწიფდება და კვერცხდებას იწყებს 8-10 თვის ასაკში.

საშუალოდ დებს 75-80 გ მასის 60-დან 100 ცალამდე თეთრ-კრემისფერ, ყავისფერლაქებიან (წინწკლებიან) კვერცხს.

განაყოფიერების %- 75, ყოველი 100 ჩადებული კვერცხიდან გამოიჩეკება 65 ჭუკი.

მდედრების 90-100% ავლენს კრუხობის ინსტიქტს და ხასიათდება კარგი დედობრივი თვისებებით.

მოზარდი საკმაოდ სიცოცხლისუნარიანია (შენარჩუნება – 86%) და სწრაფად იზრდება, ხოლო 3 თვის ასაკში ჭუკის ცოცხალი მასაა 3 (დედალი) – 4,2 (მამალი)- კგ.

დღევანდელი მდგომარეობა

ჩალისფერ ინდაურს აქვს საკმაოდ გემრიელი, ნაზი და ცვრიანი ხორცი. გასული საუკუნის 90- იანი წლებიდან ჩალისფერ ინდაურთან სასელექციო-სანაშენე მუშაობა პრაქტიკულად არ წარმოებს.

დღეისთვის მას აშენებენ მხოლოდ ერთეული მოყვარულები, რის გამო რიცხოვნობა კატასტროფულად არის შემცირებული. საგულისხმოა, რომ რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში მას დღესაც (ქართული) ინდაურის ჩალისფერ ჯიშს უწოდებენ.

წყაროები: ნ. ანთაძე, მეფრინველეობა. თბილისი, 1966; ნ. ანთაძე, სანაშენე მუშაობა მეფრინველეობაში. თბილისი, 1973; რ. მიტიჩაშვილი, რ. ნოზაძე, ა. ჩაგელიშვილი, ფრინველის გენეტიკა და სელექცია. თბილისი, 2010

სტატია მოგვაწოდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ „ელკანა“;

სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.

იხილეთ აგრეთვე: ინდაურის მოშენება – ინდაურის ხორცის წარმოება

თქვენი რეკლამა