პრაქტიკული რჩევები ფრინველის საკარმიდამო პირობებში გაზრდისთვის

ქათამი, პრაქტიკული, რჩევები

პრაქტიკული რჩევები დამწყები ფერმერებისთვის

მეფრინველეობა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი დარგია. უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში ფრინველის რაოდენობა დაახლოებით 24 მილიარდია.

ფრინველი იძლევა ძვირფას საკვებ პროდუქტებს, მათ შორის, კვერცხს, რომელიც ბიოლოგიურად სრულფასოვანია და შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ყველა საყუათო ნივთიერებას.

ფრინველის ხორცი დიეტურ-ცილოვანი პროდუქტია. ის დამატებით იძლევა ფრთა-ბუმბულს, და ორგანული სასუქის სახით, ნაკელს. გადამუშავების პროცესში, ნარჩენებისგან მზადდება ცხოველური წარმოების საკვები დანამატები, რასაც წარმატებით იყენებენ მეცხოველეობის ცალკეულ დარგებში.

კვებითი ღირებულებით 1 ქათმის კვერცხი 40-45 გრ ძროხის ხორცის და 200 გრ რძის ტოლფასია. 100 გრ კვერცხის მასა 160-165 კკალორია ენერგიას შეიცავს. ქათმის კვერცხი ადვილად მოსანელებელია, შენახვის ხანგრძლივობითაც აღემატება სხვა ცხოველურ საკვებს. მისგან მზადდება სხვადასხვა კერძი. კვერცხის ცილა გამოირჩევა ბაქტერიოციდული თვისებებით, რასაც განაპირობებს მასში ლიზოციმის არსებობა და აჩერებს მიკრობების განვითარებას.

ფრინველებიდან განსაკუთრებული კვებითი ღირებულებით გამოირჩევა მწყრის კვერცხი. მას აქვს სამკურნალო თვისებები, კერძოდ, სასარგებლოა ასთმის და სისხლის მიმოქცევის დარღვევისას.

მწყერის კვერცხი B ჯგუფის ვიტამინებსა და მიკროელემენტებს (რკინას, კალციუმს, სპილენძს, კობალტს და სხვა) გაცილებით დიდი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე სხვა შინაური ფრინველის კვერცხი.

განსაკუთრებით გამოირჩევა ფარაონის ჯიშის მწყერი, რომლის საშუალო (40-45 დღის) წონა 200- 250 გრამია. წელიწადში დებს 12-16 გრამიან 150-300 ცალ კვერცხს. მწყრის კვერცხი განსაკუთრებით კარგია ბავშვისთვის. სასურველია მისი მიღება ჭამამდე, 2-5 ცალი. არ იწვევს დიათეზს. მწყრის 1 კგ ხორცის კალორიულობაა 280 კკალ, საკვებად ვარგისიანობა 50%.

მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა შინაური ქათმის ხორცი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ბუნებრივად (,,შინაურულად“) არის გაზრდილი. ქათმის ხორცი შეითვისება თითქმის 85%-ით (ძროხის 75%-ით, ღორის 70%-ით, ცხვრის 65%-ით.).

ქათმის 1 კგ ხორცის კალორიულობაა 200 კკალ. ხორცის საკვებად ვარგისი ნაწილია 52%, ქათმის წიწილის 1 კგ ხორცის კალორიულობაა 185 კკალ. ხორცის საკვებად ვარგისი ნაწილი 46%.

შინაური ფრინველის ხორცის და კვერცხის კალორიულობა დამოკიდებულია ფრინველის ასაკზე. (არჩევენ ზრდასრულ ფრინველს (10-12 თვის და მოზრდილს – 2-3 თვის). ფრინველის ხორცი ნაზი ადვილად მოსანელებელია, ყუათიანი დიეტური საკვებია. კუჭ-ნაწლავით, ღვიძლით, გულითა და ჰიპერტონით დაავადებული ადამიანისთვის ერთადერთ უვნებელ საკვებს წარმოადგენს.

კვერცხს ფრინველის ორგანიზმი ახალი თაობის წარმოსაქმნელად გამოიმუშავებს. არჩევენ განაყოფიერებული და გაუნაყოფიერებელი ფრინველის კვერცხს. ორივე თანაბარი კალორიულობით ხასიათდება. ფრინველის გაუნაყოფიერებელი კვერცხი საინკუბაციოდ ( ახალი თაობის მისაღებად) გამოუსადეგარია.

ფრინველის კვერცხი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან: ცილა, ყვითრი (კვერცხის გული) და ნაჭუჭი. ცილა კვერცხის დაახლოებით 60%- ია, ყვითრი – 30%, ხოლო ნაჭუჭი-10-12%. ყვითრის ქიმიური შედგენილობა სხვადასხვა სახეობის ფრინველისათვის სხვადასხვაა. ცილის შემადგენლობაში 75% უკავია წყალს.

ფრინველი სწრაფად იზრდება (სხვა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთან შედარებით), მალე აღწევს სამეურნეო სიმწიფეს და ადვილად მრავლდება. მეხორცული ქათამი სანეურნეო სიმწიფეს აღწევს 2-3 თვის, ინდაური და ბატი 5-6 თვის, იხვი 2,5-3 თვის ასაკში. მეკვერცხული კვერცხის დებას იწყებს 120-140 დღიდან.

1 წლის განმავლობაში თითოეული ქათმისგან შეიძლება მივიღოთ საშუალოდ, 100, იხვისგან 80-100, ბატისგან 15-90, ინდაურისგან 40-50 ფრთა მოზარდი.

ახლადდადებული კვერცხის ტემპერატურა ფრინველის ტემპერატურის ტოლია. გაციების გამო კვერცხის ბლაგვ ბოლოში საჰაერო კამერა წარმოიქმნება, რომელშიც წნევა ატმოსფერულზე ნაკლებია, ამის გამო ნაჭუჭის ფორმების გავლით საჰაერო კამერაში აღწევს ჰაერი, რომელსაც ბაქტერიები შეაქვს.  ეს კი კვერცხის დაბინძურების და ინკუბაციის უნარის შემცირებას იწვევს.

დავიმახსოვროთ:

  • ფრინველის ბუდე მშრალი და სუფთა უნდა იყოს. ფრინველის ახლადდაბადებული კვერცხი გარედან ლორწოვანი სითხის თხელი ფენითაა დაფარული. სითხის გაშრობის შემდეგ კვერცხის ნაჭუჭის გარე ზედაპირზე თხელი აპკი წარმოიქმნება, რომელიც კვერცხის შიგთავსს ბაქტერიების ზემოქმედებისგან იცავს.

კვერცხის ნაჭუჭი ძირითადად, კალციუმის კარბონატის (კირქვა) და ფოსფორის შენაერთებისგან შედგება. მასში გარედან მისი ფოსოვან-მემბრანული აგებულების გამო ადვილად აღწევს ჟანგბადი, ხოლო შიგთავსიდან გარეთ კი – ნახშირორჟანგი. როგორც აღვნიშნეთ, ფრინველის აღწარმოებისათვის გამოიყენება განაყოფიერებული  საინკუბაციო კვერცხი.

  • საინკუბაციო კვერცხის სწორი შენახვა განაპირობებს გამოჩეკვის მაღალ პროცენტს.
  • საინკუბაციო კვერცხის მასა ქათმისთვის საშუალოდ 52-55 გრამზე ნაკლები არ უნდა იყოს.
  • საინკუბაციო კვერცხი შენახვის დროს არ უნდა ხვდებოდეს ორპირ ქარში, რადგან ეს გამოიწვევს კვერცხიდან წყლის აორთქლებას და ნაჭუჭის შრობას.
  • ინკუბაციისთვის განკუთვნილი კვერცხი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, მშრალ სათავსოში ინახება, რომლის ტემპერატურა +14 გრადუსს არ აღემატება, ხოლო ტენიანობა − 75%-ს.
  • რაც უფრო ადრე დავიწყებთ კვერცხის ინკუბაციას, უფრო მეტად გამოსადეგია. კარგია, თუ არ გადავაცილებთ 7 დღეს.
  • ინკუბაციის დაწყების წინ თუ კვერცხს შუქზე გავხედავთ და დავინახავთ, რომ საჰაერო კამერა ან ყვითრი ადვილად მოძრაობს, ის საინკუბაციოდ არ გამოგვადგება. საინკუბაციო კვერცხს საჰაერო კამერა ბლაგვ ბოლოზე უნდა ჰქონდეს  და არ უნდა აღემატებოდეს ათთეთრიანის სიდიდეს. თუ საჰაერო კამერა ბლაგვ ბოლოზე არ არის, ჩანასახი უჰაერობით იხრჩობა. ყვითრი საინკუბაციო კვერცხის ცენტრში უნდა მდებარეობდეს. ცილა მკვრივი უნდა იყოს და არ უნდა ლაყლაყებდეს.

საინკუბაციო კვერცხის ნაჭუჭიდან პათოგენური მიკრობების შეღწევის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია საბუდრებში სისუფთავის დაცვა, კვერცხის ხშირად აკრეფა და თან, სუფთა ხელებით. საინკუბაციო კვერცხის გარეცხვა დაუშვებელია. კვერცხის ნაჭუჭი არ უნდა იყოს არც ძალიან სქელი და არც ძალიან თხელი.

  • კვერცხების შერჩევის შემდეგ ამზადებენ ბუდეს, რომელსაც ყუთში ან კალათში აწყობენ. მისი ზომებია: 60სმX40სმX40სმ.
  • ბუდეში სუფთა, მშრალ თივას ან ნამჯას აფენენ და ნახევრად ბნელ ადგილას ათავსებენ, სადაც ტემპერატურა 12-13 გრადუსზე მეტია.
  • ბუდეში კვერცხების რაოდენობა ფრინველის კვერცხის ზომაზე და გარემო ტემპერატურაზეა დამოკიდებული.
  • ბუდეში მჯდომი ფრინველი კვერცხებს მთლიანად უნდა ფარავდეს.
  • ცივ გარემოში მყოფ ბუდეში ნაკლების რაოდენობის კვერცხებს ათავსებენ, მაგალითად, ქათმისას −  +11-12 გრადუსზე −  13 ცალს, ხოლო + 20 გრადუსზე − 16-17 ცალს.
  • ბუდის მახლობლად, ფრინველისთვის მისაწვდომ ადგილზე, უნდა იყოს სუფთა წყალი, მშრალი საკვები და ცილა. ბუდეზე მჯდარ ფრინველს წყალი და საკვები არ ეძლევა.
  • ინკუბაციისათვის საუკეთესო დრო გაზაფხულია.
  • კრუხად უნდა ავარჩიოთ წყნარი ფრინველი შემდეგი ნიშნებით: ფრინველი წყვეტს კვერცხდებას, დიდხანს ყოვნდება ბუდეში, იმზადებს ბუდეს და მასთან არ უშვებს სხვა ფრინველს, მიახლებისას კრიახობს.
  • შეიძლება ქათმის ხელოვნური მოკრუხებაც. ქათამს საღამოს სვამენ ბუდეში, რომელშიც 4-5 კვერცხია. წინასწარ რამდენიმე ბუმბულს აცლიან და ბუდეში უფენენ. ბუდეს თავს ისე აფარებენ, რომ  არ შეეძლოს ადგომა, 5-6 დღეში ფრინველი კრიახს იწყებს.

დასაწყისში ცრუკრუხობა რომ არ იყოს, ფრინველს ვამოწმებთ. 3-4 დღე დავსვამთ 3-4 კვერცხზე და თუ არ შეწყვიტა კრუხობა, გადავსვამთ ნამდვილ ბუდეში.

  • ბუდეში მჯდარ კრუხს კვერცხებს საღამოს უწყობენ. კრუხი კვერცხებს ფეხებით და ფრთებით დაფარავს. თუ ფრინველი კვერცხებს ვერ ფარავს, მაშინ ბუდიდან ზედმეტ კვერცხს ვიღებთ.

ტემპერატურა

კრუხის ქვეშ ტემპერატურა ძალიან ცვალებადობს. იგი მერყეობს 33.4-38.8 გრადუსამდე. ტემპერატურა სხვადასხვაა კვერცხის ზედა და ქვედა  მხარეს, საბუდრის ცენტრსა და პერიფერიებს შორის. ზედმეტი ან ნაკლები ტემპერატურისადმი ჩანასახი ძალიან მგრძნობიარეა.

კრუხის საშუალებით გამოჩეკვას ბუნებრივი ინკუბაცია ეწოდება. კვერცხზე ჯდომის პირველი 2-5 დღის განმავლობაში თუ ფრინველი ბუდიდან არ ამოვიდა, ის ფრთხილად ამოჰყავთ და საკვებთან სვამენ. შემდეგ დღეებში ფრინველი ბუდიდან  10-15 წუთი ამოდის. ამ დროს შეიძლება ბუდის დათვალიერებაც.

ბუდეში მყოფი ფრინველი არ უნდა შევაწუხოთ. ის ვერ ეგუება ხმაურს და ბუდის მახლობლად სხვა ფრინველის ყოფნას. ბუდიდან შეიძლება ცუდი კვერცხის ამოღება. ახლის ჩამატება დაუშვებელია.

კრუხებად ყველა სახეობის ფრინველი გამოდგება, გარდა იხვისა. უმჯობესია ადგილობრივი ფრინველი, ასევე, ინდაურიც. ბრინჯაოსფერი ინდაური კრუხად არ გამოდგება.

ქათმის წიწილა 20-21 დღეში გამოიჩეკება, იხვი და ინდაური- 26-27 დღეში, ბატი –  28 დღეში.

ბუნებრივი გამოზრდა

კვერცხის გამოჩეკვის შემდეგ კრუხი ზრუნავს წიწილების გამოზრდაზე და უქმნის მას შესაფერის პირობებს. გამოჩეკვის პირველ სამ დღეს წიწილები დროის უმეტეს ნაწილს დედასთან შებუდებული ატარებენ. გარეთ მხოლოდ საკვების მისაღებად გამოდიან.  გარემოში სითბოს მატებასთან ერთად დაბუდობის დრო მცირდება.

წიწილების კარგ მომვლელად დაკოდილი მამალი ითვლება. ერთ ასეთ მამალს შეუძლია გამოზარდოს 40-50 წიწილი. სასურველია დასაკოდად ადგილობრივი ჯიშის ყვინჩილები შევარჩიოთ.

კვერცხის ხელოვნური ინკუბაცია

ფრინველთა დიდი რაოდენობით გამრავლების მიზნით ბუნებრივი ინკუბაცია არ არის ხელსაყრელი. ამიტომ ხელოვნური ინკუბაციისთვის მიმართავენ ინკუბატორებს. თანამედროვე იკუბატორები იძლევა არჩევის საშუალებას გამოსაჩეკი კვერცხის რაოდენობაზე.

შეიძლება შეირჩეს 100, 250, 500, 1200 და ა.შ. კვერცხიანი ინკუბატორები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ხარისხით და მოხერხებულობით.

ხელოვნური გამოზრდა

ხელოვნური გამოზრდის დროს მოზარდის ზრდა-განვითარებისათვის ყველა საჭირო პირობები ხელოვნურად იქმნება. ამ დროს მთელი წლის განმავლობაში ერთდროულად შესაძლებელია მრავალი ფრინველის გამოზრდა.

წიწილების გამოზრდა  შეიძლება როგორც საფენიან იატაკზე  (საფენად გამოვიყენოთ ნახერხი, ნამჯა), ასევე გალიებით. ფრინველის ხორცის ხარისხის მიხედვით საფენზე გამოზრდილ ფრინველს უპირატესობას ანიჭებენ.

ინკუბატორში გამოჩეკვის შემდეგ წიწილები სპეციალურ ყუთში გადაჰყავთ, რომელიც თანაბრად თბება. საწყისი ტემპერატურა წიწილების სიმაღლეზე უნდა იყოს 31-35 გრადუსი, ტენიანობა 75%. ყოველი კვირის ბოლოს ტემპერატურა 2-3 გრადუსით მცირდება და საბოლოოდ უნდა იყოს არანაკლებ 24 გრადუსისა. ამ დროს წიწილა ინტენსიურად იზრდება.

ჯანსაღ წიწილებს ახასიათებთ: ფართო თავი, კარგი სუფთა შებუსვა, მოკლე ჩამჯდარი კისერი, ცოცხალი თვალები, გრძელი და განიერი ზურგი, მაგარი ფეხები, აკრული მუცელი და სუფთა უკანა ტანი.

სუსტ წიწილებს ახასიათებთ: წაგრძელებული ვიწრო თავი, უფერული ნისკარტი, ჩაცვენილი უსიცოცხლო თვალები, მოკლე ზურგი, წვრილი ფეხები, სხეულის არათანაბარი შებუსვა. დიდი ჩამოშვებული მუცელი.

დაუშვებელია სხვადასხვა ასაკის წიწილების ერთად მოთავსება.

გაზარდეთ ფრინველი საკარმიდამო ნაკვეთში (ადგილობრივი ჯიშები) და თქვენ მიიღებთ საუკეთესო პროდუქტს, თქვენი ჯანმრთელობისთვის.

მიხეილ ჭიჭაყუა, “მომავლის ფერმერის” მთ. ვეტკონსულტანტი, ბიოლოგიის დოქტორი.
ჟურნალი “ახალი აგრარული საქართველო” ოქტომბერი, 2016

იხილეთ აგრეთვე: ქათმის გამოზრდა საკარმიდამო და ფერმერული ტიპის მეურნეობებში

თქვენი რეკლამა