ქართული თხილის წარმოება ბოლო ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა, რადგან ხეხილის ბაღთან და ციტრუსოვან კულტურებთან შედარებით 1 ჰექტარი თხილის ბაღის გაშენება და შემდგომ წლებში მისი მოვლა ნაკლებ დანახარჯებს მოითხოვს.
თხილის კულტურის გავრცელებას საქართველოში არსებული ბუნებრივი პირობები უწყობს ხელს. მიკროზონების სიმრავლე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების საშუალებას იძლევა, თუმცა გავრცელებული მავნებლები/დაავადებები ხარისხიანი მოსავლის მიღებას საფრთხეს უქმნის.
თხილის გავრცელებულ დაავადებათა შორის ვერტიცილიოზური ხმობა ერთ-ერთი ყველაზე საზიანოა. ის პირველად 2002-2003 წლებში გამოჩნდა, ხოლო 2021 წელს დაავადება მასიურად გავრცელდა ოზურგეთის, ჩოხატაურის, ვანის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.
თხილის ვერტიციოლიზური ხმობა ზაფხულში, თხილის ნაყოფის მომწიფების ფაზაში ვლინდება. ამ დროს მცენარის ბუჩქის ცალკეული ტოტი, ან მთლიანად ბუჩქი ხმობას იწყებს. ფოთლები ყვითლდება და ნაადრევად იწყება მისი ცვენა (შესაძლოა მწვანე ფოთლები დეფორმრიდეს და რიგ შემთხვევებში მცენარე ნახანძრალს წააგავს). თხილის ღეროებსა და ტოტების განივ განაკვეთზე ღერო სკდება, იბზარება და შავი ფერის ლაქა ჩნდება. მუქ შეფერილობაში აღინიშნება სოკოს უჯრედები. როცა მერქნის ფერცვლილი ზონა მიაღწევს კამბიუმის წრეს (მცენარის სიცოცხლისთვის კამბიუმის წრეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს) მცენარე ხმება.
როგორ ვებრძოლოთ თხილის ვერტიციოლიზურ ხმობას?
თუ ვერტიციოლიზური ხმობის სიმპტომები თხილის კულტურაში უკვე სახეზეა პირველ რიგში უნდა მოიჭრას დაზიანებული ტოტები. ამასთან, დაზიანებული ტოტებიდან ჩამოცვენილი ფოთლები ნაკვეთს გარეთ უნდა გაიტანოთ და დაწვათ. როდესაც მცენარე შემოდგომის მიწურულს დაიწყებს ფოთოლცვენას, აუცილებელია შევიტანოთ რკინის სულფატი (3 პროცენტიანი მერქნის დაავადებებისა და მერქნის ხავსის საწინააღმდეგოდ).
ზამთარში აუცილებელია შევიტანოთ დიამოფოსკა (აზოტი (N) – 10±1% ფოსფორი (P2O5) – 26±1% კალიუმი (K2O) –26±1%), რომელიც შეიცავს ბორსაც, რაც თხილნარისთვის აუცილებლობას წარმოადგენს.
გაზაფხულზე, მცენარის ვეგეტაციის დაწყებამდე მცენარის ძირები უნდა შემოუბაროთ. ამ დროს ჰაერის ცირკულაცია მეტია, ამასთან გაფხვიერებული ნიადაგი კარგად ინახავს პრეპარატს, ბაქტერიული უჯრედები მიწის სიღრმეში გადადის და ნადგურდება.
მნიშვნელოვანია, რომ თხილის ვერტიციოლიზური ხმობის თავიდან ასაცილებლად გეგმიური წამლობების განხორციელება აუცილებელია, შესაბამისად მცენარის დაცვის ღონისძიებები ადრეული გაზაფხულიდან უნდა დაიგეგმოს.
წყარო: https://agroculture.ge/articles/view/8
სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „აგრონომი“. ვებ გვერდი: agronom.com.ge
*დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.