„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025 “ გაიხსნა – ღონისძიების გახსნის ცერემონია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შედგა.
გახსნითი პანელი – მაღალი დონის დიალოგი რეგიონის ქვეყნების მთავრობათა ხელმძღვანელების – საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლა ფაშინიანის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის მონაწილეობით გაიმართა.
ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით ტარდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გახსნით პანელზე სიტყვით გამოვიდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება.
„სიმბოლურია, რომ ეს ფორუმი იმართება საქართველოში – ქვეყანაში, რომელიც ისტორიულად იყო და რჩება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდად. საუკუნეების განმავლობაში, აბრეშუმის გზაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებდა, მოძრაობდა არა მხოლოდ ვაჭრობა, არამედ კულტურა, იდეები და პროგრესი. დღეს, მსოფლიო ტრანსფორმაციების ეპოქაში, ახალი გამოწვევების და, ამავდროულად, შესაძლებლობათა წინაშე, ისტორიული აბრეშუმის გზის იდეა იძენს სრულიად ახალ, საკვანძო მნიშვნელობას. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა – ინვესტიცია კავშირებში, ზრდა სტაბილურობაში – სწორედ ამ ახალ გამოწვევებზე პასუხს წარმოადგენს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ღონისძიება ამჯერადაც, ტრადიციულად, წარმომადგენლობითი, სექტორულად მრავალფეროვანი იქნება და გლობალური ლიდერების შეკრებას უმასპინძლებს – 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტ დელეგატს.
როგორც გახსნით პანელზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეს კავშირები ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ფიზიკური ინფრასტრუქტურა.
„შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ კონცეფცია, ის იქცა რეალობად, რომლის განვითარებასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუწყობთ ხელს. მაგრამ XXI საუკუნეში, მდგრადი განვითარებისთვის, აუცილებელია კავშირების ახალი განზომილებების ათვისება – ეს არის ენერგეტიკული დერეფნები, ციფრული მაგისტრალები და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გახსნით პანელში ასევე სომხეთის და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, ჩვენს რეგიონში დაუბრუნდა მშვიდობა და ის უნდა დაიტვირთოს მეტი ენერგიით, მეტი ტვირთბრუნვით, მეტი კეთილდღეობითა და განვითარებით, რაც კავკასიაში მშვიდობას კიდევ უფრო გაამყარებს. ამასთან, როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „საქართველო და აზერბაიჯანი ისტორიულ აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ, დასავლეთს აღმოსავლეთთან აკავშირებდნენ და წვლილი შეჰქონდათ ვაჭრობასა და ეკონომიკური კავშირების განვითარებაში. დღეს საქართველო და აზერბაიჯანი თამაშობენ წამყვან როლს რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერებაში“.
ფორუმი ორი დღის განმავლობაში იმუშავებს, პანელურ დისკუსიებზე განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის“ მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით.

