ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალი, ირანის საზღვრამდე გზას, დაახლოებით სამი საათით შეამოკლებს.
ჩრდილოეთ-სამხრეთის პროექტის ფარგლებში, სომხეთი სიუნიქის რეგიონში, ახალი გზებისა და გვირაბების მშენებლობით ირანის საზღვრამდე ტრანსპორტირების დროის დაახლოებით სამი საათით შემცირებას ვარაუდობს.
ამის შესახებ სომხეთის გზების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კარენ ბადალიანმა, ყაზახეთი-თურქმენეთი-ირანი-სომხეთის ლოჯისტიკური მარშრუტისადმი მიძღვნილი, მრგვალი მაგიდის დისკუსიის დროს განაცხადა.
ბადალიანის თქმით, პროექტის მეოთხე ეტაპი სიუნიქიში ხორციელდება და სამ ლოტად არის დაყოფილი.
აგარაკადან კაჯარანამდე მონაკვეთი დაახლოებით 32 კილომეტრ ახალ გზას, ხუთ კვანძს, ორ გვირაბს და 15 ხიდს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება 2027 წლისთვის არის მოსალოდნელი.
მეორე ლოტი მოიცავს კაჯარანის მახლობლად 7.2 კილომეტრიან გვირაბს და მიმდებარე 4 კილომეტრიან გზის მონაკვეთს. მოსალოდნელია, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს მოძრაობის საცობებს მეღრის უღელტეხილზე, რომელიც ზღვის დონიდან 2,535 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ეს ამინდის პირობების მიუხედავად, მოძრაობის უსაფრთხოებას გააუმჯობესებს და უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას მთელი წლის განმავლობაში.
„გზის დაკლაკნილ მონაკვეთზე სიგრძე 14 კილომეტრით შემცირდება, ხოლო ავტომობილის საშუალო სიჩქარე 50-დან 80 კმ/სთ-მდე გაიზრდება. მგზავრობის დრო 40 წუთით შემცირდება“, – განმარტა ბადალიანმა.
მესამე ლოტი მოიცავს კაჯარანიდან სისიანამდე 60 კილომეტრიანი ავტომაგისტრალის მშენებლობას, მათ შორის 8.6 კილომეტრიანი ბარგუშატის გვირაბის, 27 ხიდის, რომელთა საერთო სიგრძე 4.7 კილომეტრია, და ცხრა გვირაბის, რომელთა საერთო სიგრძე 12.5 კილომეტრია. დასრულების შემდეგ, სისიანი-კაჯარანის მონაკვეთი 54 კილომეტრით დამოკლდება, ხოლო საშუალო სიჩქარე 50-დან 100 კმ/სთ-მდე გაიზრდება, რაც მგზავრობის დროს 1.5-დან 2 საათამდე შეამცირებს.
ამ მონაკვეთის მშენებლობა 2026 წელს დაიწყება და სრული დასრულება ექვს წელიწადშია მოსალოდნელი.

