შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე

აბრეშუმის, გზის, ფორუმი

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში პანელური დისკუსია „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ გაიმართა.

მომხსენებლებმა შუა დერეფნის მარშრუტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მათ შორის სხვადასხვა სექტორული მიმართულებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ, შუა დერეფნის მარშრუტი პლატფორმაა ქვეყნებს შორის პირდაპირი დიალოგისთვის. ასევე კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება გარდაქმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი არა მხოლოდ ერთ ქვეყანაში, არამედ მთლიანად რეგიონის ან რამდენიმე ქვეყნის მასშტაბში.

„შუა დერეფნის მთელი ხიბლი ის არის, რომ ახალი ინიციატივისას, ან თუნდაც რაიმე ბარიერის მოსაგვარებლად ყველა ვერთიანდებით. ამით ძლიერდება როგორც მარშრუტი, ასევე თითოეული ქვეყანა და  ეს არის პროცესი. მარშრუტი გახდა ძალიან კონკურენტული და დღეს თუ ხარ კონკურენტული, ეს გავლენას ახდენს სხვა დარგობრივ მიმართულებებზეც. შუა დერეფანმა წარმოაჩინა საკუთარი თავი, როგორც არაჩვეულებრივმა შესაძლებლობამ და საჭიროებამ“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა პანელის მიმდინარეობისას ასევე საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა, მათ შორის აქცენტი გააკეთა რკინიგზის მოდერნიზაციის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის ახალი აეროპორტის პროექტებზე.

პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა ნურლან საურანბაიევმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა (სამხრეთ, ცენტრალური და დასავლეთ აზია) იანგმინგ იანგმა და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ოსმან ბოირაზმა.

აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა შუა დერეფნის სავაჭრო და სატრანსპორტო როლის  და მასში შემავალ ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შესახებ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, შუა დერეფნის ქვეყნებში, ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად, აზიის განვითარების ბანკი 2028 წლამდე 3 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას აპირებს.

შუა დერეფნის მარშრუტის განვითარების შესახებ ასევე მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა, რომელმაც   დერეფნის როლსა და ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შუა დერეფნის უსაფრთხოებას და სანდოობას გაუსვა ხაზი ასევე თავის გამოსვლაში  თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ოსმან ბოირაზმა. მისი  განცხადებით, შუა დერეფანი არის სანდო მარშრუტი, რადგან ის გადის რეგიონზე, სადაც გეოპოლიტიკური რისკები არ არის. ამიტომაც ის შეიძლება იყოს მართლაც ყველაზე სანდო და დასაყრდენი  დერეფანი.

ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა, ნურლან საურანბაევმა პანელის მიმდინარეობისას აქცენტი შუა დერეფნის განვითარებასა და  ტრანზიტის მნიშვნელობაზე გააკეთა, მისი თქმით,  ტრანზიტი – ეს არის ბევრი ქვეყნის მომავალი და ყაზახეთი ძალიან დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით.

თქვენი რეკლამა