აღმოსავლეთის წიფელი

წიფელი, წიფლის

აღმოსავლეთის წიფელი (Fagus Orientalis Lipsky) წიფლის გვარის ერთ-ერთი სახეობაა და წარმოადგენს საქართველოს ტყეების ძირითადი შემქმნელ კომპონენტს. მას საქართველოს ტყეების 46% უკავია.

აღმოსავლეთის წიფელი იზრდება დასავლეთ საქართველოში ზღვის სანაპიროებზე ზღვის დონიდან 2100 მე-მდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 400-600 მ-დან 2350 მ-მდე. საუკეთესო კორომებს იგი მისთვის დამახასიათებელ სარტყელში – 1100-1600 მ. ქმნის. აღმოსავლეთის წიფელი გავრცელებულია აზერბაიჯანში, სომხეთში, აზიასა და ირანში.

ტანმაღალი ხეა, 40 მეტრამდე სიმაღლისა და 2,5 მ დიამეტრის. ახასიათებს დიდი გაშლილი ვარჯი. მრავლდება თესლითა და ძირკვის ამონაყრით. თუმცა ამონაყრით გამრავლებისას იგი სუსტია. წიფლის აღმონაცენი და მოზარდი პირველ ხანებში, 8-10 წლამდე, საკმაოდ ნელა იზრდება, შემდეგ კი ზრდაში მატულობს. ცოცხლობს 400-500 წელი.

აღმოსავლეთის წიფელი ჩრდილის ამტანი სახეობაა. ამიტომ ქმნის როგორც სუფთა, ასევე შერეულ, ძალიან ხშირ კორომებს. ნიადაგის მიმართ მომთხოვნია, აუცილებელია ღრმა, ჰუმუსით მდიდარი, საშუალო სინესტის ნიადაგი.

წიფლის ნაყოფს – წიწიბოს (რომელსაც 40-50 წლის ასაკში იძლევა) გაცილებით ადრე ეძახდნენ ვიდრე უცხოეთიდან მარცვლეულს წიწიბურას შემოიტანდნენ. ქართველებმა, სწორედ წიწიბოსთან გარეგნული მსგავსებისთვის მას „წიწიბურა“ უწოდეს. ძალიან გემრიელია წიწიბო, თუმცა მისი ჭამა ნედლ მდგომარეობაში, ალკალოიდის მშხამავი თვისებების გამო, რომელიც გულის რევასა და თავის ტკივილს იწვევს, არ არის რეკომენდირებული.

კარლ ლინემ (შვედი ბუნებისმეტყველი, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს სისტემის შემქმნელი, 1707-1778 წწ) წიფელს, მისი ნაყოფის – წიწიბოს გამო მიანიჭა გვარი „Fagus“ („მკვებავი“).

წიფლის მიერ შექნილ კორომებს საკურორტო და ესთეტიკური მნიშვნელობა აქვს.

წიფელს უნარი აქვს და ხელს უწყობს მიწისქვეშა წყლების ნაკადის გადაადგილებას, უზრუნველყოფს ნალექების თანაბარ მიწოდებას მდინარეებისთვის. დიდია მათი როლი წყლისა და ჰაერის სიჯანსაღეში, ნიადაგის ეროზიისგან დაცვაში.

წიფლის მერქნის კარგი თვისებების გამო მას დიდი გამოყენების არეალი აქვს. მისგან ამზადებენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს (კერძოდ, გიტარას), პარკეტს, სადურგლო ხელსაწყოების ტარებს, სანადირო თოფის კონდახებს და სხვა.

მერქანი ორთქლზე დამუშავებისას ხდება დრეკადი. ასეთი თვისების გამო მას იყენებენ ავიაციასა და გემთმშენებლობაში, ავეჯისა და მრგვალი ფორმის დეტალების დამზადებისთვის.

ეროვნული სატყეო სააგენტო

კრედო ბანკი