გარემოს დაბინძურება მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების გამოყენებით

გარემო, დაბინძურება, ქიმია

მცენარეთა და ცხოველთა დაცვის ქიმიური საშუალებების _ პესტიციდების გამოყენება, მთელ მსოფლიოში ორ პრობლემასთანაა დაკავშირებული _ გარემოს და კვების პროდუქტების სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების ნაშთებით, კერძოდ ვერცხლისწყლის ორგანული, ქლორორგანული პესტიციდებით და სხვა მრავალი ნაერთებით დაბინძურებასთან და მათი თავიდან აცილების გზების ძიებასთან.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არსებული სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (ფაო) მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მავნებლებითა და დაავადებებით გამოწვეული ყოველწლიური დანაკარგები მთელი მოსავლის 20%-ზე და მეტს შეადგენს. მათ წინააღმდეგ მსოფლიოს სოფლის მეურნეობაში ყოველწლიურად 1,5 მილიონ ტონაზე მეტი პესტიციდები გამოიყენება. მაგრამ მავნებლების წინააღმდეგ გამოყენებული შხამქიმიკატები მოქმედებენ არა მარტო მავნებლებზე, არამედ მათ ბუნებრივ მტრებზეც.

პესტიციდები მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების საერთოდ მიღებული კრებსითი სახელია (pestis – მავნე, caed – ვკლავ). ისინი სხვადასხვა სახის ქიმიური ნაერთებია, რომელთაც, როგორც წესი, გააჩნიათ უნარი არჩევით მოსპონ ესა თუ ის მწერები, მცენარეთა დაავადებების ამგზნებლები, სარეველა ბალახები და ა. შ.

ტოქსიკურობის სიდიდის მიხედვით პესტიციდებს პირობითად ყოფენ ძლიერმოქმედ მაღალ_ტოქსიკურ, საშუალო_ტოქსიკურ და მცირე_ტოკსიკურ შენაერთებად.

სოფლის მეურნეობაში გამოყენებული პესტიციდები, საწარმოო დანიშნულების მიხედვით, ასევე ჯგუფებად იყოფიან. მაგალითად, მავნე მწერების მოსასპობ საშუალებებს ეწოდება ინსექტიციდები (insectum – მწერები, caed – ვკლავ), სარეველა მცენარეულობის წინააღმდეგ გამოყენებულ საშუალებებს _ ჰერბიციდები (herba – ბალახი, მცენარე, caed – ვკლავ). ანალოგიურად მიიღეს სახელწოდება პესტიციდების სხვა ჯგუფებმაც.

მაგალითად, ფუნგიციდები – სოკოვანი დაავადებების ამგზნებთა მომსპობმა საშუალებებმა; ბაქტერიოციდები – მცენარეთა ბაქტერიული დაავადებების ამგზნებთა საწინააღმდეგო საშუალებებმა და ა. შ. გარდა ამისა, მიღების ხერხისა და ქიმიური თვისებების მიხედვით, პესტიციდებს ყოფენ ქლორორგანულ, ფოსფორორგანულ, ვერცხლისწყალორგანულ ნაერთებად და სხვ. ამ ნიშნის მიხედვითაც 10-ზე მეტ ჯგუფს განასხვავებენ.

არასწორი გამოყენების დროს, პესტიციდებმა მაღალ ეკონომიკურ ეფექტიანობასთან ერთად, შეიძლება მოგვცენ არასასურველი შედეგი. საქმე ისაა, რომ პესტიციდებს ბიოლოგიური აქტივობა გააჩნიათ, ე. ი. უნარი აქვთ გამოიწვიონ არა მარტო მწერების, მცენარეების, სხვადასხვა მიკრობების, არამედ თბილსისხლიანი ცხოველების დაღუპვაც. ისინი პოტენციურად საშიში არიან ცოცხალი ბუნებისა და ადამიანებისათვის.

ზოგიერთი მდგრადი ქიმიური ნივთიერება, ძირითადად ქლორორგანული ნაერთები, რომელთაც ადამიანის ორგანიზმში დაგროვების უნარი გააჩნიათ, უმნიშვნელო რაოდენობით მოხვედრის შემთხვევაშიც ქრონიკულ მოწამვლას იწვევენ. დადგენილია, რომ ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი პესტიციდების საერთო რაოდენობის 90%-ზე მეტი შედის კვების პროდუქტებით. პესტიციდებს საკვებ პროდუქტებში სხვადასხვა გზით შეუძლია მოხვედრა. ერთ-ერთი ასეთი გზა ნიადაგია. ბევრი მდგრადი პესტიციდი, მაგალითად, ჰექსაქლორანი, დდტ და ა. შ. შეაღწევენ რა ნიადაგში, კი არ იშლებიან, არამედ გროვდებიან მასში. ამ ტოქსიკური ნივთიერებების ნაწილი თანდათანობით ვრცელდება წყალსატევებში, მტვრის სახით ჰაერში და ა.შ. მათი შემდგომი გავრცელება დამოკიდებულია ნიადაგის თვისებებზე, რომელიც ასრულებს დაბინძურების უნივერსალური ბიოლოგიური ადსორბენტის და ნეიტრალიზატორის როლს, აგრეთვე ადამიანის ორგანიზმში სინთეზირებული ნივთიერებების მინერალიზატორის როლს. სწორედ ნიადაგის ეს თვისებები განსაზღვრავს მასში მოხვედრილი პესტიციდების ბედს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, იშლებიან და დეტოქსიკაციას განიცდიან.

ნიადაგში პესტიციდების დაშლის სიჩქარეზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას: ნიადაგის მექანიკური თვისებები, მისი pH, მინერალური და ორგანული ნივთიერებების შემცველობა, ტემპერატურა, ტენიანობა, აერაციის პირობები და მრავალი სხვა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი გავლენას ახდენს დაშლის სიჩქარეზე, ცვლის ნიადაგის მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის აქტივობას და შედგენილობას ან აუარესებს მათთვის ტოქსიკანტების მისაწვდომობას (ადსორბცია ორგანული ნივთიერებით).

პესტიციდების უდიდესი ნაწილი სხვადასხვა მიკროორგანიზმების გავლენით გროვდება ნიადაგში და წარმოქმნის დაშლის უმარტივეს პროდუქტებს, მაგრამ ქლორორგანული პესტიციდი საკმაოდ მდგრადია და შეუძლია არსებითი ცვლილებების გარეშე ნიადაგში იყოს რამდენიმე წლის განმავლობაში. კერძოდ, ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება ჰექსაქლორი, ციკლოჰექსანი და ჰექსაქლორციკლოპენტადიენისგან მიღებული დიენური სინთეზის პრეპარატები. თუმცა, მიკროორგანიზმების გავლენით ანაერობულ პირობებში დდტ–ც იშლება.

ვერცხლისწყლის შემცველი ნაერთებით ბიოსფეროს დაბინძურების წყაროებია სამრეწველო ნარჩენები და ვერცხლისწყლიანი ფუნგიციდები, რომლებიც ნიადაგს, წყალსა და ჰაერს აბინძურებენ ვერცხლისწყლით და შემდგომში ერთვებიან კვების ჯაჭვში.

პესტიციდებით ადამიანისა და ცხოველების მოწამვლის წყარო შეიძლება გახდეს მაგალითად, მოწამლული მარცვალი ან სხვა საკვები პროდუქტები. ამ შემთხვევაში ადამიანის მომშხამავი ნივთიერებებით ინტოქსიკაცია მიდის შემდეგი კვებითი ჯაჭვით: მოწამლული მარცვალი – ცხოველის ხორცი – ადამიანი ან მოწამლული მარცვალი (პური) – ადამიანი. ასეთი მოწამვლები მეტად ხშირია.

იაპონიაში ქიმიური ქარხანა ,,ტისო“ ვერცხლისწყლის ორგანულ ნაერთებს ყრიდა ყურეში, საიდანაც ეს საწამლავი ხვდებოდა თევზების, კიბორჩხალებისა და ხამანწკების ორგანიზმში, რომელთაც ადამიანები საკვებად იყენებდნენ. დაავადდა 397 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 68. დაავადება იწვევდა დამბლას, სმენის დაქვეითებას, მხედველობის მოშლას. ბავშვები იბადებოდნენ დადამბლავებულნი, უსინათლონი, ყრუები და გულის მანკით დაავადებულები.

ორგანოებსა და ქსოვილებში ვერცხლისწყალორგანული ნაერთების დაგროვებისა და განაწილების ხასიათი დამოკიდებულია შეთვისების გზებზე: ორალურის დროს ვერცხლისწყალი ყველაზე მეტად გროვდება თირკმელებსა და ღვიძლში, ინჰალაციურის დროს – ფილტვებსა და თავის ტვინში.

პესტიციდები გროვდება არა მარტო ნიადაგში, წყალსა და კვების პროდუქტებში, არამედ მონაწილეობენ ნივთიერებათა წრებრუნვაში და აღწევენ ადამიანის კვებით ჯაჭვში.

დაწვრილებით განვიხილოთ სოფლის მეურნეობაში გამოყენებული, ვერცხლისწყალორგანული, ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები.

ყველა ვერცხლისწყალორგანული პესტიციდი ძლიერმოქმედი შხამიანი ნივთიერებაა. მუშაობის დროს საჭიროა დიდი სიფრთხილე. დაუშვებელია მათი საკვებ პროდუქტებში მოხვედრა. იმისათვის რათა ვერცხლისწყალორგანული პესტიციდები სხვა შენაერთების ჯგუფებისაგან განვასხვავოთ, ხოლო შეწამლული თესლები შეუწამლავისაგან, პესტიციდებს უმატებენ შემფერავებს.

ვერცხლისწყალორგანული პესტიციდების ჯგუფებიდან მცენარეთა დაავადებების, მავნებლებისა და სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად ნებადართულია სამი პრეპარატის გამოყენება: გრანოზანის, მერკურბენზოლის და მერკურჰექსანის.

გრანოზანის ქიმიური ფორმულაა C2H5HgCl, საიდანაც ჩანს, რომ ის შეიცავს 75,6 % ვერცხლისწყალს. თესლების შესაწამლად ეს პრეპარატი გამოიყენება 1,5-2 კგ რაოდენობით ტონა თესლზე. 1 ჰა-ზე 300 კგ შეწამლული ხორბლის თესლის დათესვისას ნიადაგში 340-453 გ ვერცხლისწყალი შეიტანება.

წარსულში ვერცხლისწყლის შემცველი პრეპარატები საქართველოში ინტენსიურად გამოიყენებოდა ხეხილოვანი კულტურების შესაწამლად, რის გამოც მეხილეობის ზონებში ინტენსიურადაა დაბინძურებული ნიადაგი. მართალია დღესდღეობით მათი გამოყენება შეწყვეტილია, მაგრამ ასეთ დაბინძურებულ ნიადაგებზე ერთწლიანი კულტურების მოყვანისას შეიმჩნევა მათგან მიღებული პროდუქციის ვერცხლისწყლით დაბინძურება.

სოფლის მეურნეობაში მარცვლეული, მარცვლეულ-პარკოსანი, ტექნიკური, ბოსტნეული და მინდვრის კულტურების, ვენახის მავნებლებთან საბრძოლველად ფართოდ გამოიყენება ქლორორგანული პესტიციდები (დდტ, ჰექსაქლორანი, ჰეპტაქლორი და სხვა). ამ ნაერთების განმასხვავებელი თავისებურება არის მდგრადობა გარემოს სხვადასხვა ფაქტორის (ტემპერატურა, მზის რადიაცია, ტენი და ა.შ.) ზემოქმედებისადმი. 115-1200C-ზე გაცხელებისას ძლებენ 15 საათის განმავლობაში და იშლებიან 170-2000C-ზე. ეს პრეპარატები ძალიან დიდხანს (10-15 წლამდე) არ იშლება ნიადაგში.

ქლორორგანული ნივთიერებები წყალში ცუდად იხსნება, კარგად იხსნება ცხიმებში. აქედან გამომდინარე, მოცემული ჯგუფის დამახასიათებელი თვისებაა ფრინველების, თევზების, ცხოველთა, ადამიანის ცხიმოვან ქსოვილებში დაგროვების ტენდენცია. დდტ და სხვა ქლორორგანული ნაერთები ადამიანის ორგანიზმში ხვდება ძირითადად საკვებით.

ქლორორგანულ ნივთიერებებს სხვადასხვა რაოდენობით შეიძლება შეიცავდეს საკვები ბალახები, ბოსტნეული, ხილი. დადგენილია, რომ იმ ცხოველთა ხორცი და რძე, რომლებიც ქლორორგანული პესტიციდებით დაბინძურებული საკვებით იკვებებიან, როგორც წესი, ამ პესტიციდების მნიშვნელოვან რაოდენობას შეიცავენ. დდტ და ამ ტიპის სხვა პრეპარატები, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან. ამ პრეპარატის დაგროვება შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს მოზარდებისათვის, განსაკუთრებით კი _ ჩვილი ასაკის ბავშვებისათვის. ამიტომ, მეძუძური დედისათვის მიცემული საკვები არ უნდა შეიცავდეს დდტ-ს.

ქლორორგანულ შხამიან ნივთიერებებს შეუძლიათ გამოიწვიონ ქრონიკული მოწამვლა. ორგანიზმში მათი მოხვედრა დასაშვებ ზღვარზე მეტი რაოდენობით, იწვევს მწვავე მოწამვლასა და ნერვული სისტემის დაზიანებას ტოქსიკური ენცეფალიტისა და სხვა კლინიკური გამოვლინების სახით. ჩვენს ქვეყანაში დდტ ამოღებულია იმ ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების სიიდან, რომლებიც რეკომენდებულია სოფლის მეურნეობაში მავნებლებთან, მცენარეთა დაავადებებსა და სარეველებთან საბრძოლველად.

ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაბინძურებისადმი ნაკლებად უსაფრთხოა ფოსფორორგანული პესტიციდები (ტიაფოსი, კარბოფოსი, მეტაფოსი და ა.შ.). სოფლის მეურნეობაში ისინი გამოიყენება მარცვლეული კულტურების მავნებლის – მავნე კუსებურასა და ხეხილის მთელი რიგი მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ფოსფორორგანული ნაერთები წყალში ცუდად იხსნება. მათი უპირატესობაა შედარებით მცირე მდგრადობა გარემოში. წყლისა და მზის გავლენით ამ ჯგუფის პრეპარატები დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იშლება და მცირეტოქსიკურ ნაერთებად იქცევა. მათ არ გააჩნიათ მცენარეებში დაგროვების გამოკვეთილი უნარი და ამიტომ ნაკლებად აბინძურებენ დამუშავებული კულტურებისა და ცხოველებისაგან მიღებულ საკვებ პროდუქტებს.

ფოსფორორგანული პრეპარატებით მოწამვლა იშვიათად შეინიშნება, მაგრამ ზოგიერთი პრეპარატი (თიოფოსი, მეთილთიოფოსი, მერკაპთიოფოსი) მაღალტოქსიკურია და შეუძლია მწვავე მოწამვლის გამოწვევა, ამის გამო თიოფოსის გამოყენება აკრძალულია.

ნიადაგის ქიმიური ნივთიერებებით ინტენსიური და მზარდი დაბინძურების გამო დამუშავებულია ზოგიერთი მავნე ნივთიერების ნიადაგში ზღვრული დასაშვები კონცენტრაციები. ნიადაგში ქიმიური ნივთიერებების ნორმირების დროს არა მარტო ის საფრთხეა გათვალისწინებული, რომელიც უშუალოდ ნიადაგთან კონტაქტის დროს წარმოიქმნება, არამედ, უმთავრესად ნიადაგთან კონტაქტში მყოფი გარემოს მეორეული დაბინძურების შედეგებიც. ამასთან ერთად ითვალისწინებენ იმ ფაქტორებსაც, რომლებიც გავლენას ახდენენ ნიადაგში შხამქიმიკატების დაგროვებაზე. ესენია: ნიადაგის ტიპი, მექანიკური შედგენილობა, მორფოლოგია, მიკრობიოცენოზი, pH, ტემპერატურა, ტენიანობა და ა.შ.

სოფლის მეურნეობაში პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ზოგჯერ დაბალი კვალიფიკაციის ადამიანები უარს ამბობენ პესტიციდების გამოყენებაზე. მათ მიაჩნიათ, რომ პესტიციდების გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს კატასტროფული შედეგები კაცობრიობისათვის.

ბევრი მეცნიერი დღეს პლანეტაზე ბიოლოგიური აფეთქების პერიოდს უწოდებს. მათ მხედველობაში აქვთ კოლორადოს ხოჭოს უდიდესი შემოსევა აშშ-სა და ევროპაში, ჰესენური ბუზისა აშშ-ში, კაქტუსების უდიდესი გამრავლება ავსტრალიაში, კალიებისა და მალარიის კოღოს გავრცელების გეოგრაფიის გაფართოება, ვირთხების შემოსევა დიდ ქალაქებში (ერთი ვირთხა წელიწადში სპობს 10-15კგ მარცვლეულს), უმნიშვნელოვანესი კულტურების – კარტოფილის, ბამბის და სხვა დაავადებათა ძლიერი გავრცელება. შეიძლება გავიხსენოთ ისიც, რომ სოფლის მეურნეობას დიდ ზიანს აყენებს სულ ცოტა 800-მდე სახის სხვადასხვა სოკო, 10 000-ზე მეტი მწერი, 2000-მდე მატლი.

მავნებლებთან, მცენარეთა დაავადებებთან და სარეველებთან ბრძოლა უნდა იყოს კომპლექსური, სადაც უნდა გაერთიანეს აგროტექნოლოგიური, ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებები. გათვალისწინებული უნდა იქნეს მავნე ორგანიზმებისაგან დასაცავი კულტურების ბიოლოგიური თავისებურებები, აგრეთვე ეკოლოგიური პირობები.

სოფლის მეურნეობის პრაქტიკაში სულ უფრო ფართოდ გამოიყენება მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლის ბიოლოგიური საშუალებები. ბიოლოგიური დაცვა მხოლოდ მავნებლებს სპობს და ზიანს არ აყენებს დანარჩენ ცოცხალ ორგანიზმებს, არ აბინძურებს გარემოს.

ეს მეთოდი შეთანაწყობილი უნდა იქნეს მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლის ქიმიურ მეთოდებთან, რაც თანამედროვე პირობებში აუცილებელია, რადგან დაახლოებით 300-მდე მწერი მოითხოვს სულ უფრო მეტად კონცენტრირებული პრეპარატების გამოყენებას, რაც, თავის მხრივ, ზრდის გარემოს დაბინძურებას. დღეისათვის ბიოსფეროს პესტიციდებით დაბინძურებისგან დასაცავად გამოიყენება შემდეგი გზები:

1. ისეთი პრეპარატების უპირატესი გამოყენება, რომლებიც სწრაფად იშლება გარემოში. ის ნივთიერებები, რომლებიც ვერ პასუხობენ თანამედროვე ჰიგიენურ ნორმატივებს, იცვლებიან უფრო უსაფრთხო ნაერთებით.

2. მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლის ქიმიური საშუალებების ბიოლოგიურით შეცვლა. ამჟამად დამუშავებულია და წარმოებაში აქტიურად ინერგება ბიოლოგიური პრეპარატების საშუალებით სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებებისა და მავნებლებისაგან დაცვის ზონალური სისტემები.

/სოფლის მეურნეობის ქიმიზაცია და გარემოს დაცვა/
ავტორები: ა. თხელიძე, რ. ლიპარტელიანი, ნ. მუმლაძე, ხ. ხომასურიძე, გ. დანელია.

იხილეთ აგრეთვე: სასუქების გამოყენება და გარემოს დაბინძურება

თქვენი რეკლამა