თანამედროვე აგროქიმიის ერთ-ერთ ამოცანას მინერალური სასუქების ეფექტურობის გადიდება და გარემოზე სოფლის მეურნეობის ინტენსიური ქიმიზაციის ეკოლოგიური ზემოქმედების შესწავლა წარმოადგენს.
სასუქების გამოყენების თვალსაზრისით, გარემოს დაცვის პრობლემამ თანამედროვე პირობებში განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა დასავლეთ საქართველოს უხვნალექიან ზონებში და სარწყავი მიწათმოქმედების პირობებში, სადაც ქიმიზაციის განვითარების სწრაფი ტემპები შეთანაწყობილია ნიადაგის წყლით გამორეცხის რეჟიმთან, მეცხოველეობის ინტენსიურ განვითარებასთან და სასუქების შესანახი საწყობების არასაკმარის რაოდენობასთან.
ამასთან, ზოგიერთ ზონაში მრავალი წლის განმავლობაში სასუქების ინტენსიური გამოყენებით, შეიქმნა აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის დადებითი საწყისი ბალანსი, რის გამოც მინერალური სასუქების გამოყენების ტემპები მნიშვნელოვნად ჭარბობენ მოსავლით საკვები ელემენტების გამოტანას.
მიუხედავად ამისა, მომავალშიც სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გადიდების მთავარ საშუალებად კვლავ დარჩება მინერალური სასუქების გამოყენება, რაც უზრუნველყოფს მოსავლის 50 %-იანი ნამატის მიღებას. ზოგიერთი მწვანე მასის მომცემ მცენარეში (მაგალითად, ჩაი და სხვ 80%).
მინერალური სასუქების გამოყენებაზე უარის თქმა გამოიწვევს სურსათის წარმოების კატასტროფულ შემცირებას. აქედან გამომდინარე, ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი სწორი გზა არის არა სასუქების გამოყენებაზე უარის თქმა, არამედ მინერალური სასუქების გამოყენების ტექნოლოგიის ძირეული გაუმჯობესება. /ამ ეტაპზე მაინც – აგროკავკასია/
სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს აქვთ განსხვავებული მოთხოვილება ძირითად საკვებ ელემენტებზე. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ვიცოდეთ თუ როგორი გამოტანა ახასიათებთ მათ ერთი და იმავე მოსავლიანობის პირობებში (ცხრ. 1), რათა შემდგომში შევაფასოთ რამდენად სწორად შევიტანეთ სასუქი, მცენარის ბიოლოგიური თავისებურებების, კლიმატურ-ნიადაგური პირობების და მოსავლის დონის გათვალისწინებით, რათა საჭიროების შემთხვევაში განვახორციელოთ სათანადო კორექტივები.
ცხრ. 1. სხვადასხვა ერთწლიანი კულტურების ბიოლოგიური მოთხოვნილება ძირითად საკვებ ელემენტებზე
ცხრილიდან ჩანს, რომ ერთწლიანი კულტურებიდან საკვებ ელემენტებზე ყველაზე მაღალი მოთხოვნილებით და მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევიან:
I ჯგუფის კულტურები – შაქრის ჭარხალი, საკვები ჭარხალი და კარტოფილის უცხოური ჯიშები, რომელთაც 455-535კგ NPK გამოაქვთ 1 ჰა-დან;
II ჯგუფის კულტურებს: ხორბალს, ქერს, სიმინდს, კარტოფილის ადგილობრივ ჯიშებს, კომბოსტოს და სუფრის ჭარხალს გამოაქვთ I ჯგუფზე თითქმის 70-100 კგ-ით ნაკლები 312-408კგ NPK;
III ჯგუფს: პამიდორს, კიტრს, ხახვს, ბადრიჯანს, სტაფილოს გამოაქვთ 221-262კგ NPK, რაც II ჯგუფზე 90-140კგ-ით ნაკლებია.
IV ჯგუფის კულტურებს: საზამთროს, ნესვის და სალათას მიერ საკვები ელემენტების გამოტანა კიდევ უფრო ნაკლებია და 153-160კგ ფარგლებშია, რაც 70- 100კგ-ით ნაკლებია III ჯგუფის მცენარეების საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილებაზე.
V ჯგუფის კულტურები – გამოირჩევიან ყველაზე დაბალი მოთხოვნილებით, მათ 90-94 კგ-მდე NPK გამოაქვთ.
როგორც ცხრილიდან ჩანს, ერთწლიანი კულტურების უმრავლესობა უფრო მეტ მოთხოვნილებას აყენებს აზოტზე და კალიუმზე. ფოსფორის გამოტანა 5-6-ჯერ ნაკლებია ამ ორ ელემენტთან შედარებით.
საკვები ელემენტების ნორმების გაანგარიშება უნდა მოხდეს ზემოხსენებული კულტურების მოსავლის დონის, საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილების და ნიადაგის ნაყოფიერების გათვალისწინებით. თუ ამ სამი ძირითადი ფაქტორიდან რომელიმე გამოირიცხა, მაშინ გაანგარიშებული ნორმა არ იქნება სწორი.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს აზოტიანი სასუქების ნორმების გაანგარიშებას და დაზუსტებას, რომელთა რაოდენობა ცალკეული კულტურების და მოვლა-მოყვანის პირობების მიხედვით, ფართო ფარგლებში მერყეობს (ცხრ. 2), მათი გადიდებული ნორმების გამოყენებით ადგილი აქვს საკვები პროდუქტების, ნიადაგის, ჰაერის, წყალსატევების ყველაზე შესამჩნევ დაბინძურებას.
იმის გამო, რომ აზოტის ნორმები ძალიან ფართო ფარგლებში მერყეობს, ყველა სპეციალისტი ვალდებულია პროდუქციის და გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, აზოტიანი სასუქის შესატანი ნორმა არეგულიროს კულტურის ბიოლოგიური თავისებურების, ნიადაგურ-კლიმატური პირობების, მოსავლის დონის, გასარწყავების და პროდუქციის ხარისხის გათვალისწინებით, რათა მაქსიმალურად შემცირდეს საკვები ელემენტების არაპროდუქტიული დანაკარგები.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სასუქების არსებული ფორმები და მათი გამოყენების დღევანდელი აგროტექნოლოგიური რეჟიმი, ვერ უზრუნველყოფენ მათგან საკვები ელემენტების სრულყოფილ შეთვისებას, რის გამოც პირველი კულტურის მიერ აზოტის გამოყენების კოეფიციენტი არ აღემატება 41%, ფოსფორის – 12%, კალიუმის 44%.
სასუქების შეტანის ტექნოლოგიის დარღვევისას, განსაკუთრებით მათი მაღალი ნორმების გამოყენებისას, კიდევ უფრო მცირდება საკვები ელემენტების გამოყენების კოეფიციენტები და იზრდება დანაკარგები.
ცხრ. 2. აზოტის ნორმების ცვალებადობა ცალკეული კულტურების მიხედვით
გარემოს დაბინძურება მინერალური და ორგანული სასუქებით შეიძლება მოხდეს მათი დატვირთვა-გადმოტვირთვის, გადაზიდვის და შეტანის დროს, ხოლო უკვე შეტანილი სასუქები შეიძლება დაიკარგოს სარწყავი და წვიმის წყლით გადარეცხვით და ნიადაგის ქვედა ფენებში ჩარეცხვით, ქარისმიერი ეროზიით. აზოტიანი სასუქის დიდი ნაწილი შეიძლება დაიკარგოს მათი არასწორი ზედაპირული შეტანის შემთხვევაში აქროლებით.
იმისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ სასუქებით გარემოს დაბინძურება, აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რა გზებით წარმოებს საკვები ელემენტების დანაკარგები ნიადაგიდან და სასუქიდან, რათა შემდგომში დავსახოთ დანაკარგების თავიდან აცილების ან მინიმუმამდე შემცირების ღონისძიებები.
ძირითად საკვებ ელემენტების გარდა, მცენარეს დიდი რაოდენობით ესაჭიროება გოგირდი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, მანგანუმი, თუთია, სპილენძი, მოლიბდენი, ბორი და სხვა მაკრო და მიკროელემენტები.
ამჟამად წარმოება უშვებს შემდეგი ტიპის სასუქებს: აზოტიანი სასუქებიდან _ ამონიუმის გვარჯილას, შარდოვანას, ამონიუმის სულფატს და კალიუმის გვარჯილას; ფოსფორიანი სასუქებიდან _ მარტივ და ორმაგ სუპერფოსფატს; კალიუმიანი სასუქებიდან _ კალიუმის ქლორიდს და კალიუმის 40 % მარილს; კომპლექსური სასუქებიდან _ ამოფოსს, დიამოფოსს, ნიტროფოსს, ნიტროამოფოსს, ნიტროფოსკას, დიამოფოსკას, დიამონიტროფოსკას და სხვა.
ამ სამი ელემენტის შემცველი სასუქების გარდა დიდი რაოდენობით არის საჭირო, გოგირდის, კალციუმის, მაგნიუმის, რკინის, მანგანუმის, თუთიის, სპილენძის, მოლიბდენის, ბორის და სხვა მაკრო და მიკროელემენტების შემცველი სასუქები.
ნიადაგში სასუქების მცირე ნორმებით შეტანა არსებითად არ ცვლის საკვები ელემენტების მარაგსა და თვით ნიადაგის თვისებებს, მაშინ, როცა სასუქების მაღალი ნორმების სისტემატურმა შეტანამ, ნიადაგის მჟავიანობისა და თვისებების გაუთვალისწინებლად, შესაძლებელია სერიოზული დარღვევები გამოიწვიოს საკვები ელემენტების ბიოქიმიური ციკლის მსვლელობასა და ეკოსისტემაში.
ამ დარღვევებს უფრო ხშირად აქვთ ადგილი დიდი ქალაქების მებოსტნეობის საგარეუბნო ზონებში, შაქრის ჭარხლისა და სხვა ტექნიკური კულტურების გავრცელების რაიონებში, სადაც მინერალური და ორგანული სასუქების მაღალ ნორმებს იყენებენ.
/სოფლის მეურნეობის ქიმიზაცია და გარემოს დაცვა/
ავტორები: ა. თხელიძე, რ. ლიპარტელიანი, ნ. მუმლაძე, ხ. ხომასურიძე, გ. დანელია.