უნგრეთის სოფლის მეურნეობის კვლევისა და ინოვაციების ეროვნული ცენტრის, მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის გაცნობის მიზნით, საქართველოს ესტუმრნენ.
უნგრელი მეღვინეები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს და ცენტრის თანამშრომლებს შეხვდენენ და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
როგორც ლევან უჯმაჯურიძემ აღნიშნა, საქართველოს უნგრეთის მეღვინეობის ინსტიტუტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის გაუქმების შემდეგ შეწყდა. ცენტრის დირექტორის განცხადებით, აუცილებელია თანამშრომლობის აღდგენა და ერთობლივი კვლევების განხორციელება.
„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ქართული ჯიშების აღდგენა-კონსერვაციას ეწევა. ჩვენი კოლექცია მსოფლიოში ცნობილია. გარდა კულტურული ვაზისა, ჩვენს კოლექციაში დაცულია ველური ვაზის ჯიშები. ჯიღაურას ბაზაზე ქართული 460-მდე და უცხოური 350-ზე მეტი ვაზის ჯიშია, მათ შორის, რამდენიმე უნგრულიც. გვაქვს სურვილი, უფრო მეტი უნგრული ჯიში შეემატოს ჩვენს კოლექციას“, – აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
უნგრეთის მევენახოებისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა უნგრეთის მევენახეობა-მეღვინეობის პოტენციალსა და განვითარებაზე, ასევე, ინსტიტუტის საქმიანობასა და განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში, უნგრელმა სტუმრებმა ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერეს, საქართველოს ღვინის ქარხნები მოინახულეს, შეხვდერები გამართეს საქართველოს აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტების მეღვინეობის სპეციალისტებთან და კახეთისა და იმერეთის რეგიონებს ესტუმრნენ.