სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება ღვინის ინდუსტრიაში

ღვინის

FAO-ს ღვინის წარმოების საერთაშორისო ექსპერტმა სილვია ბურუეზო ესკობარმა ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, ტრენინგები ჩაატარა თბილისსა და თელავში. საგანმანათლებლო შეხვედრებს ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტიორი ქართული ღვინის კომპანიების ტექნიკური თანამშრომლები დაესწრნენ.

ტრენინგები აქცენტირებული იყო და მიზნად ისახავდა, ქვეყნის ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლების უნარების გაუმჯობესებას, შემდგომში, ეროვნული და ევროკავშირის სურსათის უვნებლობის რეგულაციების შესაბამისი სტანდარტების მქონე ღვინის წარმოების უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის მხარდაჭერილ FAO-ს ტრენინგებს დაახლოებით 40 მცირე, საშუალო და დიდი ღვინის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავდა ღვინის ქვევრში ტრადიციული წარმოებისას სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის თემატიკასაც.

ექვსი ნაწილისგან შემდგარი სასწავლო პროგრამა შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სურსათის უვნებლობის საშიშროებები, სურსათით გამოწვეული დაავადებები, ჰიგიენა, ენოლოგიური მასალების დამუშავება, ხარისხის კონტროლი ღვინის ინდუსტრიაში და HACCP სტანდარტის დანერგვა.

ამგვარად, ღვინის მწარმოებლებისთვის ჩატარებული საგანმანათლებლო შეხვედრების მიზანი, მეღვინეებისთვის ცოდნის გაზიარება იყო მათი ბიზნესსაქმიანობის ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სტანდარტებსა და რეგულაციებთან თანხვედრაში მოსაყვანად, რაც საქართველოს ღვინის ინდუსტრიას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გაუჩენს.

„საქართველოს, როგორც ღვინის აკვანს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ღვინის წარმოება აქვს, მათ შორის წარმოების ტრადიციული და უნიკალური ხერხებით, როგორიცაა ქვევრის მეთოდი. ბიზნესოპერაციების ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან თანხვედრაში მოყვანა უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის კიდევ უფრო მეტი ექსპორტის შესაძლებლობების შესაქმნელად და FAO, ევროკავშირის მხარდაჭერით, ეხმარება ქვეყანას ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის გამოყენებაში“, ამბობს ხავიერ სანს ალვარესი, FAO-ს პროგრამის კოორდინატორი.

„ევროკავშირი საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებს, მხარში უდგას ევროკავშირის სურსათის უვნებლობის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში. საქართველოს ღვინის ინდუსტრიას, ქვეყნის მსოფლიო რუკაზე პოზიციის გამყარებისა და ღვინის მოყვარულთათვის  მისი ისტორიის, ტრადიციების, უნიკალურობისა და მრავალფეროვნების გაცნობის პოტენციალი გააჩნია.

ღვინის წარმოებაში სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესება, ნამდვილად დიდი ნაბიჯი იქნება ამ პოტენციალის რეალიზებისთვის“, ამბობს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი.

თქვენი რეკლამა