სურსათის ნარჩენების მართვის კონცეფციის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია

სურსათის, ნარჩენების, მართვის

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) თბილისში „სურსათის ნარჩენების მართვის კონცეფციის“ პრეზენტაციასა და დაინტერესებულ მხარეთა სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრა ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეოთხე ფაზის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სურსათის ნარჩენების მართვის კონცეფციის წარდგენასა და მის განხილვას დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, რომლებიც ჩართულნი არიან სურსათის ნარჩენების მართვასა და სურსათის გადანაწილებაში. კონცეპტუალური დოკუმენტი საბოლოო სახეს სამუშაო შეხვედრაში მონაწილე მხარეების უკუკავშირის გათვალისწინებითა და აღნიშნულის დოკუმენტში ასახვის შემდეგ მიიღებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სურსათის ნარჩენების მართვაში ჩართული საჯარო სერვისების წარმომადგენლები, პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუციები და მარეგულირებელი ორგანოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საცალო მოვაჭრეები, საცალო მოვაჭრეთა ასოციაციები, საქველმოქმედო ორგანიზაციები და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის People in Need, რომლებიც ევროკავშირის მიერ ფინანსდება საქართველოში სურსათის მდგრადი სისტემის ხელშეწყობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წვლილის ხელშესაწყობად. მოწვეული სტუმრები აქტიურად ჩაერთნენ ღონისძიების ფარგლებში სურსათის ნარჩენების მართვის თემაზე  ორგანიზებულ სადისკუსიო ნაწილში და წარდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს სამუშაო შეხვედრის მონაწილე მხარეებს.

დოკუმენტი ფუნდამენტურ როლს შეასრულებს სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისას. ის წარმოადგენს ჩარჩოს კონკრეტული მიზნებით, „სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საქართველოს კანონის განსახორციელებლად. ასევე, კონცეფცია ხაზს უსვამს საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში არსებული თანამშრომლობის, ინფორმირებული გადაწყვეტილებების  მიღებისა და მიზნობრივი ჩარევების მნიშვნელობას.

„საკვები პროდუქტის უზარმაზარი რაოდენობა ყოველდღიურად იკარგება და იყრება, ხოლო, ამ დროს, ეკონომიკურად მოწყვლადი ოჯახები და თემები სურსათის უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე რჩებიან. სურსათის ნარჩენების მართვის კონცეფცია ამ გლობალურ გამოწვევასთან ეროვნულ დონეზე გამკლავებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ის პოლიტიკური დოკუმენტის ჩარჩოს განვითარებას დაეხმარება, რაც “სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონის იმპლემენტაციას უზრუნველყოფს. ეს კი საქართველოს მოსახლეობისთვის ხელშესახებ შედეგებსა და გრძელვადიან ზეგავლენას იქონიებს ეკონომიკური, სოციალური და გარემოს მდგრადობის კუთხით,” ამბობს გუიდო აგოსტინუჩი, FAO-ს პროგრამის მენეჯერი.

„სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება დაინტერესებული მხარეების ჩართულობას მოითხოვს და მიხარია, რომ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო პოლიტიკური დოკუმენტები იქმნება ასეთ ინკლუზიურ ფორმატში, რომელშიც ჩართულები არიან სახელმწიფო სტრუქტურები, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქველმოქმედო ფონდები. სურსათის ნარჩენების შემცირებისა და შეწირულობის კომპლექსური ინიციატივების განხორციელება გარდაუვალად შეამცირებს სოციო-ეკონომიკურ უთანასწორობებს საქართველოს მოსახლეობაში სურსათზე გაუმჯობესებული წვდომის უზრუნველყოფის მეშვეობით. აღნიშნული ინიციატივების განსახორციელებლად კი მნიშვნელოვანია არსებობდეს კონკრეტული გზამკვლევი და პოლიტიკის ჩარჩო. სურსათის ნარჩენების მართვის კონცეფცია სწორედ ამას გვთავაზობს და ველი მისი საბოლოო ვერსიის ხილვას, რომელიც პოლიტიკის ინკლუზიური წარმოებას ჩაუყრის საფუძველს“, განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარების და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამის მენეჯერმა.

თქვენი რეკლამა