
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი, ვანო მეჭურჭლიშვილი საუბრობს სემეკის მიერ მელიორაციის სექტორის რეგულირების საკითხებზე.
როგორ შეცვალა მელიორაციის სექტორი სემეკის რეგულირებამ?
ვანო მეჭურჭლიშვილი:
- მელიორაციის სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს საირიგაციო წყლის იმ დროს მიწოდება, როდესაც მცენარე საჭიროებს მორწყვას. ფერმერისთვისაც ეს ერთ-ერთი მთავარი გარემოებაა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საკითხი კულტურის შერჩევის ეტაპზეა. წყალმომარაგებაში სწორი მოლოდინის შექმნისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენდა, საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის რესურსისა და მისი განაწილების შესახებ ინფორმაციის არ არსებობა. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა მოლოდინი შეიძლება ჰქონოდა ფერმერს საირიგაციო წყლის მომარაგების ხელშეკრულების გაფორმებისას. ასევე, რის საფუძველზე შეძლებდა ფერმერი მისი უფლების დაცვას სხვა პირის მიერ წყლის ათვისების ან წყლის ნაკლებობის (დეფიციტის) შემთხვევაში. არსებულ გარემოს კიდევ უფრო ამძიმებდა რწყვის ნორმების არ არსებობა (თუ რა მოცულობის წყალის მიღებაა დასაშვები). ყოველივე აღნიშნული, ფერმერისთვის ქმნიდა ისეთ ილუზიას, რომ თითქოს წყალი შეეძლოთ მოეხმარათ განუსაზღვრელი რაოდენობით. ამას ემატებოდა არაპროფილური მომხმარებლების აღურიცხავი და არასისტემური მოხმარება (წყლის მოხმარების ნორმების არარსებობის შედეგად), რაც საერთო ჯამში იწვევდა საირიგაციო წყლის არამიზნობრივ და არა რაციონალურ ხარჯვას, ხშირ შემთხვევაში საირიგაციო სისტემაში წყლის ათვისებას პროფილურ მომხმარებლებისთვის მიწოდებამდე. თავისთავად ასეთ გარემოში, ხშირად ექნებოდა ადგილი წყლის თვითნებურ მოხმარებასაც. მეორე მხრივ აშკარაა, რომ მელიორაციის კომპანია აქტიურად ცდილობდა არსებულ არასახარბიელო გარემოსთან ბრძოლას, სთავაზობდა მომხმარებელს სხვადასხვა გარემოებაზე მორგებული მომსახურებებს, ცდილობდა უკანონო და თვითნებურ მოხმარებებზე რეაგირებას. თუმცა რეგულაციების არქონის გამო მათ მოქმედებას ვერ ექნებოდა შედეგი რადგანაც, ეს მოქმედებები არ იყო გამყარებული სამართლებრივი აქტებით, ერთგვაროვანი ქცევის წესებით. შესაბამისად სისტემას აკლდა საიმედოობა, სტაბილურობა და გამჭვირვალობა.
მელიორაციის სექტორი შეიძლება იყოს პროგნოზირებადი?
- 2024 წელს სურათი ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად შეიცვალა. სემეკმა, რომელსაც აქვს რეგულირების დიდი გამოცდილება და კომუნალურ სექტორებში დამკვიდრებული მაღალი სტანდარტები, მელიორაციის სფეროშიც შემოიტანა ახალი წესრიგი. სემეკმა მელიორაციის სექტორში დანერგა ის სტანდარტები, რომლებმაც წლების განმავლობაში ეფექტურად იმუშავა კომუნალურ სექტორებში. სწორედ 2024 წელს შევიდა ძალაში სემეკის მიერ დამტკიცებული საირიგაციო წყლის მიწოდების ახალი წესები, რომელიც არეგულირებს მელიორაციის კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს და ადგენს მომსახურების პირობებს. ახალი წესები, თავიდანვე იქნა მიმართული ყველაზე მნიშვნელოვან გარემოებაზე, რათა ფერმერს გასჩენოდა სწორი მოლოდინი წყალმომარაგებაზე. წესების მიხედვით, მელიორაციის კომპანიას გაუჩნდა ვალდებულება შეემუშავებინა და საჯარო გაეხადა საირიგაციო სისტემაში წყლის მიწოდების რეჟიმები, აგრეთვე განესაზღვრა ამ სისტემებზე დეფიციტური არეალები, სადაც გავრცელდებოდა დეფიციტის პირობებში წყლის განაწილების წესი. ამასთან, აღნიშნული წესებით განისაზღვრა, რომ საირიგაციო სისტემაში წყლით სარგებლობა დასაშვებია, მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში განსაზღვრული მოცულობით, რომელი პრინციპიდან გამომდინარე სავალდებულო გახდა წყალმომარაგების ნორმების განსაზღვრა.
შესაბამისად, წესებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან გამომდინარე მელიორაციის კომპანიამ შეასრულა ურთულესი სამუშაოები: პირველად საქართველოს მელიორაციის ისტორიაში შემუშავდა და საჯაროდ გამოქვეყნდა წყლის მიწოდების რეჟიმები 127 საირიგაციო სისტემაზე ინდივიდუალურად – ეს ინფორმაცია განთავსებულია მელიორაციის კომპანიის ვებგვერდზე და დღეს ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ფერმერი ზუსტად ხედავს, როდის იქნება საირიგაციო სისტემაში წყალი, რაც ეხმარება მას საქმიანობის წინასწარ დაგეგმვაში და კულტურის სწორად შერჩევაში.
აღსანიშნავია, რომ მომდევნო წლის წყლის მიწოდების რეჟიმის დამტკიცებამდე, პირველ ეტაპზე მელიორაციის კომპანია აქვეყნებს წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტს საჯარო განხილვისთვის. ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ აქტიურად იყვნენ ჩართულნი წყალმომარაგების რეჟიმის დამტკიცების პროცესში და მონაწილეობა მიიღონ საჯარო განხილვაში, მოითხოვონ წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტში ცვლილების შეტანა და მოარგონ წყლის მიწოდების რეჟიმი მათ საჭიროებებზე. მელიორაციის კომპანია ვალდებულია, განიხილოს წყლის მიწოდების რეჟიმთან მიმართებით დაინტერესებული პირების წინადადებები, უპასუხოს მათ და ისე დაამტკიცოს საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმი 1 თებერვლამდე.
უნდა აღინიშნოს, რომ წესებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მელიორაციის კომპანიის მიერ ასევე პირველად დამტკიცდა დეფიციტის არეალები და ამ დეფიციტის პირობებში წყლის განაწილების წესი. საირიგაციო სისტემების მიხედვით წყლის მიწოდების რეჟიმისა და დეფიციტური არეალების წინასწარ ცოდნა, მომხმარებელს თავიდანვე უქმნის სწორ მოლოდინს წყლის მიღებასთან დაკავშირებით.
წესების მიხედვით, ფერმერს გაუჩნდა შესაძლებლობა მელიორაციის კომპანიას მოსთხოვოს დეფიციტის რეჟიმის გამოცხადება, თუ შეთანხმებულ პერიოდში ვერ მიიღებს წყალს. დეფიციტის რეჟიმის მოქმედების პერიოდში, წყლის არსებული რესურსი მთლიანად იქნება მიმართული ფერმერების (პროფილური მომხმარებლების) მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და მხოლოდ მათთვის საჭირო წყლის მიწოდების შემდეგ, შესაძლებელი იქნება სხვა კატეგორიის მომხმარებლებისთვის წყლის მიწოდება.
რატომ არის საჭირო წყლის მოხმარების ნორმების წინასწარ განსაზღვრა?
- გარდა საირიგაციო წყლის მიწოდების რეჟიმების შემუშავების ვალდებულებისა, მელიორაციის კომპანიას გაუჩნდა ვალდებულება შეემუშავებინა და საჯაროდ გამოექვეყნებინა ტბორის ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში წყლის მოხმარების ნორმები და კულტურებისა და ზონების მიხედვით მორწყვის რეჟიმები, თავის მხრივ მომხმარებელს გაუჩნდა ვალდებულება საირიგაციო წყლის მოხმარება განახორციელოს აღნიშნული ნორმების დაცვით.
შესაბამისად, მელიორაციის კომპანიამ შეიმუშავა და საჯაროდ გამოაქვეყნა მორწყვის რეჟიმების სხვადასხვა კულტურისა და ზონების მიხედვით. აღნიშნული არამარტო უზრუნველყოფს წყლის რესურსების რაციონალურ გამოყენებას, არამედ ხელს უწყობს მაღალ მოსავლიანობას. აგრეთვე, მოწესრიგდა ტბორების მიერ საირიგაციო წყლის მოხმარების საკითხიც. მელიორაციის კომპანიამ შეიმუშავა და მის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ გამოაქვეყნა ტბორების ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში წყლის მოხმარების ნორმები. მელიორაციის კომპანია უარს განუცხადებს ტბორს საირიგაციო წყლის მიწოდებაზე, თუ ტბორის მიერ მოთხოვნილი წყლის მოცულობა აშკარად აღემატება ტბორის ნორმალური ექსპლუატაციისთვის წყლის მოხმარების დადგენილ ნორმას. ამასთანავე, იმისათვის, რომ ტბორების მიერ არ მოხდეს წყლის უკონტროლო მოხმარება ეტაპობრივად დაიწყო მათი გამრიცხველიანების პროცესი. მრიცხველები უკვე დამონტაჟდა 15 ტბორთან და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება. აღნიშნული ღონისძიებები ეხმარება როგორც მელიორაციის კომპანიას, ისე მომხმარებელს, რომ წყლის ხარჯი იყოს ზუსტად აღრიცხული და მართვადი. სემეკმა დაადგინა პასუხისმგებლობის გამიჯვნის ის წერტილები, სადაც წყლის მიწოდების ვალდებულება სრულდება მელიორაციის კომპანიის მხრიდან და საიდანაც იწყება ფერმერის პასუხისმგებლობა. ადრე ეს საზღვარი ბუნდოვანი იყო და ხშირად იწვევდა გაუგებრობას. ახლა, თუ მიწოდების წერტილი შორსაა ან რეალურად ვერ ემსახურება ნაკვეთს, ფერმერს შეუძლია მოითხოვოს მისი შეცვლა ან დამატებითი წერტილის მოწყობა.
წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების აუცილებლობა
- იმისთვის, რომ წყლის მიწოდება არ იყოს ქაოსური და თვითნებური, წესების შესაბამისად, წყლის მიღება დასაშვებია მხოლოდ, მელიორაციის კომპანიასთან წყალსარგებლობის განრიგის ინდივიდუალურად შეთანხმების შემდგომ. ფერმერმა მელიორაციის კომპანიასთან წინასწარ უნდა შეათანხმოს წყალსარგებლობის განრიგი, სადაც მითითებული იქნება, საირიგაციო წყლის მიწოდების განრიგი და წყლის შესაბამისი მოცულობები. წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების გარეშე წყლის მოხმარება ჩაითვლება უკანონოდ. წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება იწყება 1 თებერვლის შემდგომ, მას შემდგომ, რაც მელიორაციის კომპანიის მიერ თითოეულ საირიგაციო სისტემაზე დამტკიცდება წყლის მიწოდების რეჟიმი. შესაძლებელი გახდა წყალსარგებლობის განრიგით მოთხოვნილი წყლის მიწოდების პერიოდების ამ საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმთან მოსულიყო შესაბამისობაში. ყოველივე ზემოაღნიშნული პირდაპირ ემსახურება წყალმომარაგებაში სწორი მოლოდინების შექმნას, ხოლო წყლის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს საშუალება ეძლევა დაიცვას თავი და მოითხოვოს დეფიციტის გამოცხადება, რა შემთხვევაშიც ფერმერებისთვის ხდება წყლის უპირატესი მიწოდება. წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებისას გასათვალისწინებელია, რომ მის შეთანხმებასაც თავისი წესი აქვს: წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებისას, პირველ მარტამდე უპირატესობა ენიჭებათ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებს, შემდეგ პირველ აპრილამდე — ფერმერებს, ხოლო პირველი აპრილის შემდგომ წყლის ათვისება ხდება თანაბარი პირობებით (ვინც პირველად მოითხოვს შესაბამის პერიოდზე წყლის დაუკონტრაქტებელ მოცულობა). აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ფერმერებმა წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება დაასრულონ პირველ აპრილამდე.
აღსანიშნავია, რომ მორწყვის ოპერაციის დაწყებამდე 20 კალენდარული დღით ადრე, ფერმერს შეუძლია შეცვალოს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი ცალმხრივად. კერძოდ, მელიორაციის კომპანიას მოსთხოვოს შეთანხმებული ოპერაციის გაუქმება. ეს ყველაფერი (ამ მარტივ პრინციპებზე დაყრდნობით) ხელს უწყობს წყლის რესურსის უფრო ეფექტიან განაწილებას და სექტორში პასუხისმგებლიან მიდგომის დამკვიდრებას.
სერვისების ხელმისაწვდომობა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება
- აღნიშნულ სექტორში მნიშვნელოვანია, რომ ფერმერს ჰქონდეს მარტივი წვდომა სხვადასხვა სერვისებზე და იყოს ინფორმირებული წყლით მომარაგებასთან დაკავშირებულ პროცესებზე.წესების მოთხოვნების შესაბამისად, ფერმერს მელიორაციის კომპანიისგან ეგზავნებათ SMS შეტყობინებები, ახალ წყალმომარაგების სეზონზე საირიგაციო სისტემაში წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების პერიოდის დაწყების, ასევე შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებული ოპერაციის დაწყებასა და მომარაგებასთან დაკავშირებულ სხვა გარემოებებზე. წესებით განსაზღვრული მომსახურების პირობების გათვალისწინებით, სემეკის მიერ შემუშავდა 30-ზე მეტი ტიპური განაცხადის ფორმა, რომლებიც ფერმერს სხვადასხვა ტიპის მომსახურებისთვის სჭირდება და ეხმარება რომ მისი მოთხოვნა სრულყოფილად ჩამოაყალიბოს და არ დაუშვას გაუთვალისწინებელი შეცდომა განაცხადის შევსებისას. აღნიშნული განაცხადის ფორმები განთავსებულია როგორც კომისიის (https://gnerc.org/ge/gantskhadebis-tipuri-formebi/irigatsia), აგრეთვე მელიორაციის კომპანიის (https://www.ag.ge/Ge/ServiceCenters#) ვებგვერდზე. დღეის მდგომარეობით, ასევე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, დასრულების ეტაპზეა მელიორაციის განცხადებების იუსტიციის სახლების მომსახურების ცენტრებში ჩაბარების მომსახურება. უახლოეს მომავალში ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ იუსტიციის სახლის მეშვეობით მელიორაციასთან დაკავშირებული მომსახურება მიიღონ მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ 142 ფილიალში (122 ფილიალში და 20 მობილურ იუსტიციის სახლში).
სემეკის ინიციატივით, მიმდინარეობს მელიორაციის სექტორში *303# სერვისის დანერგვა — ეს არის მობილური კოდის სისტემა, რომელიც ინტერნეტის გარეშე მუშაობს და უახლოეს პერიოდში საშუალებას მისცემს ფერმერს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ტელეფონის მეშვეობით *303#-ის აკრეფით ნებისმიერ დროს განახორციელოს ბალანსის შემოწმება, მოითხოვოს ქვითრის ხელმეორედ გაგზავნა, ნახოს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი, დააფიქსიროს ავარიული წყვეტა ან სხვა მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემა. ყველა ეს ოპერაცია რაც დაკავშირებული განაცხადის განხილვასთან აღირიცხება სემეკის ელექტრონულ სისტემაში, და მელიორაციის კომპანიის მიერ განხორციელებული რეაგირება მომხმარებლის მოთხოვნაზე კონტროლდება კომისიის მიერ.
როგორ მიმდინარეობს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ხელშეწყობა?
- სემეკმა განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოუცხადა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებს. წესების მიხედვით, მელიორაციის კომპანიას აქვს ვალდებულება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასთან გააფორმოს მინიმუმ 10 წლიანი ხელშეკრულება, სადაც წინასწარ განისაზღვრება მისაწოდებელი წყლის მინიმალური და მაქსიმალური მოცულობები. მხარეებს შორის გრძელვადიანი, სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს პირგასამტეხლოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გარანტირებული წყლის მინიმალური მოცულობის შეუსრულებლობისთვის. მელიორაციის კომპანიასთან გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულება, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების წევრებს საშუალებას აძლევთ სწორად დაგეგმონ წლიური ბიუჯეტი, აგრეთვე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას საშუალებას აძლევს გახდეს სანდო პარტნიორები ბანკებისთვის და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დიდი დახმარებაა.
რატომ არის ახლა ფერმერის ხმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
- ფერმერს აქვს შესაძლებლობა, აქტიურად იყოს ჩართული როგორც წყლის მიწოდების რეჟიმის დამტკიცების პროცესში, ასევე თუ შემდგომ უკვე წყალსარგებლობის განრიგით შეთანხმებულ პერიოდში არ მიეწოდება წყალი მოითხოვოს დეფიციტის გამოცხადება.
დეფიციტის რეჟიმის მოქმედების პერიოდში წყლის არსებული რესურსი მთლიანად იქნება მიმართული ფერმერების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და მხოლოდ, მათთვის საჭირო წყლის მიწოდების შემდეგ, შესაძლებელი იქნება სხვა (არაპროფილური) კატეგორიის მომხმარებლებისთვის წყლის მიწოდება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული მოცემულია მარეგულირებელი კომისიის მიერ დამტკიცებულ წესებში. ამ წესების დარღვევის შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ სემეკს სიტუაციის შესწავლისა და წესებით გარანტირებული უფლებების დაცვის მიზნით. შესაბამისად, ყოველივე ეს ფერმერს საშუალებას აძლევს აქტიურად იყოს ჩართული პროცესებში და დაიცვას მისი ინტერესები.
მინდა მივმართო ფერმერებს:
„გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა — მოითხოვეთ სასურველი წყალსარგებლობის გრაფიკი, დაიცავით თქვენი ინტერესები, ჩაერთეთ წყლის რესურსის განაწილების პროცესში და იყავით იმ ცვლილებების ნაწილი, რომელმაც საირიგაციო წყლის მომარაგება გამჭირვალე და სამართლიანი გახადა“.