სამუხის ველზე ქურციკების მეცხრე თაობა დაიბადა. პატარა ლიკლიკები კამერის წინ ჯერ-ჯერობით არ ჩნდებიან. ისინი დაბადებიდან 2-3 კვირის განმავლობაში, საიმედოდ იმალებიან ბალახში და სამალავს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, სწრაფი ნახტომებით ტოვებენ.
ქურციკი, ჯეირანი (ლათ. Gazella subgutturosa) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 95-115 სმ, მასა 33 კგ აღწევს. ძირითადად ბალახეულით იკვებება.
XIX საუკუნის II ნახევარში ქურციკი ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში: სამგორის, ყარაიას, შირაქისა და ელდარის ველებსა და ნახევრად უდაბნოს ზონაში. განსაკუთრებით მკვეთრად შემცირდა ქურციკის გავრცელების ადგილები XX საუკუნის 20-40-იან წლებში, ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო მიზნით ფართოდ ათვისების გამო.
ქურციკის, იგივე ჯეირნის აღდგენის პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის (KfW) ფინანსური მხარდაჭერითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით წარმატებით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის დაცული ტერიტორია დაარსდა, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ქურციკების პოპულაციის აღდგენისა და დაცვის მიმართულებით.