ჩილეში, ვალპარაისოში შიმშილისა და კვების უკმარისობის დასაძლევად მეორე გლობალური საპარლამენტო სამიტი ჩატარდა. სამიტის მიზანი მსოფლიოს პარლამენტებს შორის ურთიერთშეთანხმების მიღწევა იყო, რათა მომავალში სურსათის უსაფრთხოება ყველასთვის რეალობად იქცეს.
ორდღიანი სამიტის დროს, თემატურ სესიებსა და პარალელურ ღონისძიებებზე, ასევე, განიხილეს განვითრებისა და ინოვაციური კანონმდებლობის წარმატებული მაგალითები.
სამიტის დასასრულს, ხელი მოეწერა ახალ საერთაშორისო საპარლამენტო პაქტს, რომელიც აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციასა და სრულფასოვან საკვებზე ყველას უფლების უზრუნველყოფას გულისხმობს.
„ამ ღონისძიებამ დაადასტურა, რომ 2018 წელს ესპანეთში გამართული პირველი შეხვედრა უსაფუძვლო არ ყოფილა. პროცესი, რომელიც დღეს ჩილეში დაიწყო სხვა კონტინენტებზეც გავრცელდება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) განაგრძობს ტექნიკურ მხარდაჭერასა და საკანონმდებლო საქმიანობას, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ ყველას შეეძლოს სრულფასოვანი კვება“, განაცხადა პაქტის მიღებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე FAO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ და ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში, მარიო ლუბეტკინმა.
ორასზე მეტმა პარლამენტარმა, ეროვნული და რეგიონული პარლამენტების თხუთმეტმა პრეზიდენტმა თუ ვიცე-პრეზიდენტმა და სამოცდაოთხი ქვეყნის საპარლამენტო სტრუქტურამ თახმობა განაცხადა, რომ იმუშაოს აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციაზე, რათა მივიღოთ მდგრადი, ინკლუზიური, სამართლიანი, მყარი და სრულფასოვან საკვებზე ყველასათვის ხელმისაწვდომი გარემო.
ტექსტში აღნიშნულია, რომ FAO-მ ხელი უნდა შეუწყოს პაქტის განხორციელების პროცესს ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითრებით იქნება ეს მონაცემთა შეგროვება თუ არსებული ბაზების გადახედვა; გლობალური ანგარიშების წარმოების მოდელის შემუშავება, პარლამენტარებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლება, თუ ისეთი ღონისძიებების ორგანიზება, რომელიც შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს.
პაქტი, ასევე მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორებს, რომ ხელი შეუწყონ სურსათის უსაფრთხოებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს და შეიმუშაონ მექანიზნები, რომლებიც პარლამენტარებს დაეხმარება იბრძოლონ შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების აღმოფხვრაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამიტზე წარმოადგენდა პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი. მან ვიდეომიმართვით გახსნა სამიტის მეორე სესია, რომელიც ეხებოდა გენდერული უთანასწორობის საკითხებს საკვების უსაფრთხოებასა და ნუტრიციის სფეროში.
„სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გენდერული უთანასწორობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელსაც სასწრაფოდ უნდა გავუმკლავდეთ. ის არამხოლოდ მავნე ზეგავლენას ახდენს ქალებსა და გოგონებზე, არამედ აფერხებს ჩვენი საზოგადოების პროგრესს. ქალთა გაძლიერებითა და სტერეოტიპების დამარცხებით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სამართლიანი და უზრუნველყოფილი გარემო მომავალი თაობებისთვის“, აღნიშნა მან.
მესამე გლობალური სამიტის გამართვა გადაწყდა არაუგვიანეს 2026 წლისა.
სამიტის მთავარი ორგანიზატორი იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ხოლო თანაორგანიზატორები იყვნენ ესპანეთის სააგენტო საერთაშორისო განვითრების თანამშრომლობისთვის (AECID), ჩილეს ეროვნული კონგრესი და ხელისუფლება, ევროპული კომისია, მექსიკის სააგენტო საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისთვის (AMEXCID) და საპარლამენტო ფრონტი შიმშილის წინააღმდეგ ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში.
FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია)