ყაზახეთმა და ჩინეთმა საავტომობილო გზით საქონლის ტრანზიტი და ტრანსპორტირება გაამარტივეს.
ყაზახეთის რესპუბლიკის მაჟილისმა (ყაზახეთის პარლამენტი) ყაზახეთისა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ეს შეთანხმება გაზრდის ორ ქვეყანას შორის საავტომობილო ტვირთების გადაზიდვის მოცულობას, ასევე დაარეგულირებს ტრანზიტს. ამის შესახებ ElDala.kz-ს მაჟილის პრესსამსახურიდან აცნობეს.
„შეთანხმება ასევე საშუალებას მისცემს ყაზახურ ავტომობილებს გადაადგილდნენ ჩინეთის ტერიტორიის სიღრმეში, მათ შორის ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვაო პორტებში. ეს, თავის მხრივ, შეამცირებს საქონლის გადაზიდვის ხარჯებს და დროს ყაზახეთის რესპუბლიკისა და ჩინეთის სასაზღვრო რაიონებში და დადებითად აისახება იმპორტირებული საქონლის ღირებულებაზე და ყაზახეთის ექსპორტიორების ხარჯებზე. მსგავსი პირობები გავრცელდება ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩინურ გადამზიდავებზე“, – განმარტეს მაჟილისში.
ხელშეკრულების ფარგლებში იგეგმება საავტომობილო ტრანსპორტის ელექტრონული სანებართვო ფორმების გაცემაც. ამჟამად ჩინურ მხარესთან 120 ათასამდე ქაღალდის ნებართვის გაცვლა ხდება, რომელთა განაწილება ადამიანურ ფაქტორს გულისხმობს. სანებართვო ფორმების ქაღალდიდან ელექტრონულ ფორმატზე გადატანა გამორიცხავს ქაღალდის ფორმების წარმოების დამატებით ფინანსურ ხარჯებს, ასევე ადამიანურ ფაქტორს მათი გავრცელებისა და კონტროლის პროცესში.
წყარო: EastFruit