ევროპის მოცვის ბაზარზე კონკურენცია კიდევ უფრო მწვავდება. თუ რამდენიმე წლის წინ ფასებს ძირითადად დასავლეთ ევროპის მწარმოებლები განსაზღვრავდნენ, ახლა ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა.
ჰოლანდიელი მწარმოებლების შეფასებით, ბაზარზე მოცვის მზარდი მიწოდება სერბეთიდან, საქართველოდან, თურქეთიდან და ზიმბაბვედან უკვე პირდაპირ ახდენს გავლენას საბითუმო ფასებზე.
ნიდერლანდების ერთ-ერთი მსხვილი მოცვის მწარმოებელი, კომპანია Berry Farm, აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონი რთულად დაიწყო. ძლიერი სიცხის გამო მცენარეები ნაყოფს ნაკლებ ტენს აწვდიან, რის გამოც მოსავლიანობა შემცირდა, ხოლო ამავე დროს მოთხოვნა მაღალი ტემპერატურის ფონზე შენელდა. შედეგად, ფასები სეზონის დასაწყისშივე ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა.
მწარმოებლების თქმით, დამატებითი ზეწოლა იმპორტირებულმა მოცვმაც შექმნა. განსაკუთრებით გამოირჩევა სერბეთიდან და საქართველოდან შემოსული პროდუქცია, რომლის კონკურენტული ფასები ევროპულ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ეკონომიკას ართულებს. Berry Farm-ის ხელმძღვანელის შეფასებით, ქართულ მოცვს ევროპულ ბაზარზე დაახლოებით 4,20 ევრო/კგ ფასად სთავაზობენ, მაშინ როდესაც მხოლოდ კრეფის ხარჯი ნიდერლანდელ ფერმერებს 3 ევრო/კგ-მდე უჯდებათ. ასეთ პირობებში ადგილობრივი მწარმოებლებისთვის კონკურენცია სულ უფრო რთული ხდება.
ამ ფონზე ევროპაში უკვე შეინიშნება მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებებიც. ბოლო წლებში ნიდერლანდებში რამდენიმე მსხვილმა მეურნეობამ მოცვის პლანტაციები გააუქმა ან საქმიანობა შეამცირა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი წარმოება მცირდება, ბაზარზე თავისუფალი ადგილი პრაქტიკულად მაშინვე ივსება იმპორტირებული პროდუქციით, რაც ფასების აღდგენას ხელს უშლის.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ ერთი სეზონის პრობლემა არ არის. მსოფლიო მოცვის წარმოება სწრაფად იზრდება, ახალი პლანტაციები ჩნდება როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რის გამოც საერთაშორისო კონკურენცია ყოველწლიურად ძლიერდება. ევროპელი იმპორტიორები სულ უფრო მეტად ეყრდნობიან სხვადასხვა ქვეყნის მომწოდებლებს, რაც ბაზარს უფრო მრავალფეროვანს, მაგრამ ფასების თვალსაზრისით უფრო კონკურენტულსაც ხდის.
საქართველოსთვის ეს ტენდენცია დადებითი სიგნალია. ქვეყნის მოცვის ექსპორტი ბოლო წლებში სწრაფად იზრდება და ქართული პროდუქცია უკვე ევროპის რამდენიმე ბაზარზეა წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ მოცულობით საქართველო ჯერ კიდევ ვერ შეედრება მსოფლიოს უდიდეს ექსპორტიორებს, ევროპელი მოვაჭრეების შეფასებით, ქართული მოცვი უკვე იმ ქვეყნებს შორის სახელდება, რომლებიც ბაზარზე ფასების ფორმირებაზე რეალურ გავლენას ახდენენ.
წყარო: FreshPlaza
ლურჯი მოცვის ბაზარი: გლობალური ზრდა, წარმოების ტენდენციები და პროგნოზები

