პაკისტანში პირველად გამოიყენეს ხელოვნური წვიმა სმოგთან (Smog) საბრძოლველად.
პაკისტანმა პირველად გამოიყენა ხელოვნური წვიმის ტექნოლოგია ლაჰორის მეტროპოლიაში სმოგის საშიში დონის შესამცირებლად. ამისათვის ატმოსფეროში გაიფანტა მარილები, რამაც ხელი შეუწყო ღრუბლების წარმოქმნას, იუწყება France 24.
აღნიშნულია, რომ ღრუბლები არაბთა გაერთიანებული საემიროების სპეციალისტებმა შექმნეს. ქვეყანაში ტექნოლოგია მშრალ რეგიონებში წვიმისთვის გამოიყენება, რადგან კრისტალები ხელს უწყობს კონდენსაციის წარმოქმნას.
„არაბეთის გაერთიანებული საემიროების ჯგუფი ორ თვითმფრინავთან ერთად აქ დაახლოებით 10-12 დღის წინ ჩამოვიდა. წვიმის შესაქმნელად მათ გამოიყენეს 48 სასიგნალო რაკეტა“, – თქვა პენჯაბის დროებითმა მთავარმა მინისტრმა მოჰსინ ნაკვიმ.
მან დასძინა, რომ სმოგთან ბრძოლის გრძელვადიანი სტრატეგიისთვის საჭიროა გარკვეული კვლევების ჩატარება გეგმის ჩამოსაყალიბებლად. ექსპერტები ამბობენ, რომ ზომიერი წვიმაც კი ეფექტურია დაბინძურების შესამცირებლად. მასალაში ნათქვამია, რომ ჰაერის დაბინძურება პაკისტანში ბოლო წლებში გაიზარდა და გამოიწვია სმოგის მუდმივი ღრუბელი.
ამის მიზეზები იყო:
• დაბალი ხარისხის დიზელის საწვავის გამოყენება;
• მოსავლის შემდგომი ნაკვეთების სეზონური გადაწვა;
• ზამთრის დაბალი ტემპერატურა.
აღნიშნულია, რომ PM2.5 მტვრის შემცველობამ 66-ჯერ გადააჭარბა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმას.
ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ ტოქსიკური ჰაერის ჩასუნთქვა ჯანმრთელობისთვის კატასტროფულ შედეგებს იწვევს. მას შეუძლია გამოიწვიოს ინსულტი, გულის დაავადება, ფილტვის კიბო და რესპირატორული დაავადებები.
„ქვეყნის მთავრობებმა გამოიყენეს სხვადასხვა მეთოდები ლაჰორში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, მათ შორის გზებზე წყლის შესხურება და შაბათ-კვირას სკოლების, ქარხნებისა და ბაზრების დახურვა, მაგრამ ამ ყველაფერს უმნიშვნელო ეფექტი ჰქონდა ან უშედეგო იყო“, – ნათქვამია მოხსენებაში.
შეგახსენებთ, რომ ჩინელმა მეცნიერებმა ღრუბლებში მიკროპლასტიკები აღმოაჩინეს და ვარაუდობდნენ, რომ მათ შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ღრუბლების ფორმირებაში და გავლენა იქონიონ ამინდზე.
* სმოგი (ინგლ. Smog) — ჰაერის დაბინძურება, დიდ ქალაქებში ბოლისა და ჭვარტლისაგან წარმოქმნილი შავი ნისლი.