გაერო: 2024 წელი შეიძლება უფრო ცხელი იყოს, ვიდრე რეკორდული 2023 წელი.
გასულ წელს, ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად ტემპერატურის ახალი რეკორდები ფიქსირდებოდა. კლიმატური ფენომენის ელ-ნინიოს ფონზე, ეს ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდება, დარწმუნებულები არიან ექსპერტები.
2023 წელი იყო რეკორდულად ყველაზე ცხელი, მაგრამ 2024 შეიძლება გახდეს კიდევ უფრო ცხელი – გასულ წელს, ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად ტემპერატურის ახალი რეკორდები დამყარდა. ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, 2024 წელსაც გაგრძელდება ელ-ნინიოს ფენომენის გამო, წერია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) 2023 წლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა პარასკევს, 12 იანვარს.
ამრიგად, WMO-მ დაადასტურა ევროპული ამინდის სამსახურის Copernicus-ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2023 წელი 1850 წლის შემდეგ ყველაზე ცხელი წელი გახდა.
WMO-ს ხელმძღვანელი სელესტ საულო გვაფრთხილებს, რომ ელ-ნინიოს გამო 2024 წელს ახალი ტემპერატურული რეკორდები იქნება მოსალოდნელი. „რადგან ელ ნინიო, როგორც წესი, ყველაზე დიდ გავლენას ახდენს გლობალურ ტემპერატურაზე და მან პიკს 2023 წელს მიაღწია, 2024 წელი შეიძლება კიდევ უფრო ცხელი იყოს“, – განმარტა მან.
გასულ წელს გლობალური საშუალო ტემპერატურა 1,45 გრადუსით მეტი იყო, ვიდრე პრეინდუსტრიულ პერიოდში (1850 წლიდან 1900 წლამდე), ნათქვამია WMO-ს მოხსენებაში, რომელიც ეფუძნება არაერთი აღიარებული ინსტიტუტის მიერ მოპოვებულ მონაცემებს.
პარიზის კლიმატის შეთანხმება
კლიმატის ცვლილების კატასტროფული შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მსოფლიო საზოგადოებამ 2015 წელს გააფორმა პარიზის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც გლობალური დათბობა უნდა შემოიფარგლოს ორ გრადუსზე ნაკლებით და სასურველია 1,5 გრადუსით პრეინდუსტრიულ ეპოქასთან შედარებით.
ამერიკული მეტეოროლოგიური სააგენტოს ეროვნული ოკეანისა და ატმოსფერული ადმინისტრაციის (NOAA) გამოთვლებით, 2023 წელს დედამიწის ზედაპირზე საშუალო გლობალური ტემპერატურა 1,18 გრადუსით მეტი იყო მთელი მეოცე საუკუნის საშუალო მაჩვენებელზე.
WMO-ს ხელმძღვანელმა საულომ კლიმატის ცვლილებას კაცობრიობის ყველაზე დიდ გამოწვევა უწოდა.
წყარო: dw.com