ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის აღდგენითი სამუშაოები

მუხური, მეფუტკრეობის, ბაზა

მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან, დავით გოგუასთან და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

2017 წლიდან, მუხურის მეფუტკრეობის ბაზა ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს და უნიკალურ სანაშენე მასალას აწარმოებს.

,,მუხურის მეფუტკრეობის საცდელ მეურნეობას 70-წლიანი ისტორია აქვს. აქ წლების განმავლობაში მიმდინარეობს სადედე ფუტკრის გამოყვანა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულება განვითარდეს, რასაც მუხურის მეფუტკრეობის ბაზის წარმატებული ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართული უნიკალური ჯიშების შენარჩუნება და გავრცელება მოხდეს“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

მუხურის ბაზაზე ქართული ფუტკრის აღდგენითი სამუშაოების გარდა, ფუტკრის გენეტიკური პასპორტიზაცია, მისი პოპულარიზაცია და ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ გავრცელება მიმდინარეობს. ფუტკრის მეგრული პოპულაცია განსაკუთრებული შრომისუნარიანობით, მაღალი პროდუქტიულობით, სუსტი ღალის კარგი გამოყენებით და გრძელი ხორთუმით გამოირჩევა.

ბაზაზე, 2017 წლიდან დღემდე, სანაშენე და რეპროდუქტორი ფუტკრის ოჯახებიდან,  გამოყვანილია  1700-მდე დედა ფუტკარი, ყოველ წლიურად კი, ფერმერებისთვის, განაყოფიერებული დედა ფუტკრის გადაცემა მიმდინარეობს. ბაზა აქტიურად არის ჩართული მეფუტკრე-ფერმერების გადამზადება-სწავლებაში და რეგულარულად ატარებს უფასო ტრენინგებს ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების და დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ.

მუხურის სახელმწიფო საჯიშე მეურნეობა 1949 წელს შეიქმნა. მეურნეობა ახორციელებდა ქართული დედა ფუტკრის გამოყვანას, ამანათნაყრების წარმოებას და მათ მრავალ ქვეყანაში ექსპორტს ახდენდა. აღნიშნული ბაზის აღდგენა 2017 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელდა.

თქვენი რეკლამა