საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ყოველწლიურად ავლენს პროექტებს, რომელთაც პოტენციალის განვითარებაში საგრანტო პროგრამით ეხმარება, წლევანდელ დაჯილდოებაზე ჩვენი ყურადღება hoursetours.ge – მ მიიპყრო.
კომპანია, საქართველოში ეკოტურიზმის, უფრო კონკრეტულად კი საცხენოსნო ტურიზმის მიმართულებით ოპერირებს სულ რაღაც ნახევარი წელია, წარმოდგენილი პლატფორმა და შეთავაზებული ტურები კი უკვე პოპულარულია უცხოელ ტურისტებში. როგორ ტურებს სთავაზობს მომხმარებელს კომპანია, რა მიზნებისთვის დაიხარჯება მიღებული გრანტი, რამდენად არის უსაფრთხოების ნორმები დაცული ტურისტებისთვის და საბოლოოდ, როგორ გააციფრულებენ საცხენოსნო ტურიზმს და როგორ აისახება პლატფორმის მუშაობა საქართველოში ამ მიმართულების ტურიზმის განვითარებაზე? ამ და სხვა საკითხებზე hoursetours.ge-ს თანადამფუძნებელს, ანა ნადირაძეს ვესაუბრეთ.
– რა არის hoursetours.ge და რამდენი ხანია ბაზარზე ხართ?
პლატფორმა აერთიანებს საცხენოსნო ტურებს, საცხენოსნო გამყოლებსა და რანჩოებს ერთ სივრცეში, რაც მომხმარებელს ეხმარება მარტივად მოძებნოს და დაჯავშნოს მისთვის სასურველი საცხენოსნო ტური. ხოლო საცხენოსნო ტურიზმში ჩართულ მცირე ბიზნესებს აძლევს საშუალებას მათი პროდუქტი უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს და მიიღონ დამატებითი შემოსავალი.
ჩვენი პროექტი არის ინოვატორული მიდგომა ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნისთვის და ახალი ეტაპის დასაწყისი საცხენოსნო ტურიზმის განვითარებისთვის საქართველოში.
ჩვენი პროდუქტი გამორჩეული იქნება თავისი სპეციფიკითა და ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე ორიენტირებით. ეს მიდგომა მომხმარებლისთვის დიდ კომფორტს შექმნის, რადგან მას აღარ მოუწევს სხვადასხვა ველებს შორის ეძებოს საცხენოსნო ტური. თანაც მხოლოდ ერთ მიმართულებაზე ორიენტირება საშუალებას მოგვცემს უფრო მეტად ხარისხიანი, საინტერესო და უნიკალური ტურები შევთავაზოთ მომხმარებელს.
პლატფორმის შექმნის იდეა დაიბადა 2021 წლის ზაფხულში, როდესაც ჩემი პარტნიორი, ლაშა გაგოიძე, საცხენოსნო ტურის ფარგლებში გადიოდა 1000 კმ-იან ტრანსკავკასიურ ბილიკს. ამ დროს მან გამიზიარა ბიზნესის იდეა და იმ დღესვე დავიწყეთ პროდუქტზე მუშაობა, ნოემბერში კი პლატფორმა უკვე ჩავუშვით ბაზარზე. მას შემდეგ აქტიურად ვმუშაობთ პროდუქტის განვითარებასა და დახვეწაზე. თითოეული ტურის დამატებამდე თავად გავდივართ იმ გზას, რომელიც მომხმარებელმა უნდა გაიაროს, რათა უკეთ შევაფასოთ სირთულე და მოხმარებლებს ზუსტი მოლოდინები შევუქმნათ.
– ჯიტას გრანტის შესახებ რომ მოგვიყვეთ. რომელ კატეგორიაში გაიმარჯვეთ და რა მიზნებისთვის დაფინანსდით, რაში დახარჯავთ მოგებულ გრანტს?
ჩვენ გავიმარჯვეთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში.
მიღებული გრანტი დაგვეხმარება უმოკლეს დროში მივაღწიოთ სასურველ შედეგებს. ვინაიდან პროექტი ითვალისწინებს კახეთის რეგიონის განვითარებას, მოცემულ თანხას სწორედ მისი პოტენციალის ასათვისებლად გამოვიყენებთ. ჩვენ ვგეგმავთ შევქმნათ ციფრული ვიდეო-მარშრუტები, რომელიც მოხმარებელს დაეხმარება ტურის ზუსტი სირთულის აღქმაში და სწორი მოლოდინების შექმნაში. დღეს არსებული ჯიპიეს მარშრუტები უმეტესად მორგებულია საფეხმავლო და სამანქანო ტურიზმზე, რაც ძალიან განსხვავდება საცხენოსნო ტურიზმისაგან. შესაბამისად, ჩვენი გეგმა სწორედ ისეთი ბილიკებისა და ინფრასტრუქუტირს მოწყობაა, რომელიც უშუალოდ საცხენოსნო ტურიზმზე იქნება გათვლილი.
– როგორი ტიპის ტურებს სთავაზობს პლატფორმა დღეს მომხმარებლებს, შეუძლია თქვენი ტურებით სარგებლობა დამწყებსაც და უკვე პროფესიონალ მოჯირითესაც?
ჩვენ გვაქვს ტურების მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც მორგებულია, როგორც დამწყები, აგრეთვე პროფესიონალი მოჯირითეებისთვის. თუმცა ძირითადად ჩვენი გვიკავშირდებიან უკვე გამოცდილი ადამიანები, რომლებისთვისაც საცხენოსნო ტურები და ჯირითი აქტიური დასვენებისა და თავგადასავლების ძიების კარგი საშუალებაა.
– რამდენად მზად დაგხვდათ ტურისტული ბაზარი იმისთვის, რომ საცხენოსნო ტურიზმი შეგეთავაზებინათ, როგორი სტარტი გქონდათ?
ჩვენ ოპერირება დავიწყეთ ჯერ კიდევ პანდემიის დროს, როდესაც არც თუ ისე ბევრი ტურისტი იყო საქართველოში. ამასთან, ნოემბერი საცხენოსნო ტურიზმისთვის არ არის მაინცდამიანც კარგი დრო ამინდის გამო. თუმცა, შევძელით, რომ პლატფორმის გაშვებისთანავე მიგვეპყრო უცხოელი ტურისტების ინტერესი და გავმხდარიყავით ხელმისაწვდომი ფაქტობრივად ყველა სეზონზე.
მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმის გაშვებიდან ძირითადად აქცენტს ვაკეთებდით კონტენტის დახვეწაზე, საიტის გამართულობასა და მომსახურების ხარისხზე, გაყიდვები მაინც მზარდი იყო, მალევე დავიწყეთ თანამშრომლობა რამდენიმე უცხოურ და ადგილობრივ პარტნიორთან, რომლებმაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშეს სერვისის გაუმჯობესებაზე.
– რომელ რეგიონებს ფარავს თქვენი ტურები?
ამ ეტაპზე ჩვენი ტურები ფარავს რამდენიმე რეგიონს: კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, თბილისი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, სვანეთი. ჩვენი მიზანია, რომ საბოლოოდ ავითვისოთ საქართველოს ყველა რეგიონი.
– გარდა მთავარი მიზნისა, რისთვისაც გრანტს გამოიყენებთ, რა სიკეთეებს მოუტანს კომპანიას და სამომავლოდ რას გეგმავთ?
ჩვენი პროდუქტი შექმნის უნიკალურ გამოცდილებას საცხენოსნო ტურიზმის განვითარებაში, აამაღლებს ცნობიერებას მისი სარგებლიანობის კუთხით. ჩვენ მიერ შექმნილი ვიდეო მარშრუტები, მარკირებები საცხენოსნო ბილიკებზე კი განავითარებს ეკოტურიზმს საქართველოში და გახდის მას ბევრად უფრო მიმზდიველ ტურისტულ ადგილს.
მარიამ ტაკაშვილი
კომპანიის ვებ გვერდი: https://horsetours.ge/