FAO-ს ვეტერინარული და აგრონომიული ტრენინგები დუშეთის მუნიციპალიტეტში

ტრენინგები, ფაო

FAO-მ ტრენინგები ჩაატარა: არახვეთში, ხადას ხეობაში, ჯაღმიანსა და ქვეშეთში მცხოვრები ფერმერებისთვის. ადგილობრივ თემებს FAO-ს ვეტერინარებისა და აგრონომებისგან თანამედროვე სოფლის მეურნეობის პრაქტიკების შესწავლის საშუალება მიეცათ.

დუშეთის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ტრენინგები მიზნად ისახავს მცირე ფერმერების მედეგობის გაძლიერებას, FAO-ს ფერმერთა საველე სკოლის ფორმატში. პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ტექნიკური დახმარების „ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზის“ ფარგლებში.

ვეტერინარული ტრენინგები, რომლებსაც ძირითადად ქალი ფერმერები ესწრებოდნენ, რძის პროდუქტის წარმოების სრულ ციკლთან დაკავშირებულ ძირეულ საკითხებს შეეხო – წველის ჰიგიენიდან, ყველის წარმოებამდე. ცხოველის ჯანმრთელობა საგანმანათლებლო შეხვედრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენდა და შედეგად, მონაწილეებმა ცხოველის ვაქცინაციაზე, კვებასა და ზოონოზურ დაავადებებზე გაიღრმავეს ცოდნა.

რეგიონში მცხოვრებმა ფერმერებმა ასევე შეისწავლეს რძის ხარისხის შემოწმება ლაქტოსკანისა და ფარული მასტიტის სადიაგნოსტიკო ნაკრების გამოყენებით. ვეტერინარულ ტრენინგზე დამსწრეებს ფარული მასტიტის სადიაგნოსტიკო ნაკრებები და ციფრული თერმომეტრებიც გადაეცათ, საკუთარ საქმიანობაში სურსათის უვნებლობის სტანდარტების უზრუნველსაყოფად.

აგრონომიული ტრენინგები ბოსტნეულის წარმოებაში ეფექტურობისა და სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული. აქცენტი სოფლის მეურნეობის კარგ პრაქტიკებსა და კლიმატ-გონივრულ სოფლის მეურნეობაზე გაკეთდა. დღეის მდგომარეობით, ადგილობრივ თემებთან ჩატარებული შეხვედრების ფარგლებში, FAO-ს აგრონომებმა ცოდნა ნერგის წარმოებაზე, კომპოსტირებაზე, მოსავლიანობისა და სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებაზე გააზიარეს.

„ADB-ის ხელშეწყობით,  ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოკვეთილი მთავარი სასოფლო-სამეურნეო გამოწვევების მიხედვით, შევიმუშავეთ სასწავლო გეგმა. ჩვენი საგანმანათლებლო შეხვედრების მონაწილეთა რაოდენობა მუდმივად იზრდება, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი ტრენინგის შინაარსი ნამდვილად ეხმიანება ადგილობრივ ფერმერთა საჭიროებებს. ჩვენ მიერ გაზიარებული მეთოდების დანერგვით, ფერმერები აუცილებლად გაზრდიან საკუთარ პროდუქტიულობას და შეძლებენ უფრო მეტად მაღალი ხარისხის სურსათის წარმოებას. ჩვენ ამ შედეგს მათთან ერთად მალე დავინახავთ“, ამბობს FAO-ს სურსათის წარმოების საერთაშორისო სპეციალისტი ალან პინედა ბურგოსი.

„კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის კარგი პრაქტიკების დანერგვა აუცილებელია საქართველოს სურსათის სისტემების მედეგობის უზრუნველსაყოფად. პროექტის ფარგლებში განხორციელებული FAO-ს საგანმანათლებლო პროგრამა ამ თანამედროვე მეთოდებზეა დაფუძნებული, რაც ხელს უწყობს სურსათის უსაფრთხოებას და სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებას. ეს ადგილობრივი თემებისთვის ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც ქმნის,“ ამბობს ADB-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კამელ ბუმადი.

დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ მხარდაჭერილ FAO-ს ტრენინგებს 48 მერძევე, მეფუტკრე და ბოსტნეულის მწარმოებელი ფერმერი დაესწრო. მომდევნო თვეებში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტრენინგები კვლავ ჩატარდება ვეტერინარიისა და კარგი სასოფლო სამეურნეო პრაქტიკების შესახებ და ახალი ფერმერთა საველე სკოლებიც შეიქმნება.

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, FAO ქალ ფერმერებზე ფოკუსირებულ ფერმერთა საველე სკოლებს ქვეშეთსა და არახვეთში ახორციელებს ადგილობრივი თემებისთვის, მათ შორის ხადას ხეობის მაცხოვრებლებისთვის. პროექტის მიზანია მათი ხელშეწყობა ბოსტნეულისა და რძის პროდუქტის მცირე წარმოების განვითარებაში და ადგილობრივ ფერმერთა მედეგობის გაძლიერება.

წყარო: FAO

თქვენი რეკლამა