საჩხერეში მევენახეობის ფლაგმანი მეურნეობის ბარაქიანი ფართობების ამ ნაწილზე წინათ ათობით ჰექტარი ზვარი იწონებდა თავს. ახლა ვაზს კი არა, აქა-იქ თუღა დაინახავ სიმინდის ყანას. არაორგანიზებულ პრივატიზაციას და შრომის უნარის მქონე მოსახლეობის საშოვარზე სხვაგან გასვლას თითქმის უდაბნოდ უქცევია ეს წალკოტი, ერთ კარგ ქართულ ფილმში ნახსენები, ვაიოს ველებივით.
საავტომობილო გზიდადნ თუ კილომეტრამდე მანძილის გავლით, გემოვნებიანი არქიტექტურის მაღალი შენობა და მის ირგვლივ სავენახედ მომზადებული შვიდი ჰექტარი ფართობი სავენახე, რამდენადმე გადაგყრის გულს ნაღველს და ისევ ის კინოფილმი შეგახსენებს თავს ქართველის სულის შემძვრელი სიმღერით: ,,შენი ჩამოსვლით ამ მიწას, სულ სხვა იერი მიეცა…“
სულ სხვა იერის მიცემის“ განმზრახველი სოფელ გამოღმა არგვეთელი ხვიჩა თურმანიძეა, ეს შენობა და შემოგარენი კი მისივე სამომავლო სამოთხე და ოაზისი ,,თურმარანი“.
,,ამირანის“, ,, წიქარას“, ,,ცისკარას“, ,,ვეფხის ტყაოსნის“, ,,თორნიკე ერისთავის“, ,,უთავო მხედარის“, ,ბიძია თომას ქოხის“, ,,სამი მუშკეტერის“, ,,გრაფი მომტე-ქრისტოს“ მოტივებზე და სულისკვეთებებზე აღზრდილ ხვიჩას, მამულის გაგებაც თავისებური აქვს: ,,ცვრიალ ბალახზე თუ ფეხშიშველა… კი, მაგრამ სათოხარში გასულმა, ნატერფალის კვალის დასაფარად, შიშველ ფეხებზე მიწის შემოყრის სასიამოვნო ჟრუანტელიც არ შეიგრძენი, რაა მამულიო“.
ინჟინრის დიპლომიანმა სწრაფად აუღო ალღო ახალ ცხოვრებას. სამშენებლო კამპანია ,,თეგიმის“ (შვილების სახელების – თეკლე, გიორგი, მიშიკო – აბრევიატურა) მოისურვა ძმასთან, ავთოსთან ერთად. პირველ ხანში წერაქვით, ნიჩბით, ძალაყინით, ურიკით დაიწყეს. ბრიგადირებიც თვითონ იყვნენ, სამუშაოს მწარმოებლებიც და მუშებიც. ახლა ,,თელიმი“ მძლავრი ორგანიზაციაა საკუთარი ტექნიკით, ტრანსპორტით, სამშენებლო მასალების წარმოებით. ბევრ ახლობელს თუ შორეულს არჩენინებს ოჯახს. მრავალ ობიექტს არის შეჭიდებული ერთდროულად.
ახლა კიდევ ეს ,,თურმარანი“…
– თუმცა, რადაც უნდა დაუჯდეს, პირველ რიგში აუცილებლია დაამთავროს აფხაზეთის ომში დაღუპული, 25 წლის შემდეგ იდენტიფიცირებული და მშობლიური სოფლის სასაფლაოზე დაკრძალული მეზობელ გელა თურმანიძის სახელობის სკვერის საკუთარი ხარჯებით მშენებლობა, რომელიც მუშახელის დეფიციტის გამო გაუჭიანურდა.
რაც შეეხება ,,თურმარანს“…
ხვიჩა, გვართან შესაბამისობაში ,,თურმალამო“ უფრო აღქმადი იქნებოდა, ,,თურმარანი „ კი…
– გონივრულად მოხმარების პირობებში ტრადიციული ქართული მარნის ღვინოზე უებარი მალამო არ არსებობს მსოფლიოში. მას არავითარი ,,გვერდითი მოვლენა“ არ ახასიათებს.
ეს სახელწოდება თეკლეს იდეაა. ჩემი მარჯვენა ხელია, სულ ეროვნული სიძველეების ძიებაშია. თურმანიძეების საგვარეულო სიმბოლოს ხედავ კედელზე? ესეც მის ,,აღმოჩენილია“, ამ კედელზე ,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველოს“ რუკის გამოსახვაც მან მირჩია. მამაპაპურ ბუხარზე ქართული ორნამენტებისა და მოდინახის ციხის სილუეტის გამოსახვის იდეა გიოსა და მიშიკოს ეკუთვნით.
– თვითონ ,,თურმარანის“ იდეა?
– მამაჩემი ჟორას ხსოვნამ შთამაგონა. ხომ გახსოვს მისი მარანი და ღვთაებრივი კულა? საუბარი ყრმობა-ჭაბუკობაში გადაყავს და მეც თან მიმაყოლებს.
ვის არ ახსოვს სიტყვამოსწრებული, სტუმართან მუდამ ღიმილიანი ჟორა და მისი საოცარი კულა, ტრადიციული ვერტიკალურის ნაცვლად ირიბი ყელი რომ ჰქონდა და ისეთ ტკბილ ,,მელოდიას“ რაკრაკებდა , თითებს ავაყოლებდით ხოლმე, როგორც სალამურს.
ეს ყველაფერი – დიასახლის ნარიშას ცხელი, მადისაღმძვრელი ხაჭაპურების ფონზე (რამდენიმე თვის წინ დაასაფლავა დედა, წუხს, პანდემიის გამო ჯეროვნად ვერ მიაგო პატივი უკანასკნელ გზაზე).
მერე ღვინით, პურ-მარილით და ჟორას იუმორით წახალისებული, ძალა მომატებული სულ ღიღინ-ღიღინით, იოლად ჩავივლიდით ხოლმე ფეხის ღრძობის საშიშროების მქონე ოღრო-ჩოღრო ციცაბო დაღმართებს.
აქ დევის მუცლისოდენა ხის საწნახლები განთავსდება, ქვევრების ნაწილი უკვე ჩაყრილია, გადაღებისთვის მუხის კასრებიც აქ დაიდგმება, სპეციალურ, ორიგინალურ მინის ბოთლებში ჩამოსხმული ღვინის საცავიც აქვე იქნება სხვა საჭირო აქსესუარებით _ მიწევს გიდობას ვეებერთელა სარდაფში.
– მეორე სართული სადეგუსტაციო და საპურმარილოა. ჯერჯერობით ნაყიდი ყურძნით ვამზადბთ ღვინოს. არ დავაჭაშნიკოთ?
ძარღვებში სასიამოვნოდ იღვრება „თხევადი მზე“ _ შავიც და თეთრიც.
– მესამე სართული საგამოფენო და საექპოზიციოა. რამდენიმე ოთახი სასტუმრო დანიშნულებისაა. შეიძლება სპეციალური შენობაც ავაგო. მარნის ახლოს ჩამდინარე ღელის მონაკვეთი გადაიხურება. თუ მფლობელები თანახმა იქნებიან, რამდენიმე ჰექტარს კიდევ შევისყიდი (სამი ჰექტარი სოფელ გორისის თავში აქვს), თუ არა – თვითონ შევუწყობ ხეს ვენახების გაშენებაში, მათი სურვილის შემთხვევაში ყურძნის შემსყიდველიც ვიქნები. იმედია, სხვებიც მომბაძავენ ამ ტერიტორიის მთლიანად აღორძინებაში. სანახევროდ კი არა, სამესამედოთაც არ არის მარნის შენობა მზად, მაგრამ მიხარია, რომ უკვე მრავლად ჰყავს მნახველი. რამდენიმე კულტურული ღონისძიებაც ჩატარდა. შემდგომი გეგმებით ეგზოტიკური და კულტურული ხე-მცენარეებით განაშენიანებაც მაქვს ნავარაუდები. რამდენიმე წელიწადში, საკმაოდ დიდ ფართობზე სარეკრიაციო ზონა გაშენდება, სადაც ცხენებით, ეტლებით, საფეხმავლო ბილიკებით ისეირნებენ ადგილობრივებიც და ვიზიტორებიც ქვეყნის სხვა ქალაქებიდან და უცხოეთიდან, გართობა-დასვენების საშუალება ექნებათ შეყვარებულ წყვილებს, ახალგაზრდებს, ბავშვებს, მოხუცებს.
– ანუ მძლავრი ტურისტული ცენტრი სოლიდური შემოსავლებით?
– გაგიკვირდებათ და შემოსავლებზე მეტად აქაურობისთვის ძველი ფუნქციის აღდგენა და მოსახლეობის დასაქმება უფრო მაინტერესებს.
ახლა 58 წლის ვარ. ჯერ კიდევ ჭარმაგად ვთვლი თავს. როცა ვეღარ შევძლებ ბიზნეს, შვილებს გადავაბარებ და, ძირითადად ,,თურმარანის“ მართვით დავკავდები, მიწასთან, ბუნებასთან სიახლოვის ჟინს დავიოკებ.
_ ეს ყველაფერი ზღაპარს უფრო ჰგავს. შეძლებ ზღაპარივით კეთილად დასრულებას?
_ გახსოვს, ,,გრაფი მონტე-კრისტოს“ ბოლო სიტყვები? _ ელოდე და იმედი იქონიე!
და ხვიჩას ჯერ არავისთვის გაუმტყუნებია იმედი.
ზურაბ თურმანიძე,
საჩხერე, სექტემბერი 2021 წ.