ევროკავშირი ხორბლისა და ქერის რეკორდული მოსავლისთვის ემზადება

ხორბალი, წერი, EU

მარცვლეულის, პარკოსნების, ზეთოვანი კულტურების, ცხოველთა საკვებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის ევროპულმა სავაჭრო ასოციაციამ, COCERAL-მა, გამოაქვეყნა 2025 წელს ევროპაში მარცვლეულის წარმოების პროგნოზი.

ახალი მონაცემები მნიშვნელოვნად აღემატება ივნისში გამოქვეყნებულ მოცულობებს. ახალი შეფასებით, ევროკავშირი ხორბლისა და ქერის რეკორდულ მოსავალს ელის, ხოლო სიმინდის პროგნოზი მკვეთრად შემცირდა.

სექტემბრის ანგარიშში COCERAL-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2025 წელს ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში მარცვლეულის მთლიანი მოსავალი 306.8 მილიონი ტონა იქნება. ეს მაჩვენებელი აღემატება 2024 წელს მოწეულ 279.1 მილიონ ტონას და ივნისში პროგნოზირებულ 300.7 მილიონ ტონას.

ევროპის სასოფლო-სამეურნეო სავაჭრო ასოციაცია COCERAL-მა განაცხადა, რომ ხორბლის წარმოება (მაგარი ხორბლის გამოკლებით) სავარაუდოდ 147.4 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც აღემატება ივნისში პროგნოზირებულ 143.1 მილიონ ტონასა და გასული წლის 125.6 მილიონ ტონას.

პროგნოზი გაიზარდა საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის, ხელსაყრელი ამინდის პირობებისა და თითქმის ყველა რეგიონში მოსალოდნელზე მაღალი მოსავლის გამო.

2025 წელს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ქერის წარმოება 63.8 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც წინა პროგნოზის – 59.2 მილიონი ტონისა და 2024 წელს მიღწეული 57.5 მილიონი ტონის – მაჩვენებელზე მეტია.

წლევანდელი ხორბლის მოსავალი რეკორდული იქნება, ხოლო ქერის მოსავალი ბოლო 10 წლის განმავლობაში სიდიდით მეორე იქნება.

ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სიმინდის მოსავლის 2025 წლის პროგნოზი მკვეთრად შემცირდა, ძირითადად ევროკავშირის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არახელსაყრელი ამინდის პირობების გამო. მოსავლის სავარაუდო რაოდენობა 56.7 მილიონი ტონაა, რაც ივნისში პროგნოზირებულ 60.6 მილიონ ტონასთან შედარებით და გასული წლის 60.2 მილიონ ტონასთან შედარებით ნაკლებია.

ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის რაფსის მოსავლის სავარაუდო რაოდენობა 21.6 მილიონ ტონას შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ივნისის პროგნოზირებულ 20 მილიონ ტონას და თითქმის 4 მილიონი ტონით აღემატება გასულ წელს მიღებულ 17.9 მილიონ ტონას. ექსპერტები ამას ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით საფრანგეთში, მოსავლის მოსალოდნელზე უკეთეს შედეგებს მიაწერენ.

თქვენი რეკლამა