დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

ვიზიტორთა

2023 წლის 10 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 19%-ით გადააჭარბა. საქართველოს დაცულმა ტერიტორიებმა 1 015 024 ვიზიტორს უმასპინძლა.

გასულ წელთან შედარებით, 29%-ით არის გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობაც. 2023 წელს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა შორის 58% ( 589 841 ვიზიტორი) სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:

• მარტვილის კანიონს;
• პრომეთეს მღვიმეს;
• მტირალას ეროვნულ პარკს;
• სათაფლიას;
• წალკის კანიონს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა 2019 წელს დაფიქსირდა. მიმდინარე წლის 10 თვეში, 2019 წლის მონაცემები 90%-ით არის აღდგენილი.

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას. მიმდინარე წელს, ეკოტურიზმის განვითარებისთვის, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, 22,5 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

15 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 1 200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო და მოსაწყობი სამუშაოები, რათა კიდევ უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდეს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა.

თქვენი რეკლამა