ბიოლოგიური პესტიციდები კალიებთან ბრძოლის წინააღმდეგ

ბიოლოგიური, პესტიციდები

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, კახეთში ჩაატარა კალიების წინააღმდეგ ბიოპესტიციდების გამოყენების საცდელი კვლევები.

ღონისძიების ფარგლებში გამოსცადეს ბიოლოგიური პესტიციდების ეფექტურობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვითი ფაქტორების გათვალისწინებით. ღონისძიებებს, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, 30-მდე მონაწილე ესწრებოდა საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან და იტალიიდან.

ოთხდღიანი სადემონსტრაციო ღონისძიება ნაწილი იყო FAO-ს პროგრამისა „კალიების მართვის გაუმჯობესება ეროვნულ და რეგიონულ დონეზე კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში“, რომელიც USAID-ის ფინანსური დახმარებით შედგა. პროგრამის მიზანია, რეგიონში კალიების შემცირება ისე, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს მოსავალს და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სურსათის უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყოს ხელი. პროექტი  ასევე ფოკუსირდება ამ მიმართულებით რეგიონულ თანამშრომლობაზე, მათ შორის, პესტიციდების გამოყენების რისკის შემცირების მიმართულებით რეგიონის ქვეყნებში.

გასვლით კვლევებთან ერთად, ღონისძიების მონაწილეებმა ასევე მოისმინეს პრეზენტაციები ბიოპესტიციდების გამოყენების შედეგებზე კალიების წინააღმდეგ იტალიური კალიის მაგალითზე: აღნიშნული მეთოდის შედეგი გარემოში მხოლოდ კალიებზე აისახება და გავლენას არ ახდენს სხვა ორგანიზმებზე, მაგალითად, ფუტკრებზე.

„აქამდე, რეგიონში კალიების წინააღმდეგ ბრძოლაში პესტიციდები გამოიყენებოდა. FAO-ს პროგრამისთვის კალიების მენეჯმენტის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში პრიორიტეტულია ბიოლოგიური პესტიციდების გამოყენების პოპულარიზაცია კალიების წინააღმდეგ, რადგან მათ ადამიანთა ჯანმრთელობასა და გარემოზე გავლენა არ აქვთ, “– განაცახდა მარიონ შირისმა, FAO-ს პროგრამის ოფიცერმა.

„დაცულ ტერიტორიებზე, ისეთ ადგილებში, სადაც ბიომეურნობებია, კალიების გავრცელების არეალების შემცირებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიოპრეპარატების გამოცდა და მათი ეფექტურობის დადგენა“, – განაცხადა შავლეგო ნონიაძემ, მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის ფიტოსანიტარიული მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა.

მსგავსი ღონისძიება FAO-ს ორგანიზებით, 2023 წლის აპრილში უზბეკეთშიც ჩატარდა, სადაც ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ორი სადემონტრაციო კვლევის ფარგლებში მოძიებული ინფორმაცია და შედეგები მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ ბიოპსტიციდების გამოყენების ხელშეწყობისათვის, რათა კალიების წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატების მავნე ზეგავლენა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობაზე შემცირდეს.

თქვენი რეკლამა