საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წელს პირველად ჩაატარა ქვეყანაში არსებული აკვაკულტურის მეურნეობების საპილოტე გამოკვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა 700-მდე აკვაკულტურის მეურნეობა.
გამოკვლევას ექვემდებარებოდნენ შინამეურნეობები და იურიდიული პირები, რომელთაც 2017 წლის განმავლობაში სარგებლობაში ჰქონდათ აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევი და შესაბამისად, ეწეოდნენ აკვაკულტურის საქმიანობას.
გამოკვლევის შედეგად მიღებულ იქნა აკვაკულტურის დარგის ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლები, როგორიცაა წყალსატევებში არსებული და წარმოებული თევზის მოცულობა, რეალიზებული თევზის საშუალო ფასები, აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების ფართობი და მისი სტრუქტურა.
გამოკვლევის შედეგად 2017 წლის ბოლოსათვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების ფართობი 4 309.0 ჰექტარით განისაზღვრა, საიდანაც ტბორების ფართობმა 2 224.6 ჰექტარი, აუზების ფართობმა – 27.6 ჰექტარი, ხოლო წყალსაცავების და ბუნებრივი წყალსატევების (ტბა ან ტბის ნაწილი, მდინარის ნაწილი, ზღვის ნაწილი) ფართობმა – 2 056.8 ჰექტარი შეადგინა.
2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ტბორების ყველაზე დიდი ნაწილი კახეთში მდებარეობდა და საერთო ფართობი 1 473.5 ჰექტარი იყო. ტბორების ფართობმა სამეგრელო-ზემო სვანეთში 476.2 ჰექტარი, იმერეთში 103.5 ჰექტარი, ხოლო დანარჩენ რეგიონებში ჯამურად 171.5 ჰექტარი შეადგინა.
2017 წლის ბოლო მდგომარეობით აუზების ყველაზე დიდი ნაწილი შიდა ქართლშია განთავსებული, საერთო ფართობით – 18.2 ჰექტარი. სამცხე-ჯავახეთში არსებული აუზების ფართობი შეადგენს 3.5 ჰექტარს, აჭარაში – 1.8 ჰექტარს, გურიაში – 1.7 ჰექტარს, ხოლო დანარჩენ რეგიონებში არსებული აუზების მთლიანი ფართობი 2.4 ჰექტარს არ აღემატება.
2017 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებულია 2 041.7 ტონა თევზი, საიდანაც 57.0 პროცენტი მიეკუთვნება ორაგულისებრთა ოჯახს, 38.5 პროცენტი კობრისებრთა, ხოლო 3.7 პროცენტი ზუთხისებრთა ოჯახის სახით არის წარმოდგენილი.
ორაგულისებრთა წარმოებაში უდიდესი წილით (98.3 პროცენტი) ცისარტყელა კალმახი არის წარმოდგენილი. რაც შეეხება კობრისებრთა ოჯახს, 42.7 პროცენტი მოდის თეთრი და ჭრელი სქელშუბლას წარმოებაზე.
2017 წელს წარმოებული თევზის მიხედვით ლიდერობს კახეთის რეგიონი, რომელზეც მოდის საქართველოში წარმოებული თევზის 35.1 პროცენტი. სტრუქტურაში მეორე ადგილს იკავებს შიდა ქართლი 26.6 პროცენტით, მესამე ადგილზეა გურიის რეგიონი – 14.3 პროცენტით, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე ჯამურად ქვეყანაში წარმოებული თევზის 24.0 პროცენტი მოდის.
2017 წლის ბოლოსათვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილ წყალსატევებში არსებული თევზის საერთო მოცულობა 2 067.6 ტონით განისაზღვრა, საიდანაც 37.8 პროცენტი მიეკუთვნება ორაგულისებრთა ოჯახს, 51.5 პროცენტი კობრისებრთა, ხოლო 9.7 პროცენტი ზუთხისებრთა ოჯახს. აღსანიშნავია ისიც, რომ წყალსატევებში არსებულ ორაგულისებრთა მოცულობაში უდიდესი წილი მოდის ცისარტყელა კალმახზე (96.8 პროცენტი).