2025/26 მარკეტინგულ წელს ვაშლის გლობალური ბაზარი ზრდის ნაცვლად შემცირების ფაზაში გადავიდა.
არსებული პროგნოზებით, მსოფლიო წარმოება დაახლოებით 81–82 მილიონ ტონამდე შემცირდება, რაც ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებლად ითვლება.
ეს ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ვაშლი ტრადიციულად ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ კულტურად მიიჩნეოდა — როგორც წარმოების, ისე ბაზრის თვალსაზრისით. თუმცა მიმდინარე სეზონი აჩვენებს, რომ ეს სტაბილურობა თანდათან ირღვევა.
მთავარი ფაქტორი კვლავ კლიმატია. მსოფლიოში უდიდეს მწარმოებელ ქვეყანაში — ჩინეთი — მოსავალი შემცირდა არასტაბილური ამინდისა და რეგიონული კლიმატური პრობლემების გამო. პარალელურად, თურქეთი ძლიერი ყინვების ზემოქმედებას განიცდის, რაც მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს წარმოებაზე.
ამ ფონზე, სხვა ქვეყნებში ნაწილობრივი ზრდა სურათს ვერ აბალანსებს. მაგალითად, აშშ-ში მოსავალი შედარებით სტაბილურია და ზოგ რეგიონში ზრდაც ფიქსირდება, თუმცა გლობალურ ჭრილში ეს საკმარისი არ არის საერთო კლების შესაჩერებლად.
მოხმარების მხრივ სურათი ნაკლებად იცვლება. ვაშლი რჩება ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ მოხმარებად ხილად, რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნა შედარებით სტაბილურია. შედეგად, მიწოდების შემცირება ავტომატურად ზრდის ფასებზე ზეწოლას.
ამასთან, ბაზარი შედის უფრო გრძელვადიან ცვლილებაში. ვაშლის წარმოება მრავალწლიანი პროცესია — ბაღების განახლება და წარმოების აღდგენა სწრაფად ვერ ხდება. ეს ნიშნავს, რომ კლიმატური შოკები არა მხოლოდ ერთ სეზონზე, არამედ რამდენიმე წელზე ვრცელდება.
ვაშლის TOP 5 მწარმოებელი ქვეყანა (წლიური წარმოება)
- ჩინეთი — დაახლოებით 45–47 მილიონი ტონა;
- ევროკავშირი — დაახლოებით 11–12 მილიონი ტონა;
- თურქეთი — დაახლოებით 4.5–5 მილიონი ტონა;
- აშშ — დაახლოებით 4–4.5 მილიონი ტონა;
- ინდოეთი — დაახლოებით 2.5–3 მილიონი ტონა.
2024/25 მარკეტინგულ წელს ვაშლის გლობალური წარმოება დაახლოებით 86–87 მილიონ ტონას შეადგენდა.
ვაშლის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

