რძის ინდუსტრიის კრიზისი გერმანიაში

გერმანია, რძის, კრიზისი

რძის პროდუქტების კრიზისი გერმანიაში: ფერმერები შემოსავალს კარგავენ ფასების ვარდნისა და წარმოების ზრდის ფონზე.

გერმანიის რძის ბაზარზე კრიზისი მწიფდება. კარაქისა და უცხიმო რძის ფხვნილის ფასები მკვეთრად ეცემა, რძის მიწოდების მოცულობა კი კვლავ იზრდება, რაც ფერმერებზე სულ უფრო მეტ ზეწოლას ახდენს.

სექტემბრის ბოლოს, Lidl-მა კვლავ შეამცირა საკუთარი ბრენდის კარაქის ფასი – 250 გრამიანი შეფუთვა ახლა 1.49 ევრო ღირს, რაც 30 ცენტიანი ფასდაკლებაა. Aldi-მ და სხვა დისტრიბუტორებმაც იგივე გააკეთეს. ეს კარაქის ფასის მეორე შემცირებაა სექტემბერში.

მსგავსი ტენდენცია შეინიშნება საბითუმო და ფიუჩერსულ ბაზრებზე: კარაქისა და უცხიმო რძის ფხვნილის ფასები კვლავ კლებულობს.

ფასების ვარდნის ფონზე, რძის ფერმების შემოსავლები მკვეთრად ეცემა. ინდუსტრიის ანალიტიკოსების თქმით, გერმანიაში რძის შესყიდვის ფასები 3.4 ცენტით დაეცა და კილოგრამზე 44.50 ცენტი შეადგინა, რაც 2024 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ამავდროულად, რძის მიწოდება იზრდება: მიწოდება წინა კვირასთან შედარებით 5%-ით გაიზარდა და მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის დონეს, როდესაც წარმოება შეზღუდული იყო დაავადების აფეთქების გამო.

პრობლემა მხოლოდ გერმანიით არ შემოიფარგლება. გლობალური ბაზარი რძის ჭარბი მიწოდებით ხასიათდება, მსგავსი სიტუაცია შეიქმნა აშშ-სა და ნიდერლანდებში.

  • გერმანიაში რძის საბითუმო ფასი კილოგრამზე 35.5 ცენტამდე დაეცა;
  • ნიდერლანდებში 29.5 ცენტამდე, რაც ერთ კვირაში 12 ცენტიანი კლებაა.

გერმანიის რძის მწარმოებელ ფერმერთა ფედერალურმა ასოციაციამ (BDM) კრიზისის მზარდი ტენდენციების შესახებ გაავრცელა გაფრთხილება. ორგანიზაციის თავმჯდომარის, კარსტენ ჰანსენის თქმით, უკვე არსებობს მინიშნებები რძის შესყიდვის ფასების, კილოგრამზე 15 ცენტით შესაძლო შემცირების შესახებ.

„ბაზრის სტაბილიზაციისა და ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, ევროკავშირში რძის წარმოების მოცულობის დროებითი ნებაყოფლობითი შემცირება უნდა განიხილებოდეს“, – განაცხადა ჰანსენმა.

წყარო: dairynews.today

თქვენი რეკლამა