თურქეთი ხორცზე და რძის პროდუქტებზე სურსათის უვნებლობის რეგლამენტს ამკაცრებს

თურქეთი, ხორცი, რეგლამენტი

თურქეთი ხორცისა და რძის გადამამუშავებელი ობიექტებისთვის სურსათის უვნებლობის ახალი, გამკაცრებული რეგლამენტის შემოღებას გეგმავს.

თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა რეგლამენტი, რომელიც, ხორცისა და რძის გადამამუშავებელ ქარხნებზე ფოკუსირებით, მიზნად ისახავს მთელი ქვეყნის მასშტაბით სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესებას.

ახალი რეგლამენტი მოითხოვს ორმაგი დამტკიცების სისტემას მაღალი რისკის მქონე ობიექტებისთვის, მათ შორის ხორცისა და რძის გადამამუშავებელი ქარხნებისთვის. ეს ობიექტები ჯერ მიიღებენ „პირობით დამტკიცებას“ და შემდეგ მუდმივი ოპერირების ლიცენზიის მისაღებად ყოვლისმომცველი შემოწმება უნდა გაიარონ.

გარდა ამისა, რეგლამენტი კვების პროდუქტების გადამამუშავებელ კომპანიებს, საკუთარი ხორცპროდუქტების წყაროების მითითებას ავალდებულებს. ეს მიზნად ისახავს მიკვლევადობის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. ხარისხისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, კვების პროდუქტების გადამამუშავებელმა კომპანიებმა უნდა დაიქირავონ ლიცენზირებული სპეციალისტები, როგორიცაა კვების ტექნოლოგები და ვეტერინარები.

მომხმარებლები გაზრდილი გამჭვირვალობით ისარგებლებენ, რადგან საკვების წარმოების ობიექტების სტატუსი აისახება პროდუქტის ეტიკეტებზე, მათი რეგისტრაციის ნომრების მეშვეობით. ეს ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ ზედამხედველობას და უზრუნველყოფს ახალი სტანდარტების დაცვას.

რეგლამენტი ასევე ვრცელდება საცხობებზე, სასურსათო მაღაზიებსა და რესტორნებზე, რომლებიც ახალ სისტემაში უნდა დარეგისტრირდნენ. მზა კვების სერვისის მიმწოდებლებს საქმიანობის დაწყებამდე ოფიციალური რეგისტრაციის სერტიფიკატის მიღება მოეთხოვებათ. რეგისტრაციის განაცხადების განიხლვის შემდეგ, შესაბამისობის დასადასტურებლად ადგილზე შემოწმება 15 დღის განმავლობაში მოხდება.

ასევე შემუშავდა სპეციალური რეგულაციები მეფუტკრეობისა და თაფლის წარმოებისთვის. ჰიგიენის პრაქტიკის, მავნებლების კონტროლისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის დეტალური ჩანაწერები სავალდებულო იქნება და დაექვემდებარება ხელისუფლების მიერ შემოწმებას.

ამ რეგულაციების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს საქმიანობის შეჩერება ან ლიცენზიის გაუქმება.

წყარო: DairyNews.today

თქვენი რეკლამა