
აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტომ (AQTA) და ჩინეთის საბაჟოების გენერალურმა ადმინისტრაციამ ხელი მოაწერეს „პროტოკოლის პროექტს, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ექსპორტირებული თხილისა და ნუშის შემოწმების, კარანტინისა და სანიტარული მოთხოვნების შესახებ“.
ხელმოწერის ცერემონია AQTA-ს დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის დროს, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში გაიმართა. ამრიგად, აზერბაიჯანში მოყვანილი თხილი და ნუში ახლა ჩინეთშიც გაიგზავნება.
Abc.az-ის ცნობით, შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს დოკუმენტის პროექტს, იმპორტ-ექსპორტის დროს სურსათის უვნებლობის სფეროში თანამშრომლობის მექანიზმის შესახებ.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს ალუბლის, ვაშლის, ხურმის, ბროწეულის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები.