აზერბაიჯანი 2030 წლისთვის ხეხილის ინტენსიური ბაღების ფართობის 40%-ით გაზრდას გეგმავს

ხეხილის, ინტენსიური, ბაღი

აზერბაიჯანში 2026–2030 წლებში 20 000 ჰექტარზე ხეხილის ინტენსიური ახალი ბაღების გაშენება იგეგმება. შედეგად, ქვეყანაში ამ ტიპის ბაღების საერთო ფართობი 40%-ით გაიზრდება. პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფოს 32 მილიონზე მეტი ნერგი დასჭირდება.

ინტენსიური მებაღეობის განვითარების გეგმებზე აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მემცენარეობის ორგანიზებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, ფარვიზ იუსიფოვმა, ქალაქ ყუბაში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ამჟამად ქვეყანაში დაახლოებით 50 000 ჰექტარი ინტენსიური ბაღია გაშენებული. 2026–2030 წლების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მათი საერთო ფართობი 70 000 ჰექტარს მიაღწევს.

სარგავი მასალის საჭირო რაოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულია არსებული ბაღების სახეობრივი შემადგენლობა და სუპერინტენსიურ ბაღებში ერთ ჰექტარზე დასარგავი ნერგების რაოდენობა. უწყებაში განმარტავენ, რომ ახალი ბაღების გასაშენებლად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნერგების საკმარისი რაოდენობა, არამედ მათი ჯიშური სიწმინდე, ფიტოსანიტარიული მდგომარეობა და შესაბამისი სერტიფიცირება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო წლებში ინტენსიური მებაღეობის განვითარებას ხელი შეუწყო სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის სუბსიდირებამ, სახელმწიფო მხარდაჭერის გრძელვადიანმა მექანიზმებმა და თანამედროვე სარწყავი სისტემების მოწყობის წახალისებამ. ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეს ღონისძიებები გაგრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება კი სანერგე მეურნეობების განვითარებასა და სერტიფიცირებული სარგავი მასალის წარმოების გაფართოებას დაეთმობა.

ცნობისთვის: რით გამოირჩევა ინტენსიური ბაღი?

  • საძირე და საყრდენი სისტემა: ინტენსიური ბაღები გაშენებულია საყრდენ კონსტრუქციებზე (ბოძებსა და მავთულებზე), ნაგალა ან სუსტ საძირეზე დამყნობილი ნერგებით. ასეთი ბაღები აღჭურვილია წვეთოვანი სარწყავი და სეტყვისგან დამცავი სისტემებით.
  • ხეების ზომა: ხეების სიმაღლე ძირითადად 2,5–3,5 მეტრს აღწევს, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს გასხვლას, მოვლასა და მოსავლის აღებას.
  • მსხმოიარობის დაწყება: ტრადიციული ბაღებისგან განსხვავებით, ინტენსიური ბაღები პირველ მოსავალს დარგვიდან მალევე, მე-2–მე-3 წელს იძლევა, სრულ მსხმოიარობაში კი დაახლოებით 4–5 წელიწადში შედის.
  • დარგვის სიმჭიდროვე: კულტურის მიხედვით, ინტენსიურ ბაღებში ერთ ჰექტარზე საშუალოდ 800-დან 1 800-მდე ნერგი ირგვება, სუპერინტენსიურში კი — 3 000 და მეტი.

აზერბაიჯანის პროგრამის მიხედვით, ერთ ჰექტარზე საშუალოდ 1 600 ნერგის დარგვაა გათვალისწინებული.

წყარო: Report.az
ფოტო: აგროკავკასია / AI

თქვენი რეკლამა