დედოსფლისთითა – სამკურნალო მცენარე, რეცეპტი

დედოსფლისთითა (ქვემოიმერული – ზორტა; გურული – ონჯახუა; ლათ. Veronica Officinalis L; რუს. вероника лекарственная. ბოტანიკური ლექსიკონი) შავწამალასებრთა ოჯახს ეკუთვნის.

დედოფლისთითა გურიაში ცნობილია ონჯახუას, აჭარაში კი ნაღრძობის ბალახის სახელით. მხოხავფესვურიანი მრავალწლიანი ბალახია. ღერო მწოლარეა ან ოდნავ წამოწეული. მიწასთან შეხების ადგილებში დამატებით ფესვებს ივითარებს. სიგრძით 15-30 სმ-ს აღწევს.

უკუკვერცხისებრი ან ელიფსური, მოკლეყუნწიანი ფოთლები ნაპირებში ხერხისმაგვარადაა დაკბილული და ღეროზე ერთმანეთის მოპირდაპირედაა განლაგებული.

კენწრულ მტევნებად შეკრებილი მკრთალი ცისფერი ყვავილები ამოსულია კენწეროსთან ახლომყოფი ფოთლების იღლიებიდან, ხშირად სულ ორი მტევანია მცენარეზე.
ყვავილობა მაისიდან დაწყებული, სექტემბრამდე გრძელდება. ნაყოფი სამკუთხა უკუკვერცხისებრი ფორმისაა წაკვეთილი თავით.

გვხვდება უმეტესად წიწვოვან ტყეებში – ნაძვნარებში, ნაძვნარსოჭნარებში და ფიჭვნარნაძვნარებში.

დედოფლისთითა, ონჯახუა, სამკურნალო, მცენარე

ეს მცენარე ხალხურ მედიცინაში საკმაოდ პოპულარულია. მას იყენებენ ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად. საშარდე ბუშტის ტკივილის, სისხლდენის და გაციების დროს. იგი აადვილებს ნახველის ამოღებას. მას იყენებენ ასთმისა და ყელის ანგინის დროს.

კანზე გამონაყარისა და ფურუნკულების სამკურნალოდ, ურჩევენ აგრეთვე როგორც შარდდამდენ საშუალებას თირკმლებისა და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს. ამ ბალახის სპირტიან ნაყენს ხალხური მედიცინა ეგზემის სამკურნალოდ იყენებს, დადებით შედეგებს იღებენ ქერტლის მკურნალობაშიც.

რეცეპტი

ნახარშის მოსამზადებლად 20 გრ ბალახს იღებენ ერთ ლიტრ წყალზე და ადუღებენ 5-7 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე.

კანზე გამონაყრების, ეგზემის და სიყვითლის დროს დადებით შედეგს იძლევა ნახარში, რომლის შემადგენლობაში შედის: დედოფლისთითა, სამფერა ია და ორკბილა, თითოეული 10-10 გრ რაოდენობით 1 ლიტრ წყალზე, ერთი ლიტრი მონახარში ერთი დღე-ღამის დოზაა დასალევად.

გარეგან სახმარად კარგ შედეგს იძლევა დედოფლისთითას სპირტიანი ნაყენი. საამისოდ ნედლი აყვავებული ბალახიდან გამოწურულ 250 გრ წვენს ასხამენ 90 გრადუსიან 250 გ სპირტს და 10 დღეს დადგამენ.

დედოფლისთითა, ონჯახუა, სამკურნალო, მცენარე

საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ დედოფლისთითა სუსტად მოქმედი საშუალებაა და მის სამკურნალო ეფექტზე ხალხში არსებული შთაბეჭდილებები რამდენადმე გადაჭარბებულად გვეჩვენება.

ავტორები: შალვა ხიდაშელი; ვანო პაპუნიძე.
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

თქვენი რეკლამა