ფერმერი მამუკა ნასიძე უკვე ხუთი წელია რაც მეკამეჩეობას მისდევს. ამჟამად 140 სული კამეჩი ჰყავს, მათგან 70 ფურია. აწარმოებს მაწონსა და რძეს, აქვს სანაშენე მეურნეობა. ამ სპეციფიკურ პირუტყვს, სანაქებოდ უვლის და ამბობს, რომ ერთადერთი კამეჩების ფერმა სამცხე-ჯავახეთში მას ეკუთვნის.
მამუკა ნასიძე მეკამეჩეობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც კამეჩის რძისგან დამზადებული მაწონი დააგემოვნა. ეს იყო ხუთი წლის წინათ.
ფერმა ალპურ ზონაში, ახალციხის სოფელ ურაველში, ხეობაში დადგა: „რამდენიმე წლის წინ ქოთნებში კამეჩის მაწონი დავაგემოვნე და ძალიან მომეწონა, გავიკითხე რა იყო, როგორ ამზადებდნენ და ამის შემდეგ გამიჩნდა კამეჩების მოშენების იდეა. მოვაშენე კიდეც. აზერბაიჯნიდან შემოვიყვანეთ სანაშენე პირუტყვი, ძალიან ვიწვალე, მაგრამ ახლა ძალიან კარგი საოჯახო მეურნეობა გვაქვს. გვყავს საქართველო–თურქეთის სასაზღვრო ზონაში დაცულ ტერიტორიაზე, მდინარესთან ახლოს, რადგანაც პირველ რიგში, კამეჩს საარსებო არეალის შექმნა სჭირდება, ალპური ზონა კარგი ადგილია, სადაც მტვერი, გამონაბოლქვი, მიკრობები არ იქნება“, – ამბობს მამუკა ნასიძე.
წველადობა
როგორც ფერმერი მოგვითხრობს, მეურნეობაში ჰყავს კამეჩები, რომლებიც ჯერზე 10 ლიტრ რძეს იწველებიან, თუმცა რძეს მთლიანად პატრონები არ მოიხმარენ. ამას თავისი მიზეზი აქვს: „რძის ნახევარი არის ზაქის, რადგანაც პატარა ზაქს, სანამ ერთ წლამდე გახდება იმუნიტეტი აქვს დაბალი, აუცილებლად უნდა მიიღოს დედის რძე. ესენი ხომ ძირითადად მაინც გარეული ცხოველები არიან და სჭირდებათ დედის რძე, ამიტომ არ ვხარბობთ და რძის ნახევარს ზაქს ვუტოვებთ. ანუ ბიზნესის თვალსაზრისით, დაახლოებით 5 ლიტრას ვანგარიშობთ საშუალოდ ერთ ფურ კამეჩზე, ეს რძე საკმარისია“.
მისივე თქმით, კამეჩებს „აქვთ საოცარი რძე და მაწონი. რძის ცხიმიანობა 13%-ს აღწევს, ხოლო ქოლესტერინი – ნულს უტოლდება – „ადამიანის სასიცოცხლო ორგანოების მკვებავია“.
კვება
კამეჩს ძროხისგან განსხვავებით უფრო უხეში საკვები სჭირდება. ამიტომ ნასიძეები პირუტყვს სილოსით, ჩალით, კომბინირებული საკვებით კვებავენ.
„სიმინდს, ჩალას, სილოსს თვითონ ვაწარმოებთ. რთულია თქვა რა რაოდენობის საკვებია წლის განმავლობაში საჭირო, იმიტომ, რომ ეს კლიმატურ პირობებზეც დამოკიდებულია. მაგალითად, თუ გვიანობამდე არ დადებს თოვლს, გარეთ ძოვენ. ძირითადად სულ მინდორში არიან, თავისუფლების მოყვარული ცხოველებია და თავისუფლად გადიან საძოვარზე, მხოლოდ საღამოს ვკვებავთ“.
კიდევ ერთი ნიშანი, რითაც კამეჩი ძროხისგან განსხვავდება, ის არის, რომ კამეჩი სიცივესა და სიცხეს ისე ვერ იტანს, როგორც ძროხა, განსაკუთრებით ადგილობრივი ჯიშები.
დაავადებების პრევენცია
ნასიძეების კამეჩების ფერმაში, ცხოველთა დაავადებებზე მხოლოდ მოზარდებს ცრიან: „ვამუშავებთ ჭიაზე, თურქულზე, დაავადებებზე, მაგრამ ძალიან რთულია დიდი კამეჩის დამუშავება, რადგან 700 კილოგრამიან ფურს თავისუფლად ვერ მოიხელთებ, დაიჭერ და ვერ გაუკეთებ ნემსს. ამას გარდა, ეს არის სპეციფიკურ ცხოველი, რომელსაც თუ ატკენ შეიძლება გაგებუტოს კიდეც. მაგალითად, უცხო ადამიანს არ უშვებს მოსაწველად“, – ამბობს მამუკა ნასიძე.
„კამეჩის მომშენებელთა საქართველოს ასოციაცია“
მამუკა ნასიძეს, საკუთარმა გამოცდილებამ, რომ კამეჩების მოშენებისთვის ბევრი ძალისხმევა დასჭირდა, გადააწყვეტინა ასოციაცია ჩამოეყალიბებინა. ასე შექმნა „კამეჩის მომშენებელთა საქართველოს ასოციაცია“, სადაც ამჟამად 40 ფერმერია გაწევრიანებული და მათ კონსულტაციებს გამოცდილი სპეციალისტები აძლევენ: „ასოციაციის თავმჯდომარეა პროფესოირ გიული გოგოლი, წევრია გივი ბასილაძე, პროფესორი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის თანამშრომლები. მე ამ ასოციაციის დირექტორი ვარ. როდესაც მათ დავუკავშირდი მითხრეს, მოდი ჩამოვაყალიბოთ ასოციაციაო. ასე შეიქმნა. ამჟამად სამცხე-ჯავახეთიდან მხოლოდ მე ვარ ასოციაციაში, იმიტომ, რომ ეს ერთადერთი ფერმაა რეგიონში“.
გარდა ასოციაციისა, მამუკა ნასიძე მსოფლიო მეკამეჩეობის კონგრესის წევრიც არის.
პროდუქცია და სამომავლო გეგმები
მამუკა ნასიძე ძირითადად კამეჩის მაწონსა და ყველს აწარმოებს. ბაზარზე პროდუქცია „ლაბა პროდუქტის“ სახელით არის ცნობილი. ასევე აქტიურად მუშაობს სანაშენე ჯიშების გამოყვანა რეალიზაციაზე.
ამბობს, რომ პანდემიამ ხელი შეუშალა მაწვნის რეალიზაციაში: „ახლა ყველს ვაკეთებთ, ცოტა ხნის წინ მაწვნის რეალიზაციას ვახდენდით, მაგრამ პანდემიამ ხელი შეგვიშალა, რადგან ეს ძვირადღირებული პროდუქციაა და გლეხს ამდენი საშუალება არ აქვს. ამ წუთში მომავლის იმედით ვცხოვრობთ და ყველს ვამზადებთ, გვყავს ჩვენი მომხმარებელი და გაგვაქვს თბილისში. ვგეგმავთ მეურნეობის გაფართოებას და მაწვნის წარმოებას გაზაფხულიდან აღვადგენთ. სამომავალოდ კი ბიოლოგიური რძის წარმოებაზეც ვფიქრობთ“.
რაც შეეხება სანაშენე მეურნეობას, ფერმერი ამბობს, რომ სუფთა სისხლის კამეჩები გამოჰყავს, მათზე მოთხოვნაც დიდია: „ვყიდით სუფთა სისხლის კამეჩებს, რომლებიც გადაჯიშებულია. ეს არის კავკასიური კამეჩი, გენეტიკა დაცული გვაქვს და სუფთა სისხლის გამოდის. ყიდულობენ კახეთიდან, აჭარიდან… ავიყოლიეთ რამდენიმე ფერმერიც, რომლებმაც სერიოზულად მოჰკიდეს ხელი“, – ამბობს ფერმერი.
თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე, დეკემბერი, 2021წ.