სინათლე აუცილებელია ქლოროფილის შესაქმნელად, ხოლო სინათლისა და ქლოროფილის ურთიერთქმედების შედეგად ხდება ნახშირწყლების სინთეზი. მიუხედავად სინათლის ასეთი დიდი მნიშვნელობისა, ყველა მცენარე სინათლისადმი ერთსა და იმავე დამოკიდებულებაში არ იმყოფება.
ამ მხრივ მცენარეებს ორ ჯგუფად ყოფენ. ესენია: სინათლის მოყვარული მცენარეები, რომლებიც თავისი განვითარებისათვის საკმაო სინათლეს მოითხოვენ და ჩრდილის ამტანი მცენარეები, რომლებიც შედარებით ნაკლები სინათლის პირობებში ვითარდებიან. მცენარეთა ასეთ თვისებებს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ტყეების ხელოვნურ აღდგენაში. მაგ. ფიჭვისათვის საჭიროა ღია, მზით კარგად განათებული ადგილები, ხოლო ნაძვის აღმოცენებისათვის კი დაჩრდილული ადგილებია ხელსაყრელი.
სინათლის სიმცირის შედეგად ხდება მცენარეთა არანორმალური განვითარება _ ეთიოლაცია. ეთიოლირებული მცენარე ქლოროფილის განუვითარებლობის გამო გაწვრილებულია, გამაღლებული და გაყვითლებული. ასეთი მცენარეები მიდრეკილებას იჩენენ ინფექციური დაავადებებისადმი.
ეთიოლაცია აიხსნება იმით, რომ მცენარე იწყებს ფოთლებიდან ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერებების, მათ შორის ქლოროფილის და ცილოვანი ნივთიერებების ამოღებას. ხშირ ნათესებში სინათლის ნაკლებობის გამო, მცენარე სიმაღლეში არაჩვეულებრივად იზრდება და მექანიკური ქსოვილები არ უვითარდება, რაც იწვევს ყანის ჩაწოლას. ამ დროს მცირდება მოსავლის რაოდენობა და ხარისხი, რთულდება მისი მექანიზებული აღების შესაძლებლობა და იზრდება დანაკარგები.
სინათლის სიჭარბით გამოწვეული დაავადებები ნაკლებად არის გავრცელებული და ამიტომ პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. აღსანიშნავია მხოლოდ ორი გარემოება: 1) ძლიერი განათების დროს შესაძლებელია მცენარის ქსოვილებში ქლოროფილის დაშლა მოხდეს; 2) როდესაც ჩრდილის ამტანი მცენარეები ხვდება მზიან ადგილზე, შესაძლებელია ამან მათი დაწვა გამოიწვიოს ან მცენარე ვერ შეეთვისოს ახალ ეკოლოგიურ პირობებს და დაიღუპოს.
ყველა მცენარეს თავისი ფოტოპერიოდიზმი ახასიათებს: არიან ისეთი მცენარეები, რომელთა ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის, მათი ფენოფაზების დამთავრებისათვის გრძელი დღეა საჭირო, ვინაიდან სინათლე მისთვის ხანგრძლივადაა საჭირო (იონჯა, ჭვავი). ისეთებიც გვხვდება, რომლებიც მოკლე დღეს მოითხოვენ (სოია).
მცენარეების ნაწილი კი დღის ხანგრძლივობისადმი არ იჩენენ განსაკუთრებულ მგრძნობიარობას. გრძელი დღის მცენარე თუ არ მოხვდა შესაფერის პირობებში, ის იჩაგრება. თუ გრძელი დღის მცენარე მოკლე დღის პერიოდში დაითესა, გაუხანგრძლივდება ვეგეტაცია.
ავტორი: შაქრო ყანჩაველი /მცენარეთა პათოლოგიის საფუძვლები/.