დედამიწის კლიმატური პირობების ცვალებადობის ზუსტი პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია; დედამიწის ცალკეულ კონტინენტებზე და მის რეგიონებში მოსალოდნელია, როგორც ხანგრძლივი გვალვიანობა ასევე ჭარბ ტენიანობა, რაც განსხვავებულ პირობებს შეუქმნის სოფლის მეურნეობის ცალკეული კულტურების ზრდა–განვითარებას.
ასეთ ცვალებად არაპროგნოზირებად პირობებში საჭიროა გამოყენებულ იქნას მიწათმოქმედების ისეთი ბალანსირებული ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს მცენარეს შეუქმნათ ექსტრემალური პირობების დაძლევის უნარი.
დღეისათვის მიწათმოქმედების და კერძოდ ნიადაგდამუშავების არსებული ტექნოლოგიებიდან ყურადღებას იქცევს „ნულოვანი“ (ნო-თილ) ტექნოლოგია, რომელიც წარმოადგენს მარცვლოვანი და სხვა კულტურების წარმოების ტექნოლოგიას ხვნის გარეშე. მეცნიერები ასაბუთებენ რომ „ნულოვანი“ ტექნოლოგია არის გვალვისა და ნიადაგის დეგრადაციის საწინააღმდეგო ტექნოლოგია. აღნიშნული ტექნოლოგიის გარშემო მსოფლიოში გავრცელებულია მრავალმხრივი საინფორმაციო მასალა. ძირითადად ყურადსაღებია კანადის, აშშ, ევროპის ქვეყნების, ყაზახეთის, უკრაინის, რუსეთის და სხვ. ქვეყნების მეცნიერთა და ფერმერთა მოსაზრებები, რომელთა შორის არიან „ნულოვანი“ ტექნოლოგიის როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები.
ნიადაგის დამუშავების „ნულოვანი“ სისტემა წარმოადგენს მიწადმოქმედების თანამედროვე ენერგორესურსდამზოგ სისტემას, რომლის დროსაც თესვის წინ ნიადაგი არ მუშავდება, მისი ზედაპირი იფარება მცენარეთა დაქუცმაცებული ნარჩენებით (მულჩით). ვინაიდან ნიადაგის ზედა ფენა არ ფხვიერდება, გამორიცხულია ნიადაგის წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზია, პარარელურად ნიადაგი უკეთესად ინარჩუნებს ტენს. მეცნიერების აზრით ნიადაგის `ნულოვანი~ დამუშავების სისტემა მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას მშრალ ნიადაგებში, ასევე ფერდობებზე განლაგებულ ფართობებზე ტენიანი კლიმატის პირობებშიც. იმისათვის, რომ ნიადაგის ნულოვანი დამუშავების სისტემა იყოს ეფექტური, საჭიროა მოხდეს წინასწარი დიფერენციაცია რეგიონის ნიადაგობრივ-კლიმატური პირობების მიხედვით, ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ფინანსური შესაძლებლობა.
ნიადგის „ნულოვანი“ დამუშავების სისტემის გამოყენებისას მოსავლიანობა ხშირ შემთხვევაში დაბალია, ვიდრე მიწათმოქმედების ტრადიციული მეთოდების დროს, მაგრამ „ნულოვანი“ ტექნოლოგიის დროს ადგილი აქვს საწვავისა და შრომის ნაკლებ დანახარჯებს, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს სისტემა წარმოადგენს მიწადმოქმედების რთულ სისტემას და მისი პრაქტიკული განხორციელება მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნას და სიზუსტეს.
მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობისა, „ნულოვანი” ტექნოლოგია მსოფლიოში დღეისათვის გამოიყენება 300 მილიონ ჰექტარზე მეტ ფართობებზე, ძირითადად სასოფლო-სამეურნეო წარმოების მოწინავე ქვეყნებში. „ნულოვანი“ტექნოლოგიას, ხშირად უწოდებენ ნაწვერალზე თესვას, ვინაიდან ეს არის მიწათმოქმედების ერთ-ერთი სისტემა, მარცვლეული კულტურების წარმოებისათვის. ეს სისტემა ხელს უწყობს ნიადაგში მიკროორგანიზმების და სხვა ორგანიზმების (ჭიაყელა და სხვ.) განვითარებას, რომლებიც ზრდიან ნიადაგში ფორების რაოდენობას და წყალგამტარიანობას, რითაც მნიშვნელოვნად უმჯობესდება მარცვლეული კულტურების ზრდის პირობები. როგორც ტექნოლოგიის სახელწოდებიდან ჩანს, ნიადაგის წინასწარ დამუშავებას ადგილი არა აქვს, მკის შემდგომი ნარჩენები ხელუხლებლად რჩება, მისი შემდგომი დაქუცმაცებისა და ზედაპირზე მოფანტვისთვის; თესვა მიმდინარეობს ნაწვერალზე, ხოლო სარეველები კონტროლდება ქიმიკატებით.
ეს ტექნოლოგია აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, ამცირებს ქარისმიერ და წყლის ეროზიას. ასევე ნიადაგი ხდებაუფრო ფხვიერი, რაც მცენარის ფესვებს აძლევს კარგად განვითარების საშუალებას, შესაბამისად წყლისა და საკვები ნივთიერებების უკეთ შეწოვის უნარს. ამგვარად, ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით მიზანშეწონილია გამოვიყენოთ ნიადაგებში სადაც წყლის რაოდენობა შეზღუდულია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანას ამ ტექნოლოგიის გამოყენების დროს წაროადგენს, სარეველების მოსპობა, ვინაიდან ზოგიერთი ჰერბიციდი ძალიან ძვირია, ზოგიერთებს კი სარეველები ეგუებიან. ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით გამოიყენება თესლბრუნვის მეთოდები პარკოსანი კულტურების თესვით. რაც აუმჯობესებს ნიადაგში აზოტის შემცველობას, ასევე ღერძული ფესვები აუმჯობესებენ წყალგამტარიანობას ნიადაგში.
„ნულოვანი“ ტექნოლოგიაზე გადასვლის წინა პერიოდში მიზანშეწონილია ჩავატაროთ ნიადაგის ღრმად დამუშავება. მაქსიმალური ეფექტურობა მიიღება გარკვეული დროის შემდეგ, ვინაიდან ნიადაგს სჭირდება დრო, რათა აღადგინოს მისი ბუნებრივი მდგომარეობა, გაატაროს წყალი და წარმოქმნას ორგანული ნივთიერებები. ნიადაგის დამუშავების „ნულოვან“ სისტემაში ნიადაგი განიხილება როგორც ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც გააჩნია ინდივიდუალური თავისებურებანი. ნიადაგმცოდნეები ანსხვავებენ ორგანული ნივთიერებების სამ ძირითად სახეს:
– ადვილად დაშლადი (ხრწნადი) ორგანული ნივთიერებები 10–15%;
– საშუალო დონის დაშლადი ორგანული ნივთიერებები; 40-45% (დაშლის პერიოდი 20-50 წელი);
– ძლიერ სტაბილური ორგანული ნივთიერებები 40-45% (დაშლის პერიოდი 1000 წლამდე).
ადვილად დაშლადი ორგანული ნივთიერებები შესდგება: 20-40% ცოცხალი ორგანიზმებისაგან (ბაქტერიები, წვიმის ჭიაყელები და სხვ.); 60-80% კარგად დაშლადი ორგანული ნივთიერებებისგან (ნარჩენები მოსავლის აღების შემდეგ, ქერქები, მკვდარი ორგანოები და სხვა.).
„ნულოვანი“ ტექნოლოგიის ძლიერი და სუსტი მხარეები შეიძლება დავაჯგუფოთ შემდეგნაირად (იხ. ცხრილი 1).
„ნულოვანი“ ტექნოლოგიის გავრცელების ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს მძლავრი და უფრო ძვირი სათესების გამოყენების აუცილებლობა. დღეისათვის არსებობს სხვადასხვა კონსტრუქციისა და წარმადობის სათესები. მათ შორის შედარებით ეფექტურ სათეს წარმოადგენს დისკოებიანი სათესი, რომელსაც გააჩნია შემდეგი უპირატესობები:
– სათეს შეუძლია მუშაობა ძალიან ხშირ ნაწვერალზე;
– სჭირდება ნაკლები წევის ძალა, რითაც მცირდება საწვავის ხარჯი და კაპიტალური დანახარჯები;
– თესვა შესაძლებელია მაღალი სიჩქარით, რითაც მცირდება შრომითი დანახარჯები;
– ფერმერებს არ სჭირდებათ უფრო ძვირი და დიდი მოდების განის სათესის შეძენა, რითაც მცირდება კაპიტალური დანახარჯები.
ამჟამად საქართველოში შემოტანილია. John Deer 1590 – მარკის ნოუტილის 28 რიგიანი სათესი იხ. სურ. 1, რომლის გამოყენებით, შოთა რუსთაველის ფონდის დაფინანსებით, პროფ. ო. ქარჩავასა და პროფ მ. ბენაშვილის მიერ 2013–2014 წლებში დამუშავებული იქნა საგრანტო პროექტი -„ნიადაგის ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგიის დანერგვა-გავრცელება აღმოსავლეთ საქართველოს მემარცვლეობის ზონაში“. მიღებული შედეგების მიხედვით ნიადაგის ეროზია შემცირდა 35-40%, ხოლო ფულადი სახსრების ხვედრითი დანახარჯები შემცირდა 30%. მომავალში გათვალისწინებულია სიმინდის, ლობიოს და სოიოს მოყვანა საქართველოს რეგიონებში.
დღეისათვის მარცვლეულის მწარმოებელ ქვეყნებში შედარებით უფრო გავრცელებულია ბრაზილიური ფირმის სემიატოს მიერ გამოშვებული დისკოებიანი ნოუტილის სათესი SEMEATO 33 VS (იხილეთ სურ. 2 )
სურ. 1. John Deer 1590- მარკის ნოუტილის 28 რიგიანი სათესი;
სურ. 2. SEMEATO 33 VS – მარკის დისკოებიანი ნოუტილის სათესი.
აღნიშნული სათესი მაღალმწარმოებლურია. მას შეუძლია საათში 4,5 ჰა ფართობის დამუშავება, ვინაიდან გააჩნია შედარებით ბასრი დისკოები, შეუძლია გაჭრას ნებისმიერი მცენარეული ნარჩენი და ზუსტად ჩათესოს მარცვალი.
აღნიშნული ტექნოლოგიური მანქანის ქვეყანაში შემოტანის შემთხვევაში აგროსაინჟინრო დარგის სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მკვეთრად შეამცირონ ზემოთ მოცემული ტექნოლოგიით მარცვლეულის თესვის ვადები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიანი რეგიონებისთვის, სადაც მცენარეთა ვეგეტაციის ვადები საგრძნობლად მცირეა.
ნულოვანი ტექნოლოგიის დანერგვის ათი ძირითადი ფაქტორი
→ საფუძვლიანად შევისწავლოთ „ნულოვანი“ ტექნოლოგიები;
→ ჩავატაროთ ნიადაგის ანალიზი და მივიღოთ ღონისძიებები ph-ის მაჩვენებლების და მკვებავი ელემენტების დაბალანსებისათვის;
→ არ გამოვიყენოთ ცუდი დრენაჟის მქონე ნიადაგები და გავერკვიოთ ვარგა თუ არა ჩვენი არჩეული ფართობი „ნულოვანი“ ტექნოლოგიის დასანერგად;
→ გავასწოროთ ნიადაგის ზედაპირი;
→ უნდა აღმოვფხვრათ ნიადაგის შემჭიდროება (სიმკვრივე), ვიდრე დავიწყებთ „ნულოვანი“ ტექნოლოგიის გამოყენებას, ჩავატაროთ ღრმა გაფხვიერება;
→ ნიადაგის ზედაპირზე შევქმნათ მულჩის მეტი რაოდენობა;
→ შევიძინოთ სათესი „ნულოვანი“ ტექნოლოგიისათვის;
→ დავიწყოთ „ნულოვანი“ ტექნოლოგიის გამოყენება მთლიანი ფართობის არა უმეტეს 10%–ზე;
→ გამოვიყენოთ თესლბრუნვა და სიდერატები;
→ გამუდმებით გავეცნოთ სიახლეებს „ნულოვან“ ტექნოლოგიაზე.
საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონში, კერძოდ დედოფლისწყაროს რაიონში, შირაქის ველზე ფერმერ ზ. თეთრაძის ნაკვეთზე 2014–2015 წლებში ტრადიციული, მინიმალური და ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგიით განხორციელდა ხორბლის მოყვანის პროექტი.
მიღებული შედეგებიდან ჩანს, რომ ტრადიციული ტექნოლოგიით 1ჰა ფართობიდან მიღებულია 799 ლარი მოგება, მინიმალური ტექნოლოგიით 919 ლარი, ხოლო ნულოვანი ტექნოლოგიით 977 ლარი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ნულოვანი ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში პირდაპირი თესვა გამორიცხავს სხვადასხვა აგრეგატებით ჩასატარებელ 5-6 გავლას, რითაც ამცირებს ნიადაგის ტკეპვნას, წყლის აორთქლებას, ეროზიული პროცესების განვითარებას, ამცირებს საწვავისა და შრომის ხარჯებს, რაც განაპირობებს ფულადი სახსრების ეკონომიას.
ლიტერატურა:
შ. ცუკოშვილი, ხორბლის სადემონსტრაციო ნაკვეთი შირაქში. სამეცნიერო-საინფორმაციო ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“, №7 (51), თბილისი. 2015;
ვებ გვერდები: auto.ria.com; agromir-notill.com.
ნუგზარ ებანოიძე,
ტექნიკის მეცნიერების დოქტორი, სრული პროფესორი.