ავშანფოთლიანი ამბროზია საშიში საკარანტინო სარეველა

ამბროზია, საკარანტინო, სარეველა

ავშანფოთლიანი ამბროზია საშიში საკარანტინო სარეველაა. გავრცელებულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.

ჩვენში გავრცელებულია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ნათესებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ლიანდაგების, გზისპირების და ღობეების გასწვრივ, მიტოვებულ და დაუსახლებელ ადგილებში.

ავშანფოთლიანი ამბროზია ყვავილობს ივლის-აგვისტოში. უხვად წარმოქმნის ყვავილის მტვერს, რაც იწვევს ძლიერ ალერგიულ დაავადებებს – თივის ციებ-ცხელებას (თივის ანიავების დროს კანზე ჩნდება გამონაყარი) და პოლინოზს (ბრონქიალურ ასთმას).

დაავდების ნიშნებია: შრომის უნარის დაკარგვა; ზედა სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების შეშუპება; სურდო, ცრემლდენა, ასთმის განვითარება.

ამიტომაც, აუცილებელია სარეველას წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარება.

რა უნდა ვიცოდეთ ავშანფოთლიანი ამბროზიის შესახებ

სარეველა ვრცელდება თესლით (ნიადაგში 5-40 წელი ინარჩუნებს აღმოცენების უნარს და ცალკეულ ეგზემპლიარებს 80-100 000 თესლის მოცემა შეუძლია), კულტურულ მცენარეთა სათესლე მასალასთან და მარცვალთან ერთად, თივით, სატრანსპორტო საშუალებებით.

შემოდგომასა და ზამთარში მოუთიბავი მცენარეებიდან თესლი ვრცელდება ქარის და სხვა საშუალებებით. გაზაფხულზე გადაიტანება მდინარეებით, სარწყავი არხებით, ხევებითა და ხრამებით. სარევალა პირველ აღმონაცენს მარტის ბოლოს იძლევა, მასობრივად კი – აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში აღმოცენდება.

სარეველას საკმაოდ დიდი ვეგეტატიური მასა და მძლავრი ფესვთა სისტემა აქვს, თრგუნავს კულტურულ მცენარეებს. მცენარის თითქმის ყველა ორგანო შხამიანია.

სარეველის მიერ გამოყოფილი ტოქსინები თავის სიახლოვეს მოზარდ კულტურულ მცენარეებს არ აძლევს განვითარების საშუალებას. ფოთლებში მწარე ეთერზეთების არსებობის გამო სარეველა მკვეთრად ამცირებს საძოვრებისა და თივის კვების ღირებულებას. ასეთ საკვებს საქონელი არ ეკარება და თუ შემთხვევით მოხვდა მის ორგანიზმში იწვევს რძის დამწარებას.

ამბროზია

ავშანფოთლიანი ამბროზიის წინააღმდეგ უნდა გატარდეს კომპლექსური დაცვითი ღონისძიებები:

სავალდებულოა, საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთებისა და ღობის პირების გასწვრივ სარეველის მოთიბვა ყვავილობამდე ან თესლის მომწიფებამდე. უნდა მოხდეს მონათიბის ამოძირკვა, ნარჩენების შეგროვება და დაწვა. მოთიბული მასა გამოუსადეგარია პირუტყვის საკვებად. ამიტომ ის უნდა შეგროვდეს და დაიწვას.

დაუშვებელია სარეველის თესლის ფრინველის საკენკად გამოყენება (რათა ნიადაგში არ დაგროვდეს თესლის მარაგი)! მოუვლელი საკარმიდამო ნაკვეთი საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას (განსაკუთრებით ახალშობილებსა და მოზარდებში დიდია ბრონქიალური ასთმის განვითარების საშიშროება).

დასარეველიანებული თესლი უნდა ინახებოდეს საღი სათესლე მასალისაგან განცალკევებით.

აგროტექნიკური ღონისძიებები

  • ნიადაგის მოხვნა 10 – 12 სმ. სიღრმეზე, გათოხვნა;
  • თესლბრუნვაში კულტურათა სწორი მორიგეობა;
  • გათიბვა _ ბუტონიზაციის ფაზაში 5 – 7 სმ. სიმაღლის მცენარე უნდა გაითიბოს 2- ჯერ, ხოლო 12 _ 15 სმ.-ის 4-ჯერ (ამოითხაროს ფესვებიანად).

სავალდებულოა:

უპატრონო, მიტოვებულ საკარმიდამო ნაკვეთებზე, გზისპირა ზოლების გასწვრივ, დაუმუშავებელ ფართობებზე, ღობის პირებზე სარეველის მცირე კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაცია (მოთიბვა, ამოძირკვა);

თუ სარეველა დაფიქსირდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესებში, მაშინ უნდა მოხდეს სარეველის კერების ლოკალიზაცია (შემოევლოს ხის მესერი ან თხრილი) და ლიკვიდაცია (დაწვა), რათა არ გავრცელდეს მეზობელ ნაკვეთებში.

მიზანშეწონილია:

ავშანფოთლიანი ამბროზია გამოირჩევა კერობრივი გავრცელებით; მასიური გავრცელების შემთხვევაში მიზანშეწონილია ქიმიური ღონისძიების გატარება!

ამბროზია

ქიმიური ღონისძიებები: 

  • არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობებზე ამბროზიის 2-4 ნამდვილი ფოთლის ფაზაში არსენალი (იმაზაპარი) 2 – 2,5 ლ/ჰა;
  • საშემოდგომო მარცვლეულ კულტურებში ბარტყობის ფაზაში – დიალენ სუპერი 0,5 -0,7 ლ/ჰა;
  • საშემოდგომო და საგაზაფხულო ხორბლის ნათესებში – ლონტრელი, დიალენ სუპერი 0,5 -0,7 ლ/ჰა;
  • სიმინდის ნათესში 3 – 5 ფოთლის ფაზაში დიალენ სუპერი 1,0 – 1,5 ლ/ჰა.

ჰერბიციდებთან მუშაობისას დაიცავით უსაფრთხოების წესები!

რეკომენდებული ჰერბიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში მცენარეთა დაცვის სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ! ჰერბიციდების გამოყენებისას სავალდებულოა როგორც პირადი, ასევე გარშემომყოფთა უსაფრთხოების დაცვა!

წამლობის დროს დაამწყვდიეთ შინაური ფრინველი, ცხოველი და შეზღუდეთ ფუტკრის ფრენა. წამლის შეშრობის შემდეგ შეიძლება მათი გამოშვება, თუმცა სასურველია ისინი შეწამლულ ადგილებს მოარიდოთ 3 – 5 დღის განმავლობაში.

წამლობის ადგილს მოვარიდოთ მოსახლეობა (განსაკუთრებით ბავშვები). შეწამვლაზე მომუშავე პირებს უნდა ეცვათ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ეკეთოთ სათვალე და პირზე აფარებული ჰქონდეთ სამედიცინო დოლბანდის რამოდენიმე ფენისაგან დამზადებული საფარი (რათა თავიდან ავიცილოთ ჰერბიციდის სასუნთქ გზებში მოხვედრა).

შეწამვლის პერიოდში აკრძალულია:

თამბაქოს მოწევა, წყლის დალევა და საკვების მიღება. ჰერბიციდით მოწამვლის შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს და თან იქონიეთ ჭურჭელი ან შესაბამისი ჰერბიციდის ეტიკეტი ( რათა ექიმმა დროულად და სწორედ აღმოგიჩინოთ დახმარება).

გამოუყენებელი ჰერბიციდის ნარჩენები ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, კვების პროდუქტებისა და ცხოველთა საკვებისაგან მოშორებით.

წამლობის წინ საჭიროა დაიხუროს სასმელი წყლის ჭები. არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება ღია წყალსაცავების და წყალსატევების ახლოს. აგრეთვე, ზღვისპირა საკურორტო ზოლში ზღვის მაქსიმალური შემოჭრიდან 300 მ-ის რადიუსში გარემოსდაცვითი ნორმების დარღვევით.

გახსოვდეთ!

  • ავშანფოთლიანი ამბროზია საკარანტინო სარეველაა!
  • სავალდებულოა სარეველა მოთიბოთ ყვავილობამდე ან თესლის მომწიფებამდე, რათა თავიდან აიცილოთ მოსახლეობის თივის ციებ-ცხელებითა და პოლინოზით დაავადება!
  • თქვენივე ნაკვეთისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით უნდა მოახდინოთ სარეველის კერების დროული ლოკალიზაცია-ლიკვიდაცია და გაატაროთ კომპლექსური დაცვითი ღონისძიებები!
  • მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ მიწის მესაკუთრეს, რომლის მოუვლელი საკარმიდმო ნაკვეთი საფრთხეს შეუქმნის მეზობელ საკარმიდამო ნაკვეთებს!

ავშანფოთლიანი ამბროზიის კერების გამოჩენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენი რაიონის სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის რაიონულ სამმართველოს ან სოფლის რწმუნებულს, რათა დროულად მოხდეს სარეველის კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაცია.

ambrosia_ambrozia_2888970

ავტორი: მამანა გაბრუაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.

თქვენი რეკლამა