ამბობენ, „ზამთარში ვაზი ისვენებსო“, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზამთარში მევენახესაც მოსვენების დრო აქვს. ასევე, ამბობენ, რომ „ღვინის ხარისხს საფუძველი ვენახში ეყრებაო“, ესეც სრული ჭეშმარიტებაა, რადგან უხარისხო ყურძნიდან ვერანაირი ტექნოლოგიით ხარისხიან ღვინოს ვერ დააყენებ.
ყურძნის ხარისხის დამაზიანებელი კი სწორედ ის ათობით დაავადებაა, რომელიც ვაზს სეზონის მანძილზე უჩნდება. ეს დაავადებები არის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი და სხვ. ვაზს, ასევე, აწუხებს უამრავი მავნებელი, რომლებიც არა მარტო ყურძნის ხარისხს სწევენ დაბლა, არამედ შეუძლიათ მევენახე მოსავლის გარეშე დატოვონ. ყველა ეს დაავადება გუშინ არ გაჩენილა და ასევე, არც არასდროს გაქრება, ყველა ისინი ჩვენს გვერდით არიან და იქნებიან ყოველთვის, ამიტომ მეურნის ამოცანაა მის ვენახში, რაც შეიძლება მცირე რაოდენობით იყოს ამ დაავადებათა შტამები, რომ მათი არსებობა, მოსავალს არ დაეტყოს. ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრა კი მხოლოდ ვაზის თავის დროზე შეწამვლით შეიძლება, ანუ არ უნდა გამოგეპაროთ ვაზის შეწამვლის დრო.
ზამთარი, ვაზის მავნებლების, სოკოების, ვირუსებისა და ბაქტერიებისთვისაც მოსვენების პერიოდია, რადგან ზამთრის სიცივე და საკვების არ არსებობის პირობებში მათ, გამრავლება არ შეუძლიათ, ანუ ყველა ისინი, ზამთრის ძილს არიან მიცემულნი და იცით სად სძინავთ? თქვენი ვაზის შტამბის აქერცლილ კანქვეშ, შტამბის ნახეთქებში და ყველა ნაპრალში. ეს ყველაფერი მეცნიერებამ ათობით წლის წინ დაადგინა და მისცა კიდეც მევენახეს იმის რეკომენდაცია, რომ ადრე გაზაფხულზე, ოდნავი სითბოს დადგომისთანავე, ხეხილის შტამბი გულდასმით შეწამლოს და ძილის პერიოდში ყველა ეს მავნე მიკროორგანიზმი, ადგილზე გაანადგუროს, რადგან ბუდიდან გადასულ-გადაფრენილი მავნებლების დევნა, უიმედო საქმეა.
დასავლეთი საუკუნეებია აწესრიგებს თავის ცხოვრებას და ამიტომ იქ, ისე, როგორც ყველა და ყველაფერი, ვაზთან მუშაობაც მოწესრიგებულია, ანუ მევენახე ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს მეცნიერის მიერ მიცემულ რეკომენდაციას. იქ, ვაზის შტამბის შეწამვლას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და მაღალ დონეზე ატარებენ. ეს იმიტომ, რომ ამ შეწამვლაზეა დამოკიდებული, ვაზის რამდენი მავნებელი გამოიზამთრებს და გაზაფხულზე შეესევა მის ვენახს. სწორედ ამ შეწამვლის ხარისხზეა დამოკიდებული გაზაფხულზე ვაზის პირველი შეწამვლის დროც და იშვიათია, რომ ვაზს პირველი შეწამვლა, ყვავილობამდე დასჭირდეს.
ჩვენს მევენახეთა უმრავლესობა კი ამ დროისათვის, მესამე შეწამვლას აკეთებს, რაც ეკონომიურადაც წამგებიანია და ვაზიც შხამებით იტვირთება. შედეგი კი ისაა, რომ იქ იშვიათად მიმართავენ პროფილაქტიკურ (დროის გარკვეულ შუალერში ვაზის შეწამვლა) შეწამვლას და ძირითადად გადასული არიან მიზნობრივ, ანუ სამკურნალო შეწამვლაზე. ისინი, დიდი ხანია მუშაობენ დევიზით: „თუ ადამიანი, მხოლოდ დაავადების შემდეგ იწყებს მკურნალობას, ასე უნდა მოვიქცეთ ვაზის შემთხვევაშიც, ანუ ვაზი, მხოლოდ დაავადების გამოჩენის შემთხვევაში უნდა შეიწამლოს“. ვაზის შეწამვლისადმი ასეთი მიდგომის შედეგი კი ისაა, რომ ისინი სეზონზე 3-5 შეწამვლით იმაზე უკეთეს შედეგს აღწევენ, ვიდრე ქართველი მეურნე, ვაზის 10-15-ჯერ შეწამვლის დროს. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი, ასე, ათეულობით წელია მუშაობენ და მათ ვენახებში დაავადებათა შტამები ისედაც მინიმუმამდეა დაყვანილი, ასე, რომ თუ მათ გზას გავყვებით, რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, ქართველი მევენახეც იგივე შედეგს მიიღებს.
აქ, რა თქმა უნდა, ისე არ უნდა გავიგოთ თითქოს საქართველოში ვაზზე ამ ოპერაციას საერთოდ არავინ აკეთებს, რა თქმა უნდა, ვაზის შტამბის შეწამლას საქართველოშიაც მიმართავენ, მაგრამ მიმართავს უმცირესობა და არა სათანადოდ. კერძოდ: საქართველოში ამ მიზნით ვაზს ხშირად გოგირდს აფრქვევენ და ამასაც არა სამკურნალოდ, არამედ მოვალეობის მოხდის მიზნით, რადგან ვაზის შტამბზე შეფრქვეული გოგირდი, შტამბს, მხოლოდ ზედა მხრიდან ეყრება და შტამბის 60%-ზე მეტი დაუმუშავებელი რჩება. თუ ვაზის გოგირდით ასეთი დამუშავება 40-50 წლის წინ შედეგს იძლეოდა, დღეს, ეფექტი ნაკლებია, რადგან შეფრქვეული გოგირდი ძირითადად ძირს იყრება, ნიადაგს აბინძურებს და ნაყოფშიც ხვდება. ამ მიზნით საუკეთესო საშუალებაა მაღალი კონცენტრაციის ოზონირებული წყალი და 03-05%-იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარი, ანუ 1 ლიტრი 50%-იანი წყალბადის ზეჟანგის კონცენტრატი, იხსნება 100-150 ლიტრ წყალში. კარგ შედეგს იძლევა პრეპარატის ზურგზე ასაკიდებელი აპარატით შეწამვლა. ამ დროს პრეპარატის ეკონომიის მიზნით აუცილებელია აპარატი დაბალ წნევაზე ამუშაოთ და მფრქვევანას ვიწრო გაშლა ჰქონდეს. გახსოვდეთ მაქსიმალური შედეგი იმ შემთხვევაში მიიღწევა თუ შტამბს პრეპარატით მთლიანად დაასველებთ. ასეთივე შედეგის მიღწევა თხევადი შხამქიმიკატით შეწამვლითაც მიიღწევა, მაგრამ ეს 3-4-ჯერ ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე, წყალბადის ზეჟანგითა და ოზონირებული წყალით შეწამვლა.
ვაზის შტამბის შეწამვლა, რა თქმა უნდა, ტრაქტორითაც შეიძლება, მაგრამ აქ არაა გამორიცხული 25-30%-იანი ხარვეზის მიღება (პრეპარატით დაუსველებელი შტამბი), ამიტომ ტექნიკით შეფრქვევის დროს ყურადღებით უნდა იყოთ, რათა ხარვეზი, რაც შეიძლება ნაკლები იყოს.
აქ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროპელი და ამერიკელი ფერმერი, მაღალი ხარისხის პრეპარატს ხმარობს, ჩვენთან შემოსული პრეპარატების აბსოლუტური უმრავლესობა კი მათ მიერ დაწუნებული, ანუ დროგასული პრეპარატია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯერ ერთი, არ შეიძლება საქართველოში პრეპარატი ევროპაზე ნაკლები ღირდეს და მეორე, გამორიცხულია, ახალი პრეპარატით შეწამლული ვაზი დაავადდეს, რადგან განსხვავებით საქართველოსი იქ, ამაზე პრეპარატის მწარმოებელი და გამყიდველი, დიდ ჯარიმას იხდის.
ევროპელმა და ამერიკელმა მევენახეებმა ათობით წლის წინ დაიწყეს თანამედროვე შხამქიმიკატების ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატებით ჩანაცვლება. ამ მხრივ დიდი შედეგები აქვთ ამერიკელ მევენახეებს, კერძოდ: ჩვენს ინსტიტუტს კავშირი მაქვს კალიფორნიის შტატის მევენახეთა პრეზიდენტთან, რომელიც დაუნანებლად გვიზიარებს თავიანთ გამოცდილებას ამ კუთხით. ამ მიზნით ისინი წყალბადის ზეჟანგსა, ოზონირებულ წყალს და კოლოიდურ ვერცხლს იყენებენ. აშშ-ში ერთ-ერთი კომპანია, კერძოდ, „AGRIOZEIN”-ი აწარმოებს ოზონოგენერატორით გაწყობილ ტრაქტორის მისაბმელ ცისტერნებს (ერთი ასეთი ცისტერნა ყვარელელ ფერმერსაც აქვს ჩამოტანილი). აღნიშნულ ტექნოლოგიებს საქართველოში ნერგავს „ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო კვლევიის ინსტიტუტი“. პროექტში ჩაბმულია ათობით ქართველი მეურნე, რომლებმაც გასული წელი, კარგი შედეგებით დაამთავრეს, რის შესახებაც ცალკე წერილში მოგითხრობთ.
ჟორა გაბრიჭიძე /ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი/.
ტელ. შეკითხვებისათვის 551-333-155.
სტატიაში მოცემული ყველა მოსაზრება ავტორისეულია, რედაქცია შეიძლება არ იზიარებდეს რომელიმე მათგანს. დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციით.