კურკენა თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, არომატული თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად. სინონიმი: კურკიანი.
წარმოშობა: კახეთი
კურკენას ღვინო ხასიათდება საკმაოდ განვითარებული ჯიშური არომატით და ხალისიანი სიმჟავით. გამოიყენება აგრეთვე სხვა ჯიშებთან ერთად თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
სახელწოდება მიღებული აქვს მარცვალში წიპწების (კურკების) სიმრავლის გამო. კურკენა გავრცელებული იყო თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. ჯიში საშუალო ზრდა-განვითარებისაა.
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ოდნავ ოვალური ფორმისაკენ გადახრილი. ხუთნაკვთიანი, იშვიათად სამნაკვთიანიც გვხვდება. ფოთლის ქვედა მხარე შებუსვა საშუალო სიძლიერისაა.
მტევანი საშუალო ზომისა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, იშვიათად ახასიათებს დატოტვილი მტევნებიც. მტევანი ძირითადად საშუალო სიმკვრივისაა, გვხვდება მეჩხერიც. მარცვალი მომრგვალო ფორმის, მომწვანო-მოყვითალო, ოდნავ მონაცრისფრო იერით. კანი თხელი აქვს, რბილობი რბილი, სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.
სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 137-დან 164 დღემდე მერყეობს. მტევნის წონა 120-250 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-22%-ს, მჟავიანობა 7.3 – 8.0 გ/ლ-ს.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.