ახარდანი – წითელყურძნიანი ვაზის ჯიში

ვაზის, ჯიში, ახარდანი

ახარდანი – სინ.: ხარდანი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია, კარგი ფერის, სასიამოვნო გემოს, სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.

გავრცელება: დასავლეთ საქართველოში (სამეგრელო, აფხაზეთი, იმერეთი) მცირედ გავრცელებული ჯიში.

ფოთოლი ძალიან დიდი ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული, ქვედა მხარეს დაფარულია ხშირი ქეჩისებრი ბუსუსით. ყვავილი ორსქესიანია.

მტევანი საშუალო სიდიდის, კონუსური ფორმის, ფრთიანი და კუმსია, ან ძლიერ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი ფორმის, მუქი ლურჯი ფერით, და დაფარულია ხშირი ნაცრისფერი ცვილოვანი ფიფქით.

აქვს თხელი და არამტკიცე კანი, რომელიც ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი წვნიანია, მეტად სასიამოვნო გემოთი. ვაზი ძლიერი ზრდისაა, რქა სრულად მწიფდება.

საშუალო მოსავლიანია (6-7 ტ/ჰა). სრულ სიმწიფეში ყურძენი 19-20%- მდე შაქარს აგროვებს, 9,0-8,0 გ/დმ3 მჟავიანობით.

ახარდანი, ვაზის, ჯიშიფოტო: ასოციაცია „ქართული ღვინო“ (GWA)

სიმწიფის საშუალო-საგვიანო პერიოდის საღვინე ჯიშებს მიეკუთვნება, ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის პირველ ნახევარში. სოკოვანი დაავადებებისადმი საშუალო გამძლეობისაა. ახარდანისაგან საშუალო ხარისხის სუფრის ღვინოები მიიღება.

თ. კობაიძე, ვაზის ქართული ჯიშების ცნობარი

კრედო ბანკი