საზრდო ნივთიერებების კონცენტრაციის ნორმებს იხვისათვის ადგენენ ასაკის მიხედვით. 1-8 კვირის ასაკის ჭუჭულის ულუფაში ნედლმა უჯრედანამ უნდა შეადგინოს არა უმეტეს 6%-ისა, ხოლო სარემონტო მოზარდის და მოზრდილი იხვისათვის – 7-10%.
ჭუჭულს კვებავენ გრანულირებული კომბინირებული საკვებით. 1-დან 30 კვირის ასაკში გრანულის დიამეტრი უნდა იყოს 2-3 მმ (4 მმ სიგრძის). 21-დღიდან გამოზრდის შემდგომი მთლიანი პერიოდისათვის, გრანულის ზომა დიამეტრის მიხედვით უნდა გადიდდეს 5-6 მმ-მდე და სიგრძით – 8-10 მმ-მდე.
გრანულირებული საკვებით ფრინველის კვების შემთხვევაში, იხვი აუცილებლად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხრეშით. ხრეშის კუნთოვან კუჭში ყოფნის ხანგრძლივობა დაახლოებით 7-10 დღეა.
100 ფრთისათვის ერთი კვირით საკმარისია 1 კგ გრანიტის ფხვნილი ან კვარციტი. პირველი ასაკის ჭუჭულისათვის ხრეშის ნაწილაკების ზომა უნდა იყოს 1-3 მმ, მეორე ასაკის – 4-5 მმ, მოზრდილი ჭუჭულისათვის – 10 მმ-მდე.
ხრეში მუდმივად უნდა იმყოფებოდეს სპეციალურ საკვებურში. მისი უქონლობის შემთხვევაში, იხვის ულუფის საზრდო ნივთიერებების მონელების კოეფიციენტი ეცემა 5-8%-ით.
სამრეწველო მეიხვეობის მეურნეობის პირობებში, როგორც მოზრდილ იხვებს ისე მოზარდს კვებავენ ავტომატური საკვებურიდან სრულფასოვანი საკვებით, რომლებიც იმავდროულად უზრუნველყოფილნი არიან ახალი წყლით და ხრეშით.
ავტორთა ჯგუფი: დ. თოდუა, ა. ჭკუასელი, ა. ჩაგელიშვილი, ნ. მაისურაძე, მ. ცინცაძე /კომბინირებული საკვების დამზადება და შენახვა/.
იხილეთ აგრეთვე: ინდაურის და მისი ჭუკის სრულფასოვანი კვება