გნოლის სადედე გუნდის კვება
გნოლის შენახვა ძირითადად არაპროდუქტიულ პერიოდში ხდება გალია- ვოლიერებში ან ვოლიერებში.
გალია-ვოლიერებში გნოლის შენახვის დროს გალია მიწიდან აწეული უნდა იყოს 60 სმ-ით. ხოლო გვერდებს აკეთებენ მავთულბადით.
გალია-ვოილერის სასურველი ზომებია 0,8X3,0 მ, სიმაღლე 0,5 მ. ასეთ გალია-ვოილერებში შეიძლება ჩაისვას 15-18 ფრთა.
არაპროდუქტიულ პერიოდში უმჯობესია ფრინველი შევინახოთ სქესზე გარჩეული ე.ი. დედლები და მამლები ცალ-ცალკე. გალიის შიგნით იდგმება საკვებურები და საწყურვებლები. კვების ფრონტი 1 ფრთაზე 5-7 სმ-ია, ხოლო დაწყურვების ფრონტი 1,0-1,5 სმ.
ვოლიერის შიგნით დგამენ პატარა ქვიშიან ყუთს, რათა ფრინველმა მიიღოს ქვიშის აბაზანები.
ვოლიერული შენახვის დროს მავთულბადით შემოღობავენ გარკვეულ ფართობს (მაგ. 20X10 მ), რომელთაც თავზე გადაჭიმული აქვთ მავთულბადე. ვოლიერული შენახვის დროს 1 მ2 ფართობზე სვამენ 3-4 ფრთას. ვოლიერებში სასურველია დარგული იქნეს პატარა ბუჩქები.
კვერცხდების პერიოდში ფრინველი შეიძლება მოთავსებული იყოს როგორც გალიებში, ასევე ღრმა საფენზე. გალია პატარა ზომისაა (1,0X0,5X0,5 მ). მასში თავსდება ფრინველი შეფარდებით 1 მამალზე 2 დედალი. გალიები შეიძლება იყოს ერთი, ორი ან სამ იარუსიანი.
ღრმა საფენზე შენახვის დროს შენობას ყოფენ პატარა სექციებად (1,0X1,0 მ). თითოეულ სექციაში თავსდება ფრინველი იგივე შეფარდებით, როგორიცაა გალიური შენახვის დროს.
საშუალოდ ერთი ფრთისაგან იღებენ 20-30 ცალ კვერცხს. უნგრეთის სატყეო მეურნეობის ცალკეულ ფერმებში მიღებული იქნა 40 ცალი კვერცხი, ხოლო საფრანგეთის გარეულ ფრინველთა მოშენების ცენტრში 60 ცალი კვერცხი.
გნოლის კვერცხის მასა 12-15 გრამია. კვერცხი მოყვითალო, მონაცისფრო შეფერილობისაა. აქვს პრიალა ზედაპირი.
კვერცხს საინკუბაციოდ ინახავენ 5-7 დღეს. ინკუბაციის რეჟიმი ისეთივეა რაც ხოხბისათვის. ინკუბაციის შედეგები დიდადაა დამოკიდებული ფრინველის კვებაზე.
გნოლის საკვებად გამოიყენება იგივე საკვები საშუალებები, როგორიცაა ხოხბის იხილეთ ცხრილი
როგორც პროდუქტიულ ისე არაპროდუქტიულ პერიოდში უმჯობესია გამოვიყენოთ დაღერღილი სიმინდი და ხორბალი. წვნიანი საკვებიდან: სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო,მწვანე მასა.
ზრდასრულ გნოლს კვერცხდების პერიოდში ესაჭიროება დღეში 50-55 გრამი საკვები, ხოლო არაპროდუქტიულ პერიოდში 40-45 გრამი. საკვებს აძლევენ დღეში 2-ჯერ დილა-საღამოს.
გნოლის მოზარდის გამოზრდა და კვება
გნოლის მოზარდს ლაპი ჰქვია. გნოლის ლაპების გამოზრდის ორი მეთოდია კრუხთან და ხელოვნური გამოზრდა.
ლაპებს სახორცედ ზრდიან 120 დღემდე. დედლის წონა ამ ასაკში აღწევს 350-380 გრამს, ხოლო მამალის 400-500 გრამს. მოზარდის გამოზრდა ხდება გალიებში, ვოლიერებში და ღრმა საფენზე. გნოლის ლაპები ხასიათდებიან ზრდის მაღალი ტემპით. ერთდღიანი ლაპის წონა 8-9 გრამია. 10 დღის ასაკში მისი წონა შეადგენს 34 გრამს, 40 დღის ასაკში 160 გრამს, ხოლო 120 დღის ასაკში 350-400 გრამს.
მოზარდის კვება ხდება ორი თვის ასაკამდე დღეში 4-5-ჯერ.
2 თვის ასაკიდან გადადის დღეში 2 ჯერად კვებაზე. გნოლის მოზარდის კვების დღიური ნორმა მოცემულია ცხრილში.
მოზარდს ძირითადად ეძლევა მშრალი კომბინირებული საკვები. წვნიანი საკვები უმჯობესია მიეცეს ცალკე შუადღისით. კვირაში ერთხელ საკვებურები უნდა გასუფთავდეს საკვები ნარჩენებისაგან, ხოლო საწყურვებლები ყოველდღე.
წყარო: კომბინირებული საკვების დამზადება და შენახვა.
იხილეთ აგრეთვე: გნოლის რამდენიმე სახეობის დახასიათება