თავიანი ხახვის მოვლა-მოყვანა

ხახვი

ზოგადი ინფორმაცია

ხახვი უძველესი კულტურაა, ადამიანი მას მოიხმარს ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე რამდენიმე საუკუნით ადრე. ხახვის სამშობლო აზიაა, მის გარეულ ფორმებს დღესაც ვხვდებით ავღანეთის, ირანისა და თურქმენეთის მთებში.

ხახვს, მისი შემადგენელი ფიტონციდების წყალობით ბაქტერიოციდული თვისებები აქვს და ორგანიზმს დაავადებათა მიკრობების სეზონური შეტევებისგან იცავს. ეს რკინით მდიდარი პროდუქტი ანემიის პროფილაქტიკისთვის საიმედო საშუალებაა. ხახვში ბევრია კალიუმი, ასკორბინის მჟავა და ასევე სხვა ვიტამინები და მინერალები.

ახლახანს მეცნიერებმა ხახვში აღმოაჩინეს უნიკალური ნივთიერება კვერცეტინი – ანტიოქსიდანტი, რომელიც სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო აქტივობით ხასიათდება. ასევე აღმოჩნდა, რომ ხახვში გაცილებით მეტი ბუნებრივი შაქარია, ვიდრე ტკბილ ვაშლსა და მსხალში – დაახლოებით 14%.

ხახვი შეიცავს A, B და C ჯგუფის ვიტამინებს, ასევე კალციუმს, რკინას, მაგნიუმს, ფტორს, გოგირდს და ფლავონოიდებს. ხახვის სპეციფიკური სუნი და გემო დამოკიდებულია, მასში სურნელოვანი ეთერზეთების არსებობაზე.

თავიანი ხახვის წვენი გამოიყენება რევმატიზმის, უძილობის სამკურნალოდ. ცოცხალი ხახვის „ფაფა“ კარგია გრიპის, დერმატიტის, თმისცვენის, მაზოლებისა და მეჭეჭების სამკურნალოდ და კოღოს ნაკბენის წინააღმდეგ.

გოგირდოვანი მჟავები, რომელიც ხახვში მოიპოვება ხელს უშლის სიხლის შედედებას და არეგულირებს თრომბოციტების მუშაობის პროცესს. ხახვში შემავალი ნივთიერებები დაბლა წევენ სისხლში ქოლესტერინის დონეს და ერითროციტების წარმოქმნას უწყობენ ხელს, შესაბამისად ხახვი გულის დაავადებების ერთ-ერთი პრევენციული საშუალებაა, საჭმელად გამოიყენება ბოლქვი და მწვანე ახალგაზრდა ფოჩი.

საკაზმ–სანელებელია, აუმჯობესებს საჭმელის გემოს და ხელს უწყობს მის უკეთეს მონელებას, რადგან იწვევს კუჭის წვენის დიდი რაოდენობით გამოყოფას. ხახვს ფართო გამოყენება აქვს საკონსერვო წარმოებაშიც.

ხახვის ბოლქვი გარეგანი მშრალი ქერქლების შეფერილობის მიხედვით შეიძლება იყოს:

1. ყვითელი;
2. წითელი;
3. თეთრი;
4. ვარდისფერი.

ხახვის ჯიშები პრაქტიკული თვალსაზრისით შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად:

1. ცხარე;
2. ნახევრად ცხარე;
3. ტკბილი

კულტურის ბიოლოგიური დახასიათება

ხახვი ერთლებნიანი ჯვარედინად დამამტვერავი მრავალწლიანი მცენარეა, პრაქტიკაში ორი ან სამწლიანი კულტურის სახით მოგვყავს, მიეკუთვნება ხახვნაირ მცენარეთა ოჯახს. ხახვი ყინვაგამძლე მცენარეა.

• სასიცოცხლო ციკლი : 2-3 წლიანი;
• სავეგეტაციო პერიოდი 120-180 დღე;
• თესლის გაღივება 3-4°C;
• მცენარის ზრდა 12-16°C;
• ბოლქვის განვითარება 18-25°C;
• ღივი უძლებს –3°C;
• ახალი აღმონაცენი იღუპება -5–6°C;
• ვეღარ ვითარდება 30°C;
• მოსავლიანობა 30-35 ტ/ ჰა-ზე.

საუკეთესო წინამორბედი კულტურები: პარკოსანი, კომბოსტოსნაირები, კიტრი, პომიდორი, მარცვლეული კულტურები. ხახვი თესლბრუნვაში თავის ნაკვეთს უნდა დაუბრუნდეს 3–4 წლის შემდეგ.

ნიადაგის დამუშავება და განოყიერება

ხახვის მოყვანა შეიძლება ყველა ტიპის ნიადაგზე, არის რეაქცია ნეიტრალური pH- 6-7. ნიადაგი უნდა იყოს სარეველებისაგან სუფთა, ნოყიერი და კარგი სტრუქტურის მქონე, სარწყავი. საქონლის გადამწვარი ნაკელი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქის სრული დოზა შეგვაქს შემოდგომით მზრალად ხვნის წინ.

აზოტიანი სასუქი გამოკვებაში: პირველი გამოკვება ფოჩის განვითარების ფაზაში, მეორე გამოკვება ბოლქვის ფორმირების დასაწყისში.

ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით სასურველია NPK სასუქის შეტანა.

ნიადაგის ანალიზის არქონის შემთხვევაში რეკომენდებული ნორმა:

• აზოტიანი სასუქი (N) – 100 კგ/ ჰა- ზე მოქმედი ნივთიერება;
• ფოსფორიანი სასუქი (P ) – 80 კგ / ჰა-ზე მოქმედი ნივთიერება;
• კალიუმიანი სასუქი (K )– 60 კგ/ ჰა-ზე მოქმედი ნივთიერება;
• ორგანული სასუქი-საქონლის გადამწვარი ნაკელი 40 ტ / ჰ-ზე ;
• ნაკვეთის შემოდგომაზე მზრალის მოხვნის სიღრმე 22-25 სმ.

გაზაფხულზე კულტივაცია, ფრეზირება, დაფარცხვა, მოსწორება.

ბაზოების ფორმირება:

• სიგანე-1,0- 1,2მ;
• სიმაღლე -15-20 სმ.

თესლის შერჩევა

ხახვის თესლი შავია, სამწახნაგა, დანაოჭებული,კანი მაგარი ამიტომ მისი გაღივება ხდება ძალიან ნელა, ამიტომ აუცილებელია თესვის მერე ნიადაგის მორწყვა.

• თესლი შეიძინეთ სანდო ადგილზე;
• მოთხოვეთ სერტიფიკატი;
• შეიძინეთ გაუხსნელი, დაფასოებული;
• თესლი დათესვამდე შეინახეთ გრილ, მშრალ, დაავადება- მავნებლებისა და მზის სხივებისგან დაცულ სათავსოში;
• თესლი დამუშავებული უნდა იყოს პესტიციდებით.

თესლის შემოწმება

• დათესვამდე თესლი შეამოწმეთ აღმოცენებაზე;

• პეტრის ჯამზე, ან თეფშზე დააფინეთ ბამბა, ან ფილტრის ქაღალდი, დათესეთ 100-100 ცალი თესლი სამ ნიმუშად და შეინარჩუნეთ საკმარისი ტენიანობა და ტემპერატურა;

• გაღივების შემდეგ დაითვალეთ გაღივებულ მცენარეთა რაოდენობა;

• გამოთვალეთ აღმოცენების პროცენტი;

• დაადგინეთ თესვის საჰექტარო ნორმა;

• დაბალი აღმოცენების შემთხვევაში გაზარდეთ თესვის ნორმა, ან შეიძინეთ უკეთესი ხარისხის თესლი.

ხახვის თესლით თესვისა და ჭილის დარგვის ნორმა

1ჰა-ზე საჭიროა:

• ხახვის თესლი-5-7 კგ;
• ჭილი-250-300 კგ (460 ათასი ცალი).

კვების არე:

• მწკრივში მცენარეთა შორის მანძილი 6-8სმ;
• მწკრივთა შორის მანძილი 20-35 სმ;
• დათესვის სიღრმე გაზაფხულზე 2-3 სმ;
• დათესვის სიღრმე შემოდგომით 3-4 სმ;
• 1მ. სიგანის ბაზოზე 5-6 მწკრივი.

ხახვის თესვა

თესვის წინ აუცილებელია ნიადაგის თესვის წინა დამუშავება: კულტივაცია, ფარცხვა, ფრეზირება ,მოსწორება. ხახვი შეიძლება დაითესოს შემოდგომით და გაზაფხულზე , თესვის ვადის შერჩევა დამოკიდებულია ხახვის მოყვანის, ადგილის კლიმატურ პირობებსა და მიღებული პროდუქციის დანიშნულებაზე.

ხახვი ითესება ხელით მცირე ფართობებზე, ხოლო დიდ ფართობებზე ხახვის პვნევმატური სათესით.

ნათესის მოვლა

• ხახვის ნათესი უნდა იყოს სარეველებისაგან სუფთა, ამისთვის ნათესში ტარდება მარგვლა, გამოხშირვა 2-3ჯერ, თოხნა მწკრივებს შორის 4-5ჯერ და მცენარეთა შორის 2-3ჯერ, მწკრივთა შორის კულტივაცია 2–3ჯერ;

• აუცილებელია ნათესის შეწამვლა მავნებლებისა და დაავადებების საწინააღმდეგოდ პესტიციდებით (ან შესაბამისი ორგანული სასუქით);

• ნათესის გამოკვება აზოტიანი სასუქით;

• მორწყვა 5-6ჯერ.

მოსავლის აღება

• მოსავლის აღება ხდება მაშინ როდესაც ცრუ ღერო გაყვითლდება, გაწვრილდება და ჩაწვება, ხოლო ბოლქვი მიიღებს ჯიშისათვის დამახასიათებელ ფორმასა და ფერს. მოსავლის აღების შეჩერება–გადადება იწვევს ბოლქვზე ახალი ფესვების წარმოქმნას, რაც აქვეითებს მის შენახვისუნარიანობას.

• აღება ხდება მცირე ფართობებზე ხელით, დიდ ფართობებზე ამომთხრელი მანქანით.

შემდგენელი : ელენე მოთიაშვილი– სიჭინავა, ნატო კაკაბაძე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

თქვენი რეკლამა