ბოსტნეული კულტურების უმრავლესობის შემთხვევაში კარგი მოსავლის მიღება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარ გამოყვანილი ნერგების (ჩითილების) მეშვეობით.
ნერგების (ჩითილების) მეთოდის არსი შემდეგია: მცენარე სიცოცხლის პირველ ეტაპზე იზრდება ხელოვნური მიკროკლიმატის პირობებში, მცირე ფართობზე, სადაც მისი კვებისთვის საკმარისი საკვები ნივთიერებები და ტენი უზრუნველყოფილია. მცენარის კვების ფართობი – ესაა ერთი მცენარის მიერ დაკავებული ნიადაგის ზედაპირის ფართობი.
ნერგები გამოყავთ გამთბარ შენობაში (მაგ. ქალაქის ბინაში), სტაციონალურ გამთბარ სათბურში ან სათბურში გათბობის გარეშე, მხოლოდ ორმაგი საფარის ქვეშ. ნერგების გამოსაყვან შენობაში უზრუნველყოფენ განსაზღვრულ ტემპერატურას, ტენიანობასა და განათებას, რაც ხელსაყრელია მცენარის საწყისი განვითარებისა და ზრდისთვის.
ნერგების მეთოდის საშუალებით შესაძლებელი ხდება ბოსტნეულის სწრაფად მოყვანა, ასევე სითბოს მოყვარული და ხანგრძლივი ვეგეტაციური პერიოდის მქონე მცენარეების მოყვანა შედარებით ცივ კლიმატში, რაც მცენარის ხელოვნური მიკროკლიმატის პირობებში ზრდისას მის განვითარებაში შექმნილი აჩქარების მეშვეობით ხერხდება.
მცენარის ზრდისა და განვითარების აჩქარება გამოიხატება იმ დღეების ოდენობით, რამდენიცაა მოსავლის მიღების სხვაობა ნერგების მეთოდით გამოყვანილ და პირდაპირ მუდმივ ადგილას დარგულ მცენარეებს შორის. რაც მეტია მუდმივ ადგილას გადანერგვისას ნერგის ასაკი და ხარისხი, მით მეტია აჩქარება. ნერგების მეთოდი ყველაზე ეფექტურია, როცა მცენარის შემდგომი ზრდა და განვითარება დაცული გრუნტის პირობებში მიმდინარეობს.
ნერგის გამოწრთობა
ნერგის თავდაპირველი ზრდის პირობები, ჩვეულებრივ, მნიშვნელოვნად განსხვავდება ღია ან დახურული გრუნტის პირობებისგან, სადაც მცენარე შემდგომში უნდა გაიზარდოს და განვითარდეს. თუ ნერგს ამ პირობებთან შეუჩვევლად დავრგავთ, ის რთულად გადარჩება, დიდხანს იავადმყოფებს და ფოთლებს დაკარგავს.
ასე რომ არ მოხდეს, საჭიროა ნერგის გამოწრთობა, ანუ ზრდის მუდმივი ადგილის პირობებთან შეჩვევა. ამ მიზნით, ასევე ნერგის ზედმეტად გაზრდის თავიდან ასაცილებლად, მუდმივ ადგილზე გადარგვამდე 10-15 დღით ადრე ნერგების რწყვა იზღუდება, 5-7 დღით ადრე კი მთლიანად წყდება. გარდა ამისა, თბილ ამინდში ნერგები შენობიდან გარეთ გააქვთ, თავიდან მცირე, შემდეგ კი სულ უფრო მეტი ხნით. სათბურში მოყვანისას ნერგებს მეორე საფარს ხდიან და კარებსა და სარკმელებს აღებენ, თანაც არა მხოლოდ დღის საათებში, არამედ თბილ ამინდში ღამითაც.
თუმცა გამოწრთობის პროცესში უნდა გვახსოვდეს, რომ ნულს დაბლა ტემპერატურაზე ახალგაზრდა ნერგები შეიძლება დაზიანდეს ან სულაც დაიღუპოს, ამიტომ მოსალოდნელი ყინვის შემთხვევაში, ნერგები ჩვეულებრივ, თბილ გარემოში უნდა დააბრუნოთ.
კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, ბადრიჯნის, ყაბაყის, გოგრის, პატისონის, ლობიოს, სიმინდის, საზამთროსა და ნესვის ნერგების გამოყვანისას ჰაერის ტემპერატურა +60C-ზე დაბლა არ უნდა დაეცეს, თორემ ეს მცენარის დაღუპვას გამოიწვევს.
მუდმივ ადგილზე გადარგვამდე ერთი კვირით ადრე ნერგებს ფოსფორისა და კალიუმის შემცველ მინერალურ დამატებით საკვებს აძლევენ. მაგ.: სუპერფოსფატსა და ქლოროვან კალიუმს. ამ შემთხვევაში 10 ლ. წყალზე იღებენ 40-50 გრ. სუპერფოსფატსა და 20-30 გრ. ქლოროვან კალიუმს.
გადარგვამდე რამდენიმე საათით ადრე, ნერგები უხვად უნდა მოირწყას. სიცივისადმი გამძლეობის ასამაღლებლად ნერგებს ქლოროვანი კალიუმის ხსნარით რწყავენ. 10 ლ. წყალზე 20-30 გრ. ქლოროვანი კალიუმი.
ნებისმიერი მეთოდით, მაგრამ სწორად გამოყვანილ და საკმარისად გამოწრთობილ ნერგს უნდა ქონდეს დაბალი ღერო, მოკლე მუხლთაშორისი და ბოჭკოვანი ფესვთა სისტემა, მუქი შეფერილობა და არავითარი დაზიანება. გამოწრთობილ ნერგს შაქრების დიდი ოდენობა უგროვდება, ფოთლების ზედაპირზე სქელი ეპიდერმისი წარმოიქმნება და მას ჰაერის ტემპერატურის დაწევა +4-6 გრადუსამდე კარგად გადააქვს.
გადარგვისთვის ნერგის მზადყოფნა მცენარის ფოთლების ოდენობით განისაზღვრება. კიტრის, ყაბაყისა და პატისონის ნერგებს უნდა ქონდეს 3-4 ნამდვილი ფოთოლი, პომიდვრისას – 8-11 ფოთოლი და ყვავილი, ზოგიერთ მცენარეს მცირე ნასკვები, კომბოსტოს ნერგს კი 5-6 ფოთოლი.
ყუთებში, პიკირების გარეშე გამოყვანილი ნერგები ბაღის ნაკვეთზე უშუალოდ ყუთებით მიაქვთ, ხოლო ჭიქებში გამოყვანილი ნერგები მუყაოს კოლოფებში ლაგდება, რათა ტრანსპორტირებისას არ დაზიანდეს.
ზოგჯერ, ამა თუ იმ მიზეზით, ნერგები დასარგავად მიწის გარეშე გადააქვთ. ამ შემთხვევაში მცენარის ფესვები ნიადაგიდან ამოღებისთანავე თიხისა და ნაკელის ნარევში უნდა ჩაიდოს. ფესვებზე შემოხვეული თიხის ფენა მას გამოშრობისგან იცავს, რაც ტრანსპორტირებისას მცენარის უკეთ შენახვას უზრუნველყოფს.
ბოსტნეული კულტურების ნერგები რამდენიმე ხერხით გამოყავთ: სანერგე ყუთებში დათესვა, ჭიქებში დათესვა და პირდაპირ სათბურის კვლებში დათესვა.
პირველი მეთოდის მიხედვით, თესლს პატარა ხის ან პლასტმასას, დაახლოებით 25-30 X 20-25 ზომის და 8-10 სმ. სიმაღლის სანერგე ყუთებში თესავენ. ყუთები თბილ შენობაში ან სათბურში ლაგდება. ასეთ ყუთებში თესლი საკმაოდ მჭიდროდ ითესება – 20-25 ნათესი 100 სმ2-ზე, 2-3 კვირაში, აღმონაცენების გაჩენის შემდეგ, ნერგები, რომლებსაც 2-3 ნამდვილი (არა ჩანასახოვანი) ფოთოლი აქვს, პიკირდება, ანუ გადაირგვება შედარებით ხალვათად, ტორფნეშომპალიან ქოთნებში, საკვებ კუბებში ან ინდივიდუალურ ჭიქებში (ჭურჭელში), რომლებშიც მცენარე რჩება დაცული გრუნტის შენობაში გადარგვამდე.
ნერგების გამოყვანისას პიკირების გამოყენება ადგილის ეკონომიის საშუალებას იძლევა. თანაც შემდგომი ზრდისთვის ყველაზე გამძლე ნერგები შეირჩევა და ისინი საჭირო სიღრმეზე პიკირებით დაითესება.
პიკირებისთვის ყველაზე ძლიერ, კარგად ჩამოყალიბებულ, 2-3 ნამდვილ ფოთლიან მცენარეებს ირჩევენ. დასუსტებული და ზედმეტად გაზრდილი, ასევე დაავადებული ან თესლის გარსმოუშორებელი ნერგები პიკირებისთვის არ გამოდგება და ისინი უნდა გადაიყაროს.
პიკირებისას მოქმედებების მიმდევრობა ნაჩვენებია ქვედა სურათზე. თავიდან თითით ან სანერგე პალოთი პატარა ორმო კეთდება, სადაც ნერგი ჩანასახოვან ფოთლებამდე ეშვება და შემდეგ ფესვებს მიწა ეყრება. პიკირების დროს ფესვების მოკეცვა რეკომენდებული არ არის, რადგან ეს მცენარის შემდგომ ზრდასა და განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს.
მოქმედებების მიმდევრობა ნერგის პიკირებისას
პიკირება უნდა გაკეთდეს საღამოს ან მოღრუბლულ ამინდში, რადგან მზიან ამინდში დარგული ნერგი გარე პირობებს ძნელად ეგუება. მცენარეს ფესვები უკეთ რომ განუვითარდეს, ამისთვის 2-3 დღის განმავლობაში მას მზის პირდაპირი სხივებისგან ქაღალდის ხუფებით იფარავენ.
ნერგის გამოყვანისას მებოსტნის მნიშვნელოვანი ამოცანა პიკირებისა და ჩარგვისას მცენარის ფესვების სისტემის შენარჩუნებაა. ამიტომაც პიკირების დროს ნერგებს აუცილებლად რწყავენ, გადარგვის პროცედურები კი ძალიან ფრთხილად და აკურატულად ტარდება.
თუ მიწის ფართობი საშუალებას იძლევა, თბილ შენობაში ნერგი უმჯობესია მეორე მეთოდით გამოვიყვანოთ და თესლი პიკირების გარეშე, პირდაპირ ტორფნეშომპალიან ქოთნებში, საკვებ კუბებში ან ჭიქებში ჩავთესოთ. რადგან პიკირება, მიუხედავად ზემოთ აღნიშნული უპირატესობისა, ნერგის ზრდას პირდაპირი დათესვის შემთხვევასთან შედარებით აყოვნებს.
ჭიქებში გამოყვანილი ნერგები პირდაპირ, დამატებითი პიკირების გარეშე გადააქვთ მუდმივ ადგილზე. ხანდახან ჭიქაში გაზრდილ ნერგებს ინდივიდუალურ, უფრო დიდ ჭურჭლებში რგავენ და მხოლოდ ამის შემდეგ გადააქვთ მუდმივი ზრდის ადგილზე.
მესამე, ე.წ. უქოთნო მეთოდით, ნერგები გამოყავთ გაუმთბარი სათბურის კვლებში პირდაპირი დათესვის გზით. ამ დროს სითბური რეჟიმის გაუმჯობესებისა და ნათესისთვის ოპტიმალური პირობების შესაქმნელად, მის ყინვისგან დასაცავად სათბურში მეორე აფსკიან საფარს აკეთებენ.
ნერგების ნაწილი შესაძლოა იმავე სათბურში, შემდგომი ზრდისთვის გადარგონ.
ზოგ შემთხვევაში, მცენარეების ნაწილი შემდგომი ზრდისთვის შეიძლება გამოყვანის ადგილზევე დავტოვოთ, სხვა მუდმივ ადგილზე გადარგვის გარეშე. მაგალითად, 4 მეტრი სიგრძისა და 0.9-1 მეტრი სიგანის კვალში 24 მცენარე შეიძლება მუდმივი ზრდისთვის დარჩეს იქვე, ხოლო 72 მცენარე სხვა კვალში გადაირგოს.
ზოგჯერ ნერგები სანერგე ყუთებში, პიკირების გარეშე გამოყავთ. ამ შემთხვევაში თესლები მიწაში ხალვათად იყრება, რათა მცენარეებს კვების საკმარისი საშუალება ქონდეთ, თავისუფლად იზარდონ და განვითარდნენ მთელი პერიოდის განმავლობაში დათესვიდან მუდმივ ადგილზე გადარგვამდე. ნერგების გადარგვისას ყუთში არსებული მიწა ცალკეულ კუბებად იჭრება და მცენარეები ყუთიდან მიწასთან ერთად ამოაქვთ.
ნერგების გამოყვანის პიკირების მეთოდს მხოლოდ იმ მცენარეებისთვის იყენებენ, რომლებსაც გადარგვისას ფესვების დაზიანება საკმაოდ კარგად გადააქვთ. ესაა პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, საშუალო ვადიანი და საგვიანო კომბოსტო, ჭარხალი, პრასი და თავიანი ხახვი, ნიახური, თალგამურა და სხვ.
პიკირების გარეშე გამოყვანის მეთოდი გამოიყენება მცენარეებისთვის, რომელთა ფესვების სისტემაც გადარგვისას დაზიანების შემდეგ ცუდად აღდგება. ასეთია კიტრი, ყაბაყი, პატისონი, საადრეო თეთრი და ფერადი კომბოსტო, სალათის ფურცლები და სხვ.
ნერგების სანერგე ყუთებში გამოყვანის პირველი მეთოდის ძირითადი უპირატესობა ადგილის ეკონომიაა.
ნერგების ჭიქებში გამოყვანისას მცენარის შემგუებლობა მისი მუდმივ ადგილზე გადარგვის შემდეგ გაცილებით მაღალია, ვიდრე პირველი და მეორე მეთოდებს შემთხვევაში, რადგან ფესვების სისტემა გადარგვის დროს უვნებლად რჩება, მცენარეს მთელი ზრდის მანძილზე საკმარისი საკვები ფართობი აქვს და საკვები ნივთიერებებით უკეთესად უზრუნველყოფილია.
ნერგების ჭიქებში გამოყვანა ბოსტნეული კულტურების მოსავლიანობის ზრდას განაპირობებს და ნაყოფის მიღებას სანერგე ყუთებში გამოყვანილ ნერგებთან შედარებით, 2-3 კვირით ადრე უზრუნველყოფს.
ნერგების უქოთნოდ გამოყვანის მეთოდის უპირატესობაა ისაა, რომ ამ შემთხვევაში მცენარის ფესვების სისტემა ნაკლებად ზიანდება, მათი ნაწილი შეიძლება მუდმივ ადგილზე დაუყოვნებლივ დაირგოს. იზოგება ნერგების გამოყვანის ფართობი, განსაკუთრებით სახლის პირობებში, არ არის საჭირო ტრანსპორტირება.
შესაბამისად, რეკომენდებულია ზოგიერთი ბოსტნეულის, კერძოდ პომიდვრის, წიწაკის, ბადრიჯნის ნერგების გამოყვანა პირველი ან მეორე მეთოდით ყუთებში, შემდეგ კი ჭიქებში ან პირდაპირ ჭიქებში, ხოლო კიტრის ნერგების გამოყვანა სასურველია უქოთნო მეთოდით – სათბურში, ორმაგი აფსკიანი საფარის ქვეშ.
ნებისმიერი ბოსტნეული კულტურის ნერგების გამოყვანის პროცესი მოიცავს თესლის ჩაყრას სანერგე ყუთში, ჭიქაში ან სათბურის რიგებში ორმაგი აფსკიანი საფარის ქვეშ, შენობაში საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებას, მორწყვას, დამატებითი საკვების მიწოდებას, განათებასა და გამოწრთობას.
ამასთან ერთად კონკრეტული ბოსტნეული კულტურის ნერგის გამოყვანას თავისი თავისებურება აქვს. ეს თავისებურებები ჩამოთვლილია ქვემოთ და კარგი ნერგების მისაღებად მათი გათვალისწინება აუცილებელია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნერგების გამოყვანა ოპტიმალურ აგროტექნიკურ ვადებში უნდა მოხდეს.
ნერგების ზრდის დროს შენობაში უნდა შენარჩუნდეს ჰაერის განსაზღვრული ტემპერატურა, რაც თითოეული მცენარისთვის განსხვავებულია.
მითითებული ტემპერატურული რეჟიმების შენარჩუნება, განსაკუთრებით სახლის პირობებში, საკმაოდ რთულია. თუმცა ეს რეჟიმები ოპტიმალური მაჩვენებელია – მებოსტნეებმა ის ორიენტირად უნდა გამოიყენონ და მაქსიმალურად ეცადონ მათ დაცვას.
აღმონაცენების ამოსვლიდან პირველი 4-7 დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა ცოტა დაბალი უნდა იყოს, რათა მცენარის ტანი მაინცდამაინც არ გაიზარდოს, ფესვთა სისტემამ კი ზრდა განაგრძოს.
ნერგის გამოყვანისას მცენარე უნდა მოირწყას 28-30 გრადუსი ტემპერატურის თბილი წყლით 4-7 დღეში ერთხელ. მორწყვა სასურველია დილაობით.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხშირი მორწყვისას და არასაკმარისი სინათლის პირობებში მცენარე ზედმეტად იზრდება. ზოგჯერ ნერგის გამოყვანის დროის შესამცირებლად მცენარეს უფრო ხშირად რწყავენ (ყოველდღე, მზიან ამინდში კი დილას და საღამოს).
აღმონაცენის გაჩენიდან ან პიკირებიდან 7-8 დღის შემდეგ ნერგებს პირველი დამატებითი საკვების სახით მინერალური სასუქი უნდა მიეწოდოს. კიტრის, პომიდვრის, წიწაკისა და ბადრიჯნის ნერგებისთვის 10 ლ. წყალში ხსნიან 5-10 გრ. ამიაკის გვარჯილას, 35-40 გრ. სუპერფოსფატს და 15-20 ქლოროვან კალიუმს, კომბოსტოსთვის კი ეს სასუქები საჭიროა: 15-20, 30-40 და 10-12 გრ., შესაბამისად.
პირველი განოყივრებიდან 10-12 დღეში ნერგების მიწას მეორედ ანოყივრებენ და ზემოთ აღნიშნულ სასუქებს ორჯერ მეტი ოდენობით იღებენ. ნერგების განოყივრებისას 10 ლიტრ ხსნარს დაახლოებით 1.5-2 მ2 საკვებ ფართობზე იყენებენ. ნერგების გამოყვანის მთელი პერიოდის განმავლობაში შენობა ნახშირმჟავა გაზების ზედმეტობის აღმოსაფხვრელად მუდმივად უნდა ნიავდებოდეს.
შენობაში სინათლის ნაკლებობისას შეიძლება ის ლუმინისცენციული ნათურებით გაანათოთ, განათება და მზისგან დაცვა სათბურებში~ განყოფილებაში მოყვანილი რეკომენდაციების თანახმად.
თუ ნერგების გამოყვანისას ხელოვნური განათება არ გამოიყენება, სანერგე ყუთები და ჭიქები ყოველდღიურად უნდა მოატრიალოთ მეორე მხარით ფანჯრისკენ ან დაუდგათ სარკე ან რაიმე სხვა ამრეკლავი ზედაპირი, რათა ნერგები ერთი მიმართულებით არ გაიზარდოს.
პომიდვრის, წიწაკის, ბადრიჯნისა და სხვა კულტურების ნერგების გამოყვანისას მცენარის ფესვების სისტემის დაცვა შესაძლებელია ნერგის ირგვლივ მიწის ორჯერადი ჩაჭრით. პირველად მიწა უნდა ჩაიჭრას ბასრი ნიჩბით ურთიერთპერპენდიკულარული მიმართულებით ნერგის სიგრძესა და სიგანეზე 2-3 ნამდვილი ფოთლის ფაზაში, მეორედ კი ნერგის მუდმივ ადგილზე გადარგვამდე 5-7 დღით ადრე. ამ ოპერაციების შედეგად მცენარეს ფესვების კომპაქტური სისტემა უყალიბდება, რომელიც გადარგვისას ნაკლებად ზიანდება.
კიტრის, ყაბაყის, პატისონისა და სხვა ისეთი მცენარეების შემთხვევაში, რომელთა ფესვების სისტემა აღდგენას ძნელად ექვემდებარება, ჩაჭრის ოპერაციას არ მიმართავენ, რათა ფესვები ზედმეტი დაზიანებისგან დაიცვან.
განთავსებული იყო meurne.sknews.ge-ზე, რედაქტირება „აგროკავკასია“
Be the first to comment